ხშირად მოქალაქეებმა კონკრეტული შემთხვევის დროს არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, ან რა უფლებები აქვთ სამართალდამცავებთან კონტაქტის დროს. რა შემთხვევაშია ნებადართული ჩხრეკა და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი უფლებები დაირღვა – ამ თემაზე რეკომენდაციებს საადვოკატო ბიურო, „OK&CG“-ის ადვოკატი, ქეთევან ქავთარაძე შემოგთავაზებთ.

ჩხრეკა განეკუთვნება საგამოძიებო ღონისძიებათა კატეგორიას და უნდა ჩატარდეს მხოლოდ მოსამართლის განჩინების ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში − გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე.

გაითვალისწინეთ, რომ ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია, სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა. განჩინების / დადგენილების გაცნობას პირი ადასტურებს ხელმოწერით.

დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.

ასევე, დასაშვებია ჩხრეკის ან/და ამოღების ადგილზე მყოფი პირის პირადი ჩხრეკა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან დამალა ამოსაღები საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ასეთი შემთხვევა ითვლება გადაუდებელ აუცილებლობად და პირადი ჩხრეკა ტარდება სასამართლოს განჩინების გარეშე. ჩხრეკის ან/და ამოღების კანონიერებას ამოწმებს სასამართლო, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.

თუ ჩხრეკა ტარდება იურიდიულ პირში ან ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში, ამოღება ან ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით.

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც აღინიშნება დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში, ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება.

საინტერესოა ისიც, თუ ვის აქვს პირადი ჩხრეკის ჩატარების უფლება. თუ პირად ჩხრეკას თან სდევს გაშიშვლება, იგი უნდა ჩაატაროს იმავე სქესის პირმა. ამ დროს დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა.

დაუშვებელია მასმედიის, გამომცემლობის რედაქციაში, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიურ, საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და პოლიტიკური პარტიის სათავსში არსებული იმ საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო ობიექტის ჩხრეკა, ამოღება ან/და დაყადაღება, რომლის მიმართაც არსებობს საჯაროდ გავრცელების გონივრული მოლოდინი.

თუ ამოღებული საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი მხარემ სასამართლოში მტკიცებულებად არ წარადგინა, იგი, როგორც წესი, უბრუნდება იმ პირს, რომლისგანაც იქნა ამოღებული.

იურიდიული კომპანია „OK&CG“-ს ადვოკატი, ქეთევან ქავთარაძე მოქალაქეებს ურჩევს, გაითვალისწინოს ყველა ზემოაღნიშნული გარემოება და ჩხრეკის შემთხვევაში, უპირველესყოვლისა, მოითხოვონ ჩხრეკის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე მიზანშეწონილია, დაუყოვნებლივ ისარგებლონ ადვოკატის დახმარებით, თუ აშკარაა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უხეშად ირღვევა მათი უფლებები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი