აუდიოჩანაწერი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, 2-3 საათის წინ გავაკეთე, როცა მე, ჟურნალისტს, „ევრონიუს ჰოლდინგის“ დამფუძნებელსა და რედაქტორს, ნელი ვარდიაშვილს დამირეკა ქალმა, რომელიც რუსთავი 2-ის გადაცემის „პროფილი“-ს პროდუსერად, ქეთი ლომსაძედ გამეცნო. ჩემს მიმართ დაუმსახურებელი ლანძღვისა და მუქარის შემდეგ მან ტელეფონი გათიშა.

სანამ აუდიოჩანაწერს გამოვაქვეყნებ მინდა, ყველას გასაგონად განვაცხადო, სატელეფონო საუბრის დროს ვერ მივხვდი, ეს ქალი რომელი სტატიის გამო იყო გაცხარებული, ვინაიდან,  ვინც ჩემს პროფაილს გადახედავს, ან „ევრონიუს ჰოლდინგი“-ს საიტებს (euronews.ge; timepress.net; sufra.ge;) „გაჩხრიკავს“  რუსთავი 2-ის ტელეწამყვანი მაია ასათიანისა და მისი გარდაცვლილი შვილის მიმართ მწუხარებისა და თანაგრძნობის მეტს იქ ვერაფერს ნახავს.  როგორც ჩანს, ამ ქალბატონს ადრესატი აერია ან მიზანმიმართულ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რომელიც ამჯერად თავიდან ავიცილე და ვიღაც პროდუსერის „გადმოგდებულ ანკესს“ არ წამოვეგე. ვაქვეყნებ რუსთავი 2-ის გადაცემა „პროფილი“-ს პროდუსერის, ქეთი ლომსაძის მიერ ჩემთან განხორციელებულ სატელეფონო ჩანაწერს. მინდა, ეს ჩანაწერი მოისმინოს საზოგადოებამ და თავად შეაფასოს იგი ( მით უფრო, რომ ლომსაძე ამის „ნებას მრთავს“), ასევე სამართალდამცავმა უწყებებმაც (მე მათ აუცილებლად წარვუდგენ ჩანაწერის დედანს) და მიიღონ შესაბამისი ზომები, ჩემთვის უცნობი ქალის, სავარაუდოდ, რუსთავი 2-ის პროდუსერის მუქარაზე.

 

ახლა კი მინდა, მივმართო ნიკა გვარამიას. თუ ეს ქალი მართლაც არის თქვენი პროდუსერი და ასე მეტყველებს, აფერუმ თქვენ!

თუ ეს ქალი არის საერთოდ პროდუსერი და სანამ სალანძღავ სიტყვებს ამოთქვამს მანამდე არ არკვევს მტყუან-მართალს, აფერუმ თქვენს ტელევიზიას!

თუ ეს ქალი ნამდვილად არის რუსთავი 2-ელი „ძველბიჭი“, რომელიც გაუაზრებლად და დაუმსახურებლად ადამიანს უწოდებს ცხოველს, აფერუმ თქვენს კოლექტივს!

თუ ეს ქალბატონი არის საერთოდ ქალი, აფერუმ მის მშობლებს ასეთი ბილწმოუბარის გაზრდისთვის!

და ბოლოს, ბატონო ნიკა, თუ ეს ავყია, საქმის არმცოდნე და „თანამდებობისთვის შეუფერებელი“ პროდუსერი მართლაც არის თქვენი თანამშრომელი და მას აქვს უფლება, ტელეკომპანიის სახელით დარეკოს და ბილწი სიტყვებით ლანძღოს ადამიანები დაუმსახურებლად, მაშინ, სასამართლოებში სირბილსა და აქციების მოწყობას გირჩევნიათ, ჯერ საკუთარ ტელევიზიას მიხედოთ, რადგან თავისუფალი სიტყვის მაძიებელნი ასე არ მეტყველებენ!

მინდა გითხრათ, რომ ის წერილი, რომელმაც ეს ქალი აღაშფოთა და რის გამოც  მან შეცდომით გამლანძრა, დამემუქრა და ათასი მყრალი სიტყვა ამოუშვა პირიდან, მე ნამდვილად არ დამიწერია, არც გამომიქვეყნებია და არც ვიცი ამ სტატიის შინაარსი. ასე, რომ თქვენს თანამშრომლებს პირველ რიგში ასწავლეთ სიმართლის დადგენა, მტყუან-მართლის გარჩევა და მერე გაუშვით ხოლმე საზოგადოებასთან „სანადიროდ“ უცენზურო სიტყვებით შეიარაღებულნი!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი