სკალდის წმინდა სალოცავი ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ისტორიული ძეგლია ქვემო სვანეთში, სადაც ქალებს ასვლა ეკრძალებათ. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით არსებობს უამრავი მითი და ლეგენდა. კერძოდ, გადმოცემის თანახმად, აქ დიდი ხნის წინ კაცის სამოსში გამოწყობილი ქალი ავიდა, რათა მოენახულებინა სალოცავი, როცა უკან ბრუნდებოდა კლდიდან გადაიჩეხა და გარდაიცვალა.

 საინტერესოა თვითონ სალოცავის აშენების ისტორიაც:

ადრე მთავარანგელოზის ეკლესია ჭურიაშად სახელდებულ ადგილას ყოფილა აგებული. ერთხელაც მთავარანგელოზმა ეს ეკლესია მიატოვა და გაფრინდა. აღნიშნულის შესახებ მოსახლეობას ეკლესიის მნათემ აუწყა. ეკლესიას გუმბათი აეხსნა და იქიდან თეთრ სამოსში შემოსილი მთავარანგელოზი გაფრინდა. ეკლესიის ხატი მისი მფარველი ანგელოზის გარეშე დარჩა. ხალხმა გადაწყვიტა მისი მოძებნა. მოიყვანეს გაუხედნავი ორი ხარი, დაადეს უღელი, გამოუბეს მარხილი და ხატი მასზე დააბრძანეს. გაუშვეს უღელდადგმული ხარები თავის ნებაზე. მათ გეზი მთის მწვერვალისკენ აიღეს. გადაუარეს ტყეს (სადაც გაიარეს დღესაც ეტყობა ნავალი, ბუჩქები ერთ მხარესაა გადახრილი). ბოლოს ხარები ავიდნენ მთის წვერზე, სადაც მათ გული გაუსკდათ და მოკვდნენ. ხალხმა ეს იმის ნიშნად მიიღო, რომ მთავარანგელოზი სწორედ აქ იყო და გადაწყვიტა  ამ ადგილზე ეკლესიის აგება. ხალხი მწვერვალიდან მდინარემდე ჩამწკრივდა და ხელი-ხელ გადაწოდებით აიტანეს ასაშენებელი ქვები. ასე აშენდა სკალდის ცნობილი ეკლესია. გადმოცემის თანახმად, მშენებლობას ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა.

სვანეთში ყოველწლიურად აღნიშნავენ სკალდობას, დღესასწაული იმართება აღდგომის ყოველ მეშვიდე კვირას და ემთხვევა ქრისტიანულ სულთმოფენობას. დღესასწაულზე  მომლოცველები (კაცები) ადიან სკალდის მთაზე, აჰყავთ შესაწირი და გულმხურვალედ ლოცულობენ.

სოსო გაზდელიანი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი