დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისი მდივანი:  

    _საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდა ადვოკატებს, ვინაიდან, ამ პროფესიაში დამკვიდრება, იოლი საქმე არ არის. როცა საადვოკატო პრაქტიკას ვიწყებდით, ჩვენც გვქონდა გარკვეული დაბრკოლებები და შესაბამისად, ვიცნობთ იმ პრობლემებს, რომლებიც, შეიძლება, დამწყებ ადვოკატს შეხვდეს, ამიტომ პერმანენტულად ვაწყობთ ახალგაზრდა ადვოკატებთან შეხვედრებს. გვაქვს სპეციალური პროგრამები და პროექტები, რათა ისინი გავაძლიეროთ იმ მიმართულებებით, რომლებიც მათ გამოადგებათ საწყის ეტაპზე კლიენტთან ურთიერთობაში, მასთან მიმოწერში, სასამართლოსთან ურთიერთობაში, დოკუმენტების გაცვლაში და ა.შ. მათ ვაცნობიერებთ პროფესიის არსში, თუ რას ნიშნავს იყო ადვოკატი და განახორციელო ადამიანის სამართლებრივი დაცვა.
 ასოციაციაში ტარდება მასტერკლასები და გამოცდილი ადვოკატები ახალბედებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ესაუბრებიან. მასტერკლასები ტარდება თემატური მიმართულებებით. ახლა ვგეგმავთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გამოცდილების მქონე ადვოკატები ჩაატარებენ მასტერკლასებს დამწყები ადვოკატებისთვის.

  _ ამბობენ, რომ ადვოკატთა გამოცდები, რომელიც ამ საქმიანობაში შემოსვლისთვის ტარდება, ძალიან გართულდა, ასეა?

 _ გამოცდები არ გართულებულა. ეს სისტემა დაიხვეწა და უფრო თანამედროვე გახდა. წინათ, იყო ნაბეჭდი ტესტები, რომელიც შესაბამისი პასუხებით წინასწარ ქვეყნდებოდა. ამგავრი ტესტები, სიმართლე რომ გითხრათ, რეალურად არ ასახავდა აპლიკანტის ცოდნასა და იურიდიულ განათლებას. რეალურად, ეს იყო ტექსტების ზეპირად დამახსოვრების გამოცდა და ვისაც შეეძლო დაზეპირება, მისთვის იოლი იყო გამოცდის ჩაბარებაც. ამჟამად, პასუხებს აღარ ვაქვეყნებთ და გამოცდა მიმდინარეობს კომპიუტერის გამოყენებით, ანუ იგი ტარდება ელექტრონულად და პროგრამა ბაზიდან თავად არჩევს ტესტებს კონკრეტული კანდიდატისათვის. აპლიკანტი სამუშაოს დასრულებისთანავე იღებს შედეგს. 100-დან 75 ტესტის პასუხის წარმატებით გაცემის შემთხვევაში, გამოცდა ითვლება ჩაბარებულად. ვფიქრობ, რომ ეს არის ფორმატის გაუმჯობესება, ევროსტანდარტებამდე მიყვანა და არა გართულება. მათთვის, ვინც კანონმდებლობა იცის და მომზადებულია სამართლებრივ საკითხებში, გამოცდები სირთულეს არ წარმოადგენს და კომფორტულ გარემოში, რამდენიმე საათის განმავლობაში, ელექტრონული ფორმით აბარებს გამოცდას.

 სტატისტიკის მიხედვით, ადვოკატობის მსურველთა 25-30% გამოცდას წარმატებით აბარებს, რაც ნორმალურ შედეგად მიგვაჩნია. ვინც ვერ იღებს სასურველ შედეგს, უკეთესად ემზადება და შემდეგ გამოცდაზე გადის. ამ მხრივ შეზღუდვები არ არსებობს. ვისაც სურს გამოცდისათვის მომზადება, გვქვს სპეციალური, სამთვიანი მოსამზადებელი კურსები, რომელთაც უძღვებიან მაღალკვალიფიციური ტრენერები.

  _ ადვოკატი რომ გახდე, უნდა ჩააბარო სპეციალური გამოცდა, თუმცა არიან პროვილეგირებული ადამიანებიც, რომელთაც გამოცდები არ ეხებათ. ვგულისხმობ პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს… ესეც ევროსტანდარტია?

  _როცა ასეთი ცვლილება შედიოდა ადვოკატთა შესახებ კანონში, პირადად ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ვთვლიდი, რომ ადვოკატის გამოცდასთან არ უნდა გათანაბრებულიყო პროკურორის გამოცდა და ყოფილი პროკურორები ასე მარტივად არ უნდა გამხდარიყვნენ ადვოკატები, რასაც მოსამართლეთა გამოცდაზე ვერ ვიტყვი, რადგან მათ უტარდებათ ძალიან მაღალი დონის გამოცდები, რომლებიც მიმდინარეობს ორ ეტაპად. ვინც ამ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს, სავარაუდოა, რომ ის არის კვალიფიციური იურისტი. ამიტომაც, მოსამართლეთა გამოცდის გათანაბრება ადვოკატის გამოცდასთან მიზანშეწინილად ჩავთვალეთ. იმ პერიოდში, როცა ეს ცვლილება შევიდა კანონმდებლობაში, პროკურატურის გამოცდა ტარდებოდა 1000 ტესტით და ძალიან ბევრი აბარებდა მას. ადვოკატისთვის კი 5000 ტესტი იყო საგამოცდო ბაზაში. ახლა პროკურატურის გამოცდაც გაუთანაბრდა ადვოკატის გამოცდას, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენს პროფესიაში შემთხვევითი პიროვნებები არ მოხვდნენ, მალე ამუშავდება სავალდებულო სტაჟირების მექანიზმი. ეს არ შეეხება გამოცდილ პროკურორებსა და მოსამართლეებს. თუმცა, იმ იურისტებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სფეროში, მაგრამ არ აქვთ მიღებული სათანადო გამოცდილება, რა თქმა უნდა, მათ მიმართ იმოქმედებს აღნიშნული მექანიზმი. ამიტომ, ამ ადამიანებმა უნდა გაიარონ ადვოკატის ეთიკის, კლიენტთან ურთიერთობისა და ადვოკატის უნარ-ჩვევების კურსები.

  _ ვის გულისმობთ ამ შემთხვევაში, ვინ უნდა გაიაროს აღნიშნული კურსები?

 _ ვგულისხმობ მაგალითად ბანკის ან სხვა კომპანიების შიდა იურისტებს, პოლიციის გამომძიებლებს, ოპერატიულ მუშაკებს და სხვა იმ იურისტებს, რომლთა საქმიანობაც სასამართლო პრაქტიკას არანაირად არ უკავშირდება.

 _ იმისათვის, რომ სახელმწიფო ბრალმდებელისგან მივიღოთ ადამიანის დამცველი, მხოლოდ ზემოთაღნიშნული გამოცდები საკმარისია?

_ როცა პროკურორი ან მოსამართლე ხდება ადვოკატი, ეს გახლავთ შიდაპროფესიული მიგრაცია, რაც გეთანხმებით, რომ არ არის მარტივი პროცესი. ისევე, როგორც ადვოკატს, პროკურორებსა და მოსამართლეებსაც გააჩნიათ თავიანთი პროფესიული ჩვევები. თუმცა, ის უნარ-ჩვევები, რომელიც სჭირდება ადვოკატს, ხშირად, არ აქვს პროკურორს ან მოსამართლეს. სწორედ აქედან გამომდინარე დავაწესეთ გარკვეული კურსებიც. პროფესიიდან პროფესიაზე გადასვლის დროს დაწესებული შეყოვნების პერიოდში ისინი გაარკვევენ და შეითვისებენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ადვოკატს, ადამიანის უფლებების დამცველს ესაჭიროება და ისე დაიწყებენ ამ სფეროში მოღვაწეობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი