პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, საქართველოში უფასო წამლების პროგრამა იწყება, რაც პენსიონერებისთვის შეღავათი იქნება.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ზოიძემ „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებების შესრულების საკითხზე ისაუბრა და საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

„წინა კვირას განსაკუთრებული შეგრძნება მქონდა, როცა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებისას, მწვანე ღილაკს ხელი მივაჭირე. ეს შეგრძნება დღესაც არ გამქრალა იმ პირობებში, როცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან დაუსაბუთებელი ბრალდებები და ხშირ შემთხვევაში, ცილისწამების ნიაღვარი წამოვიდა. მწამს, რომ ჩვენ მიერ მიღებული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ახალ საკანონმდებლო ჩარჩოს ქმნის, ღირსეულად გაუძლებს ათწლეულებისა და თაობების გამოცდას და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში დიდ როლს შეასრულებს. კონსტიტუცია საძირკველი და ინსტრუმენტია იმ მთავარი მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაში იყო გამოხატული – სტაბილურობა, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, – აღნიშნა ზოიძემ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საკუთარი დანაპირების პირველი ნაწილის უზრუნველყოფა და რეალიზება შეძლო, რასაც სტაბილურობა ჰქვია.

„მთავარ მონაპოვრად სტაბილურობა რჩება, იმ ფონზე, როცა მსოფლიო ირყევა. სტაბილურობა ის ამოცანა იყო, რომელიც პირველი ექვსი თვის განმავლობაში იყო, რაც ლარის კურსს ეხებოდა და ეს წარმატებით გავიარეთ. ლარის კურსი ყოველდღიური ნიუსების საგანი აღარ არის. ასევე, შევძელით და შევინარჩუნეთ უსაფრთხოება იმ ქვეყანაში, რომელიც არასტაბილურობის მრავალი კერით არის შემოსაზღვრული“, – განაცხადა დეპუტატმა.

ზოიძე ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ცხოვრების გაუმჯობესების კუთხით სასურველ მდგომარეობამდე მივა.

„უფასო წამლების პროგრამა ივლისიდან იწყება. ეს პროგრამა 100 ათასამდე მოქალაქისთვის იქნება და პენსიონერებს უდიდეს შვებას მოუტანს, რომელთაც პენსიიდან 30-40 ლარი წამლებზე ეხარჯებათ. მათთვის ეს შეღავათი იქნება და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – დასძინა ზოიძემ.

დაახლოებით 600 000 მოქალაქე, რომელიც სოციალურად დუცველ პირთა ან ქრონიკულ დაავადებათა მქონე მარტოხელა პენსიონერთა კატეგორიას განეკუთვნება, საჭირო მედიკამენტებს ყოველთვიურად უფასოდ მიიღებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ის სიახლე გააცნო, რომელიც ძალაში ზაფხულში შევა. მინისტრის თქმით, ჯერჯერობით საუბარია 30 დასახელების მედიკამენტზე. „მაგალითად, აქამდე თუ პენსიონერს თვეში 20-30 ლარის მედიკამენტების ყიდვა სჭირდებოდა, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ, მას ეს სიმბოლური თანაგადახდით მაქსიმუმ, თვეში 1 ლარი დაუჯდება და ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში იმუშავებს”, — განუცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებს.

პირველ ეტაპზე უფასო წამლებს ის პირები მიიღებენ, რომლებსაც აწუხებთ გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები (მაღალი წნევა, გულის უკამრისობა, კორონარულ სისხლძარღვთა დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებები (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებური ჯირკვლის დაავადებები), ბრონქალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წელს ამ პროგრამის გაფართოება და მასში სხვა ქრონიკული დაავადებების სამკურანლოდ საჭირო პრეპარატების შეტანა მოხერხდება. რაც შეეხება ახალი სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტს, პირველ ეტაპზე მის განსახორციელებლად 5 მილიონი ლარი გამოიყოფა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი