საზოგადოება

,,როცა ბანკები ტვინს უბურღავებ, ოჯახი გამოსაკვები ჰყავს და სამსახურს ვერ პოულობს, გაიქცევა ქვეყნიდან, აბა რას იზამს?”

   უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ გაავრცელა განცხადება,  რომელშიც აღნიშნულია, რომ  ქვეყანაში, ხელისუფლების მიერ ჩადებული სახელმწიფო ინვესტიციით არ იქმნება საწარმოები და სამუშაო ადგილები, თუმცა, ამის ფონზე, საზოგადოება ხედავს, რომ მდიდრდება თითოოროლა ბიზმესმენი. მათი კუთვნილება ხდება მნიშვნელოვანი ქონება. ამასთანავე, უცხოელებს გრძელვადიანი იჯარით გადაეცა მნიშვნელოვანი ობიექტები.

გიორგი თევზაძე:

 _ საქართველოში ჩამოყალობდა სამი სოციალური ჯგუფი: ძალიან მდიდრები, ღარიბები, და ღატაკები. საშვალო ფენა უბრალოდ აღარ არსებობს და არა მგონია, რომ ეს ყოფილიყო თითოეული მოქალაქის „ოცნება“ …. ამის ფონზე, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა თანდათან უფრო ღარიბდება, რაც უკავშირდება ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ბიუროკრატიულ მიდგომებს , საბანკო სისტემის დამოკიდებულებას მოსახლეობისადმი, რაც თავისთავად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან  ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.
სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა თანდათან ხდება ბანკებზე დამოკიდებული და მათი სოციალური პირობები დღითიდღე უარესდება. მათი საარსებო მინიმუმი იმდენად მცირდება, რომ გარკვეულ ნაწილს, პურის შეძენის საშვალებაც შეიძლება აღარ ჰქონდეთ … და ზოგიერთი იძულებულია, შემწეობა სხვა თანამოქალაქეებს თხოვოს ქუჩაში. ეს არ არის ვითარების გაზვიადებული შეფასება, ეს არის, სამწუხარო რეალობა. ამის შემდეგ, კომფორტზე და მაღალ ხელფასებზე დახამებულ და მზრუნველ ჩინოვნიკებს უკვირთ, რატომ იზრდება საქართველოდან გაქცეული  მოქალაქეებისაგან თავშესაფარის მოთხოვნის რიცხვი? სტატისტიკის მიხედვით,  როგორც ამბობენ, სირიის შემდეგ მეორე ადგილზეა საქართველო მსოფლო.
თუ ვერ ხვდებიან, ან არ უნდათ, გაიგონ ამის გამომწვევი მიზეზები, აღვნიშნავ, რომ ამ მიზეზებს შორის ყველაზე მთავარი არის ის, რომ მათ უხდებათ ბრძოლა არსებობისათვის, გადარჩენისთვის, რათა უცხოეთში დასაქმდნენ და იქიდან გამოკვებონ საქართველოში დატოვებული  ოჯახები, შეიმცირონ საბანკო ვალები და ა.შ.
 უვიზო მიმოსვლის შემოღება საქართველოსთვის დიდი მონაპოვარია და მას უდაოდ უნდა გაფრთხილება, მაგრამ როცა ადამიანს საკვების შეძენა არ შეუძლია, სახლში კი მცირეწლოვანი, მშიერი შვილი ელოდება და მოვალე ბანკებიც ესემესებით ტვინს უბურღავენ, გაიქცევა, აბა რას იზამს? აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ  საქართველოში საბანკო საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ სოლიდურია სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან შედარებით. 
 ძნელია, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ესაუბრო მაღალ დემოკრატიულ მონაპოვარზე და ღირებულებებზე. უმთავრესი გამოსავალი არა ამ ადამიანების მიმართ შესაძლო საჯარიმო სანქციების შემოღებაა, არამედ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს სახელმწიფო დაფინანსებით რეგიონებსა თუ ქალაქებში საწარმოების გახსნასა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების შექმნისათვის. ასევე, საბანკო საკრედიტო რეგულაციების გადახედვაზე, რომლის შედეგადაც შემცირდება საპროცენტო გადასახადი და გარკვეული შეღავათები დაწესდება კრედიტორებისათვის. შეიქმნება მოსახლეობისათვის სოციალური პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას… ამის შემდეგ არავის გაუჩნდება სურვილი, სამუშაოდ და ოჯახის გამოსაკვებად წავიდეს და დატოვოს ქვეყანა.
ქართველისათვის სამშობლოს დატოვება და სხვაგან ცხოვრება მძიმეა და ის ნოსტალგიის ტყვეობაში ექცევა. საქართველოს რეალურად სჭირდება სისტემური ცვლილებები. პირველ რიგში კი უნდა შეიცვალოს მოსახლეობის მიმართ ხელისუფლების მიდგომება. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close