„მთელი ბავშვობა ფილოლოგობაზე ვოცნებობდი, ლექსების წერა მიტაცებდა, ქართული ლიტერატურა ჩემმა პედაგოგმა, იზოლდა წიქარიშვილმა შემაყვარა, სკოლის ღონისძიებებზე სიხარულით ვკითხულობდი ლექსებს და გამყვა კიდეც წმინდა მიწაზე ამ ლექსების დაუოკებელი სიყვარული“ – გარინდებული ვუსმენდი ჩვენი რუბრიკის სტუმარს, ქალბატონ რივკა შალევს. მიყვებოდა  ნოსტალგიით საქართველოსადმი, მშობლიური ახალციხისადმი, თბილისის ქუჩებისადმი, ქართული ჰანგებისადმი და ქართული ენისადმი  და ამავდროულად, სიამაყით, იმის გამოისობით, რომ  ებრაელი ერქვა.
   მაშ ასე, ჩვენი რუბრიკის – „ორ მიწაზე დარწერული აკვანი“-ს სტუმარია ებრაელი პოეტი ქალი რივკა შალევი მურდუხაშვილი.
  იგი დაიბადა და გაიზარდა ახალციხეში, სონია და ილო მურდუხაშვილების ოჯახში. დაამთავრა ახალციხის პირველი საშუალო სკოლა. სიყვარულით იხსენებს თავის ქართველ მეგობრებს:
 „ამ წლების მეგობრობის ხიბლი და მონატრება დამყვება თან სადაც არ უნდა ვიყო” – იგონებს  ქალბატონი რივკა. 1974 წელს ავიდა ისრაელში, ამჟამად ცხოვრობს თელავივის მახლობლად, ჰყავს 2  შვილი და 3 შვილიშვილი. დაეუფლა საბანკო საქმის სპეციალობას და დღესაც ამ სფეროში მოღვაწეობს. თუმცა, არასდროს უთქვამს უარი ბავშვობის საოცნებო გატაცებაზე – წერდა ლექსებს, ჩანახატებს, ხოლო მისი მუზა და  შთაგონების წყარო მუდმივად გახლდათ ორივე სამშობლო, ორივე მონატრება, ორივე მიწის სურნელი – ისრაელისა და საქართველოსი.
   „ჩემი სიყვარული ორ სამშობლოზე ერთნაირად ნაწილდება, ორივე ერთნაირად ძვირფასია ჩემთვის, როგორ და რომელ საზოგადოებაშიც არ უნდა ვიყო ყოველთვის ვყვები საქართველოზე, მის ბუნებაზე და შეუდარებელ ქართველ ხალხზე, სადაც მეგობრობა, სიყვარული სულ სხვაგვარად იციან“- დააგვირგვინა მონათხრობი ქალბატონმა რივკამ და დიდსულოვნად შემოგვთავაზა საკუთარი ლექსი, რომლითაც იგი თბილის ქალაქს ეფერება.
  უცვლელად გთავაზობთ მის წერილს და უმშვენიერეს ლექსს თბილისზე.
ირინა ბიბილეიშვილი იოსებაშვილი
  ქალბატონო ირინა, თქვენი რუბრიკისათვის მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ლექსი, რომელიც დავწერე შარშან, მაისის ბოლოს თბილისში ყოფნის დროს. 43 წლის უკან დავტოვე საქართველო, მას შემდეგ რამდენჯერმე  ვიყავი ჩამოსული  სტუმრად. პირველად 1989 წელს ჩამოვედი, მაშინ ჩემი მშობლები და დები ისევ საქართველოში ცხოვრობდნენ და მე ისინი 16 წელი არ მენახა….
  მას შემდეგ კიდევ ვიყავი რამდენჯერმე. შარშან, თბილისში ყოფნისას გადავწყვიტე,  ფეხით შემომევლო ის უბნები და ქუჩები, სადაც ჩემი ნათესავები მრავლად ცხოვრობდნენ. ქალბატონი თინათინ ჯაყელის სასტუმრო “საქართველოდან“ დილით გავიდოდი ხოლმე საღამომდე, სულ ფეხით შემოვიარე ეზო-ეზო, სახლი-სახლ, დავათვალიერე ნაცნობი და საყვარელი ადგილები.. ასე დაიბადა ეს ლექსი.
   
   თბილისს!!!
 მე ნაბიჯ-ნაბიჯ შემოვიარე შენი ქუჩები,
ოო, რა საამო განცდა ყოფილა შენთან შეხვედრა,
ფეხს ვანელებ და ვაკვირდები ყოველ სახლს, ეზოს,
რომ გავიხსენო, იგივეს ვხედავ? თუ შეცვლილი ხარ?
ლესელიძეს და შარდენს გადაველ, მეიდანს გავცდი,
სანაპიროსკენ ჩავყევ, გავცქერი მტკვრისა დინებას
და გამახსენდა ბარათაშვილის “ფიქრნი მტკვრის პირას “,
ამ წუთისოფლის და ჩვენი ყოფის არსს რომ გვიხსნიდა.
შეხედავ ქართლის დედის სილუეტს და დაგაფიქრებს,
გიყვება წარსულს, აწმყოს, მომავალს თვისი ერისა,
როგორ ხვდებოდა სტუმარს ავსებულ ღვინის თასითა,
როგორ ჰკუწავდა მტერსა ვერაგსა მახვილი ხმლითა…
უამრავ ომებს და შემოსევებს გამკლავებიხარ,
უფრო დიდ ქვეყნებს დაუჩოქიათ და დაცემულან,
სტუმარს ღვთის კაცად რომ სთვლი, ღებულობ და ეფერები,
ვფიქრობ უფალმა ამ მადლისათვის გადაგარჩინა.
რაღაც დევს შენში, ამოუხსნელი, ამოცანას ჰგავს,
ლექსად დაწერილ, ნამღერ სიმღერით ცდილან მის ახსნას,
თბილისო, შენზე ლამაზად თქმული ყოველი ფრაზა,
ქალღმერთის ხილვით აღფრთოვანებულ რაინდის ხმას ჰგავს!
რივკა შალევ მურდუხაშვილი
 თელავივი,  მაისი 2016.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი