,,ხალხის პარტიის” ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძე იმ პრობლემებზე ალაპარაკდა, რომელიც ვიზალიბერალიზაციამ ევროპაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს მოუტანა.
 ალექსანდრე კობაიძე: 
 _ ევროპის კარი გაიხსნა და საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, 30 თვის განმავლობაში, შენგენის ზონის ქვეყნებში, როცა მოესურვებათ მაშინ ჩავიდნენ. თუმცა ვიზალიბერალიზაციას გარკვეული პრობლემებიც მოჰყვა.
_ რას გულისხმობთ?
_ ევროპაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ, ამანათების გაგზავნა და წინათ ამის გამო შეფერხება არ ჰქონიათ. ახლა მათ მიერ გამოგზავნილი ამანათების დიდი ნაწილი აღარ ჩამოდის საქართველოში და უკან უბრუნდებათ. რის გამო ხდება ეს შეფერხებები, გაუგებარია. საგარეო საქმეთა სამინისტომ გააკეთა განცხადება და ტექნიკურ გაუმართაობას დააბრალა ყველაფერი. ხალხს დაპირდნენ, რომ ამ პრობლემას მალე აღმოფხვრიან და ვნახოთ, რას გააკეთებენ. ევროპიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ 5 წლის შემდეგ აქვთ უკან დაბრუნების უფლება. გარდა ამისა, მისგან 3 ათასი ევროს გადახდას ითხოვს ის ქვეყანა, საიდანაც დეპორტაცია გაუკეთეს, მაგრამ ეს ფული ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა ამოიღოს დეპორტირებულისგან და გაუგზავნოს. მე ვფიქრობ, ეს არის “კვაზი” შეთანხმება. შეიძლება ჩვენი ქვეყანა ევროპულ ქვეყნებს ამას პატივისცემისა და მადლობის ნიშნად უკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ საკუთარ მოქალაქეებს სწირავს და შეურაცხყოფს. სახელისუფლებო კულუარებში ლაპარაკობენ, თითქოს ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, თუ დამსჯელი ღონისძიებები არ გატარდა, ვერ გამოვსწორდებით. სერბეთში, მოლდოვაში, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ კაბალური პირობების გარეშე მიიღეს ვიზალიბერალიზაცია.
_ კიდევ რა პრობლემები გაუჩნდათ ემიგრანტებს?
_ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია ევროპაში იმყოფებიან, იქ თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ. მათი დიდი ნაწილი მოაწყდება საქართველოს, სადაც შიმშილი და უმუშევრობაა. წამოიდგინეთ, რა მდგომარეობა შეიქმნება. ისრაელში მყოფი ჩვენი თანამემამულეებიც ცუდ მდგომარეობაში არიან. ამ ქვეყნის საზღვარზე ჩვენს ხალხს არ უშვებენ და ეუბნებიან, აქედან სხვა ქვეყანაში გადადიხართო. ებრაელი ერი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რომ ჩამოდიოდნენ და ცხოვრობდნენ, ვინმე რაიმეს ეუბნებოდა?! მათი მიდგომაც არის გაუგებარი. ეს არ არის მეგობრობა. ვიზალიბერალიზაციამ ამ გადასახედიდან ჩვენი მოქალაქეები დააზარალა. ის, ვინც ევროპაში გასართობად, სამოგზაუროდ ან დასასვენებლად მიდიოდა, ის ისედაც წავა, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ და ლუკმა-პურის მოსაპოვებლად იყვნენ წასულნი, უფრო გაურთულეს მდგომარეობა.
  _ რატომ გაურთულეს, მათ ხომ ვიზა აღარ სჭირდებათ? თვითმფრინავის ბილეთიც იაფი ღირს და ეს გართულებაა?
 _ ვიზალიბერალიზაციის ისტორიული აქტი, თავის მხრივ არის ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები რომლებიც იქ იმყოფებიან, არ არიან დაცულები, რაც ჩვენი სახელმწიფოს მოსაგვარებელია. აქედან ოჯახის სარჩენად წასულ ადამიანს რომ დეპორტით გამოუშვებენ და შენც სასიკეთოს არაფერს სთავაზობ, ასე ხომ არ შეიძლება?! ამიტომ მოვიფიქრეთ, ევროპის ქვეყნებიდან დეპორტირებულ მოქალაქეებს შევთავაზოთ უფასო დახმარება. შეიძლება პარტიაშიც დავასაქმოთ. შემდეგ, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, მათ სხვა მხრივაც შევუწყობთ ხელს. მათ ასევე ვთავაზობთ უფასო იურიდიულ დახმარებას. ვასწავლით, როგორ უნდა გადაურჩნენ იმ კაბალურ გადასახადს, რომელიც ევროპის ქვეყნებმა ჩვენს ემიგრანტებს საქართველოს ხელისუფლების თანხმობით დაუწესეს. საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, არ შეიძლება ნებისმიერი ვალის გამო სახელმწიფომ, საკუთარ მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნას. იმ შემთხვევაში კი, თუ ემიგრანტი 3 ათას ევროს ვერ გადაიხდიან, უკვე პრობლემა ექმნებათ. ანუ ჩვენი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეს წირავს სხვა ქვეყნისგან სასჯელი რომ მიიღოს. ეს არ არის დემოკრატული და ცივილური მიდგომა. სახელმწიფო ყველგან უნდა იცავდეს საკუთარ მოქალაქეს, რაც  ჩვენს შემთხვევაში ასე არ ხდება.
მინდა, თქვენი საინფორმაციო სააგეტოს მეშვეობით მოვუწოდო ხელისუფლებას, იმუშაოს ამ კუთხით სიღრმისეულად. ევროპაში მცხოვრებმა ადამიანებმა კი მოგვმართონ პრობლემებზე და ჩვენ დავეხმარებით. მობრძანდნენ ჩვენს ოფისში, რომელიც მდებარეობს ივანე ჯავახიშვილის #73-ში ან დაგვირეკეთ 557019090.
კვირიკაშვილი დიდი ხანია გვიმტკიცებს, რომ აამუშავებენ ფაბრიკა-ქარხნებს, დაასაქმებენ ხალხს, მაგრამ საქმის გაკეთების დრო ეტყობა ჯერ კიდევ არ დამდგარა. ხალხი ნიჰილიზმშია ჩავადნილი და ამას ვერ ხედავს ხელისუფლება, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას. ჩვენ არ გავურბივართ მას. ,,ხალხის პარტია“ უკვე იღებს პასუხიმგებლობას ამ ხალხზე, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ კი, დახმარებას და თანადგომას გავაათმაგებთ.
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი