რამდენიმე საათის შემდეგ, მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს იზეიმებს. ხარების თარიღი პირდაპირ კავშირშია მაცხოვრის შობის თარიღთან – დღიდან ჩასახვისა ( 7 აპრილიდან) შობამდე (7 იანვარს) ზუსტად 9 თვის შუალედია. ეს დღესასწაული ოდითგან მიიჩნეოდა დიდ უქმედ. ხალხში გავრცელებული იყო გამოთქმა: „ ხარებას ჩიტიც კი არ აგებსო ბუდეს“ – ანუ, ამ დღეს არ შეიძლებაო მუშაობა; იყო ასეთი მინიშნებაც, რომ ეს დღე არის სასწაულმოქმედი და „როგორც გაატარებ ამ დღეს, ისეთი იქნებაო შენთვის მთელი წელიწადი“! ჰყვებიან თავად სასწაულების შესახებაც, თითქოს ვიღაცამ ამ დღეს იტირა და მთელი წელი სატირლად ჰქონდა საქმე გამხდარიო და ა.შ.

„ხარება“ აღწერილია ერთადერთი მახარებლის – ლუკას მიერ. მართალი ელისაბედისაგან იოანე წინამორბედის ჩასახვის მეექვსე თვეზე, გაბრიელ მთავარანგელოზი მივლინებულ იქნა ნაზარეთს, ქალწულ მარიამთან. წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ – რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“.

რიგ ღვთისმეტყველთა თვალსაზრისით, მთავარანგელოზის სიტყვები: „გიხაროდენ, მიმადლებულო“ იყო „მადლის“პირველი უწყება კაცობრიობისათვის, ცოდვით დაცემის შემდეგ.

საეკლესიო გადმოცემა გვამცნობს, რომ მთავარანგელოზის გამოჩენის ჟამს წმიდა მარიამი კითხულობდა ისაიას წიგნს, სადაც აღბეჭდილია წინასწარმეტყველური სიტყვები: „აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე“ (7,14). ამიტომ, ხარების ხატებზე ზოგჯერ ღვთისმშობელი გაშლილი წიგნით არის გამოსახული.

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი