ადვოკატმა ზურაბ თოდუამ საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს საჩივარი გაუგზავნა:

,,საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს
                საჩივარი
(ბრალდებულ შ. პაკელიანის ს/ს საქმეზე #004230317011 დაცვის უფლებების დარღვევის შესახებ)
ფაქტების აღწერა:
1. 2017 წლის 10 აპრილს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას მივმართე შუამდგომლობით ბრალდებულ შოთა პაკელიანის საქმეზე დაცვის მიერ მოპოვებული კომპიუტერული ინფორმაციის (მტკიცებულებების) დაკანონების მოთხოვნით.
2. 2017 წლის 11 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ე. გოგუაძე) უარი განაცხადა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. განჩინებაში მიუთითა, (ციტატა) “დაცვის მხარე მოკლებულია შესაძლებლობას ამგვარი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება”.
3. 2017 წლის 14 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მივმართე სათანადო საჩივრით, რომლითაც მოვითხოვე მოსამართლე ე. გოგუაძის განჩინების გაუქმება.
4. 2017 წლის 20 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და მის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ (ციტატა) “დაცვის მხარეს არ ჰქონდა უფლება სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩაეტარებინა ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩასატარებლად საჭიროა ასეთი ნებართვა”.
ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზი
საკითხისადმი ზემოაღწერილი მიდგომა ეწინააღმდეგება ქვეყნის შიდა საკანონმდებლო ბაზას, მათ შორის ქვეყნის კონსტიტუციას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებას (საქმე #1/1650.699 “საქართველოს მოქალაქეები ნადია ხუციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”) და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებულ სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო უფლებას, რამეთუ ასეთი მტკიცებულებების დაუშვებლობის შემთხვევაში (ინტერესის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოგიდგინოთ შუამდგომლობით მოთხოვნილი მტკიცებულებები. ზ. თ.) პირის მიმართ უკვე დარღვეული იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო უფლება, რამეთუ სასამართლო იძულებულია იმსჯელოს მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებუულებების საფუძველზე.
ზემოთქმული მოსაზრების საფუძველს მაძლევს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლები:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარანტირებული გარემოებები
მუხლი 9 . მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა
1. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
მუხლი 25. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა და მხარეთა თანასწორობა
1. სასამართლო ვალდებულია მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.

38. ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი

7. ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით;
მუხლი 39. ბრალდებულის უფლება მოიპოვოს მტკიცებულება

1. ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
2. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა ბრალდების მხარისათვის ცნობილი არ გახდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება.
მუხლი 111. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ზოგადი წესი

1. მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები. მხარეები საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს იგივე პირი, რომელიც მოცემული საქმის გამოძიებას აწარმოებს. გამომძიებელი უნდა შეარჩიოს საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელმა და მისი ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები დაცვის მხარეს უნდა ეცნობოს შუამდგომლობით მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე. ამ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ბრალდებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებითაც დადასტურდება მის მიერ ამ ხარჯების ანაზღაურების შეუძლებლობა. დაცვის მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს თავისი მოთხოვნით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები
მუხლი 40.3
დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

მუხლი 42
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
3. დაცვის უფლება გარანტირებულია.

მუხლი 85
3. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები

მუხლი 6. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება
1. სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

ამდენად, აშკარაა, რომ ირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი, რითაც თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიები წინააღმდეგობაში მივიდნენ ქვეყნის კონსტიტუციის 85.3, საპროცესო კანონმდებლობის 9 და 39 მუხლებთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6-ე მუხლთან.

სსსკ 39.2 25 და 111-ე მუხლები, დაცვის მხარეს უფლებას აძლევს ზემოაღწერილ კონკრეტულ შემთხევვაში მიმართოს სასამართლოს ბრალდებულის უდანაშაულობის მამტკიცებელი მტკიცებულების მოსაპოვებლად და სასამართლო ვალდებულია დაეხმაროს მხარეს ასეთი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და დასამაგრებლად.

3.5. ევროპული სასამართლო პრაქტიკით, მხარეთა თანასწორუფლებიანობა გულისხმობს მხარეთა შეუზღუდავობას მტკიცებულებათა წარმოდგენისას.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია პირდაპირ არ განსაზღვრავს წესებს მტკიცებულებებთან მიმართებაში. უშუალოდ ეროვნული ორგანოების კომპეტენციად განიხილავს მტკიცებულებათა მოპოვების, წარდგენისა და შეფასების წესების დადგენას. მაგრამ ეროვნული ორგანოებისადმი მინიჭებული ეს უფლება არავითარ შემთხვევაში არ განიხილება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური უფლების დარღვევის ხარჯზე.

მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევით წარმოებული საქმე, შესაძლოა, მიჩნეულ იქნას როგორც კონვენციის 6-ე მუხლის დარღვევით წარმოებული მხოლოდ ამ კომპონენტითაც კი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე Aლეკსეყენკო ვ. ღუსსია 2009 (74266) $ 61. Bალუტ ვ. Aუსტრია 1996 (59/1994/506/558 $$ 44-49 შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევად მიიჩნია პროკურორის მოქმედება, როდესაც მან არ შეატყობინა მხარეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. იმის გამო, რომ საჩივრის ავტორს არ გადაეცა ასეთი შინაარსის დოკუმენტი, ევროპულმა სასამართლო დადგენილად მიიჩნია კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევა.
პატივსადები სასამართლოს ზემაღნიშნული პრეცედენტული გადაწყვეტილების შედარება იმ შედეგთან, რაც შეიძლება მოყვეს შოთა პაკელიანის უდანაშაულობის, მის მიმართ, გამოყენებული არაპროპორციული ძალის, რეპრესიისა და სხვა უკანონობების შედეგებით გამოწვეულ შედეგებს, წარმოდგენა ადვილია.

3.6. მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების დარღვევად მიიჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული რიგი მუხლები (136.1 და 136.4) და მის, 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაში #1/1650.699 “საქართველოს მოქალაქეები ნადია ხუციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” აღნიშნა შემდეგი:
“საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმით დეკლარირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, არამედ მოიცავს სასამართლო განხილვასთან დაკავშირებულ არაერთ საპროცესო გარანტიას. „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად – ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს“.

“სისხლის სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობა გულისხმობს პირველ რიგში მხარის უფლებას იყოს მოსმენილი და ასევე-სამართალწარმოების წარმართვას დაცვის, ბრალდების და მართლმსაჯულების განხორციელების ფუნქციათა მკაფიო გამიჯნვის პრობებში, სადაც სასამართლო ასრულებს მედიატორის როლს, შეზღუდულია მხარეთა მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შეფასებით და მისი შინაარსობრივი ჩართულობა საქმის გარემოებების გამორკვევაში მინიმალიზებულია. შეჯიბრებითობა უზრუნველყოფს ორივე მხარის შესაძლებლობას მოიპოვოს და წარმოადგინოს საკუთარი მტკიცებულებები; უფლებას გამოიკვლიოს და საკუთარი მოსაზრება გამოთქვას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე იმისდამიუხედავად აღნიშნული ეხება ფაქტების დადგენას, სამართლებრივ არგუმენტს, საქმის არსებით გარემოებებს თუ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს. შესაბამისად, შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადექვატური და რეალური შესაძლებლობა, რაც პირველ რიგში გულისხმობს როგორც უფლებას ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა-გაბათილებაზე, ასევე ამავე მიზნით უფლებას მტკიცებულების მოპოვებაზე”.
“საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით და გამოიყენონ ისინი საიმისოდ, რათა წარადგინონ მათი პოზიციების სასარგებლო არგუმენტები. იმავდროულად, ამ პრინციპის უმთავრესი მიზანი არის სწორი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა და ამ მიზნისთვის ეს პრინციპი ეყრდნობა ორივე მხარის მიერ არგუმენტების თავისუფლად წარდგენის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლი 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/8/594 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 27). იმ პირობებში როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს ე.წ. ლეგალურ სუბსიდიარულ აქტივობას, მხარეს უნდა ჰქონდეს საქმისწარმოებაზე სამართლებრივი გავლენის მოხდენის, მტკიცებულების იმ პირობებში მოპოვება-წარდგენის და საკუთარი ინტერესების დაცვის გონივრული შესაძლებლობა, რომელიც არ აყენებს მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში”.
გარემოებები, რისი დადასტურებაც იქნებოდა შესაძლებელი მოთხოვნილი მტკიცებულებების დაკანონების შემთხვევაში:

1. დაკავებულ შოთა პაკელიანს დაკავების ადგილზე არ განუმარტეს უფლებები, არ გააცვნეს დაკავების მიზეზები, ადგილზე არავის არ შეუდგენია ჩხრეკისა და დაკავების ოქმი, არც რაიმე უკანონო ნივთი აღმოუჩენიათ მისთვის;
2. ბრალდების მიერ საქმეში წარმოდგენილი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი შედგენილია არა დაკავებისთანავე, არამედ დაკავებიდან 17 საათის გასვლის შემდეგ;
3. დაკავებლის მიმართ, პოლიციის შენობაში განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება და ღირსების შემლახავი მოპყრობა;
4. დაკავებულის სახეზე არსებული დაზიანებების შესახებ დაკავებულის ახლობლებისაგან დასმულ კითხვაზე პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იძლევა დირექტივას, რომ პოლიციელებმა უნდა თქვან, რომ დაზიანებები დაკავებულმა მიიღო დაკავებისას;
5. დაკავებულისადმი არ იქნა აღმოჩენილი სათანადო სამედიცინო დახმარება (იგი მოითხოვდა ამორეცხვას, აცხადებდა, რომ გადაყლაპა ე/წ ბიო. მით უფრო, დამკავებელი პოლიციელები თავთავიანთ ჩვენებებში აცხადებენ, რომ მათ დაინახეს, როდესაც გარბოდა ბრალდებული, თუ როგორ ამოიღო ჯიბიდან მან რაღაც და გადაყლაპა (ამ დროს, ოპერატიული ინფორმაციით, მათ იცოდნენ, რომ ეს “რაღაც” სწორედ რომ იყო “ბიო”).

P.შ. მიმაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილით დათარიღებული გადაწყვეტილების მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ თურმე დაცვას არ გააჩნია უფლება ფარულად ჩაწეროს გამომძიებელი, თუნდაც რომ იგი არღვევდეს კანონს, დაცვამ არ უნდა აიღოს ხელშიც კი ვიდეოფაილები, თუ მასზე აღწერილია პოლიციელების მიერ წამების, ღირსების შემლახავი ფაქტებისა და სხვა უკანონობების ამსახველი მტკიცებულებები. ან, წინასწარ უნდა მიმართოს პატივდასადებ სასამართლოს და აიღოს ნებართვა მისგან ისეთი გარემოების შესახებ, როგორიცაა: “მე რამდენიმე საათში ვაპირებ დავურეკო საქმის გამომძიებელს, რომელსაც უნდა ველაპარაკო საქმეზე და გთხოვთ დამრთოთ ნება ჩავიწერო ეს საუბარი, რამეთუ იმ საუბარში შესაძლებელია გამომძიებელმა რაიმე ისეთი მითხრას, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წაადგება მისი უდანაშაუულობის სამტკიცებლად”. ან კიდევ, წინასწარ უნდა ავიღო ნებართვა სასამართლოსაგან, თუ ჩემ მიერ გამოკითხულმა პირმა განმიცხადა, რომ მის მიერ გადაღებულია პოლიციელების მიერ ჩადენილი უკანონობები და მოვითხოვო ნებართვა სასამართლოსაგან დავათვალიერო ფირი და გამოვიყენო უდანაშაულო ადამიანის დასაცავად.
სრული უგნურობაა, მოითხოვო დაცვისაგან დასახელებული შუამდგომლობების დაყენებისას სამართლებრივი ნორმა (მოსამართლე ე. გოგუაძის ხედვა), რომელიც საფუძველს აძლევს დაცვას მსგავსი შუამდგომლობის დაყენებაზე. (სამართლებრივი უგნურობა მდგომარეობს შემდეგში: გონივრულ, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპების დამცველ მოსამართლეს უნდა ეხელმძღვანელა მხოლოდ იმ ნორმებით, რომლის საფუძველზეც იგი დღეში 20-30-ჯერ აკმაყოფილებს გამომძიებლის მიერ მიტანილ მსგავს შუამდგომლობას.
მოთხოვნა
ვფიქრობ, წინამდებარე საჩივარში ასახული ფაქტობრივი გარემოებები არა მარტო შოთა პაკელიანის მიმართ უფლებების დარღვევააა, არამედ იგი უფრო გლობალურია, დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დროინდელი დაცვის უუფლებობის დაკანონებაა და დროულად საჭიროებს სათანადო ჩარევას ომბუდმენის მხრიდან.
(გთხოვთ უმოკლეს დროში განიხილოთ წინამდებარე საჩივარი, რამეთუ ვაპირებ დაცვის ზემოაღწერილ სრულ უუფლებობაზე ევროპულ სასამართლოსადმი მიმართვას).
პატივისცემით,
ზურაბ თოდუა”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი