სკანდალი!

ზაზა სვანაძე_  გუშინ, 7 მაისს, რუსთაველის გამზირიდან, პირდაპირი ეთერის მიმდინარეობის დროს დაპატიმრებული ჟურნალისტი:

_ 2018 წლის 17 მაისს, ( დღის პირველი საათიდან ) ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას; კერძოდ, ვიმყოფებოდი რუსთაველის გამზირზე, სადაც როგორც ჟურნალისტი ვაშუქებდი ამაღლების დღესასწაულზე შეკრებილი მრევლის, მოქალაქების მსვლელობას – ონლაინ გამოცემა euronews.ge-სთვის.
იმ შემთხვევაში თუ პროგნოზები გამართლდებოდა და სხვა მოწყვლადი ჯგუფები ავანსცენაზე გამოჩნდებოდნენ, ბუნებრივია დავინტერესდებოდი მეორე მხარის პოზიციითაც და მოვლენებს გავაშუქებდი მაქსიმალურად ობიექტურად, თუმცა დღის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენების შესახებ, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში, ერთ-ერთ კაბინეტში ჩართული ტელევიზორიდან შევიტყვე.
აქვე, თემას ოდნავ გადავუხვევ და განვმარტავ; რომ მე არ გახლავართ არც ერთი პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციის, ან რაიმე არალეგალური დაჯგუფების წევრი. თუმცა, გამომდინარე ჩემი პროფესიიდან, ხშირად მიწევს რადიკალურად განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია, რაც დიდწილად გამოიხატება რესპოდენტის და ჟურნალისტის ურთიერთობაში.
16 მაისს, სოციალური ქსელის – ფეისბუკის მეშვეობით დავუკავშირდი ბატონ გია კორკოტაშვილს, რომელსაც ვთხოვე მოეცა ჩემთვის ინტერვიუ, როგორც 17 მაისის თემასთან შემხებლობაში მყოფ პირს. ჩემი რესპოდენტი, მეორე დღეს, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილზე მოვიდა. მაშინ როდესაც მას კითხვებს ვუსვამდი, მოულოდნელად მოგვიახლოვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდები ( დაახლოებით 6 პირი ) და ჩვენთან შეუთანხმებლად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაგვსვეს ავტომობილებში, რის შემდეგაც გადაგვიყვანეს გლდანი-ნაძალადევის ერთ-ერთ სამმართველოში.
როდესაც ჩემთვის უცნობმა პირებმა, მითხრეს რომ ისინი სამართალდამცავები იყვნენ, მე წინააღმდეგობა არ გამიწევია, არც დაკავებისას და არც შემდგომ, მინიმუმ შვიდი საათის განმავლობაში, რა დროც დავყავი აბსოლუტურად უკანონოდ, პოლიციის შენობაში.
მათ არაერთხელ ავუხსენი, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა დასჯადი ქმედებაა, და ამ ფორმით ჩემი გატაცება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე, რამეთუ მე კანონი არ დამირღვევია.
32 წამიან კადრში, რომელიც საზოგადოების სამსჯავროზე გამომაქვს, ნათლად ჩანს, რომ ვიმყოფები მოსწავლე-ახალგაზრდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე, სადაც პირდაპირი ტრანსლაციისას ვესაუბრები ჩემს წინ მდგომ რესპოდენტს, საუბარი კი უცხო პირების გამოჩენისთანავე წყდება.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მსურს მოვისმინო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პასუხი. მათ პასუხს ელოდება ის რედაქცია, რომელსაც მე წარმოვადგენდი გუშინ. ( euroneus.ge )
მაშინ როდესაც ქვეყნის ნომერ პირველი პოლიციელი საჯაროდ იხდის ბოდიშს მეამბოხე აქტივისტების წინაშე, მაქვს უფლება ვიცოდე, თუ რატომ შეილახა ასე, ჩემი, როგორც მოქალაქის და როგორც მედიის წარმომადგენლის უფლებები!
შევეცდები, რომ ამ ბრძოლით, საკუთარი პატივმოყვარეობა კი არა, პირველ რიგში კოლეგები დავიცვა, რადგანაც თუ ეს დავუშვით დღეს, მოხდება ხვალ…
ვრცელი აღწერის შემდეგ წარმოგიდგენთ დანაპირებ ვიდეოს.
P.S. აღნიშნული კადრის და ჩემი განცხადების გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ჟურნალისტს და ნებისმიერ მედიასაშუალებას, მიუხედავად მათი საინფორმაციო პოლიტიკისა.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი