3 მარტს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დაფუძნებიდან 4 წლის იუბილე, სადაც წარმოდგენილი იყო ფონდის 4-წლიანი მუშაობის ანგარიში. საიუბილეო ღონისძიება გახსნა ფონდის საპატიო თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ; გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ფონდის დამფუძნებლებმა, ზაქარია ქუცნაშვილმა და ანზორ თოთაძემ. ორგანიზაციას იუბილე მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა, პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა, ხელოვნების მუშაკებმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა.
გაწეული მუშაობის ანგარიშში ძირითადი აქცენტები იქნა გაკეთებული ფონდის მიერ მომზადებულ სამთავრობო და საკანონმდებლო წინადადებებზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული 11 დემოგრაფიული ინიციატივიდან 7 დემოგრაფიულ აღორძინების ფონდში შემუშავდა. ასევე, ფონდი აქტიურად იყო ჩართული დაბერების პოლიტიკის დოკუმენტის და საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის მომზადებაში, რომელიც პარლამენტში გავიდა დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით. ანზორ თოთაძის ავტორობით ფონდს გამოცემული აქვს 8 წიგნი საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ; ჩატარებული აქვს დემოგრაფიული კვლევები აფხაზური და ებრაული გენოფონდის, ერის დაბერების დინამიკის შესახებ საქართველოში. ასევე, ახალგაზრდული კვლევები, რის საფუძველზეც შემუშავდა ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები.
4 წლის მანძილზე ფონდს ჩატარებული აქვს 27 დიდი ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით: კონფერენციები; რეგიონალური შეხვედრები მოსახლეობასთან; თემატური შეხვედრები მრავალშვილიან ოჯახებთან და მარტოხელა დედებთან; განათლების და მიგრაციის საკითხებზე ფონდმა გამართა რამდენიმე სადისკუსიო შეხვედრა უნივერსიტეტებთან და სხვა ორგანიზაციებთან; ჩაატარა ფართო მასშტაბიანი კულტურული ღონისძიებები; ფონდი თავდაპირველად, რამდენიმე თვის მანძილზე ეწეოდა ქველმოქმედებას და მრავალშვილიან დედებს უფინანსებდა მშობიარობის ხარჯებს, ასევე, საერთაშორისო ფონდთან ერთად, მზრუნველობა მოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადასცემდა საჩუქრებს. ფონდი გამოსცემს მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის გაზეთს – „საქართველოს დემოგრაფია“, რომელიც ვრცელდება მთელს ქვეყანაში. დემოგრაფიული აღორძინების ფონდს გაფორმებული აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე უნივერსიტეტთან, მედია-საშუალებებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან.
ღონისძიების ბოლოს, დიმიტრი ხუნდაძემ ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადასცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელს ვახტანგ ყოლბაიას, დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტს ვაჟა ლორთქიფანიძეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს ვახტანგ წივწივაძეს, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებას, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „რუსთავს“. საიუბილეო ღონისძიებაზე დემოგრაფიული აღორძინების ფონდმა კიდევ ერთი მემორანდუმი გააფორმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან.
ღონისძიების ბოლოს ფონდის ხელმძღვანელებმა საზოგადოებას გააცნეს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი პროექტები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი