რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ, გუშინ მომხდარ თავდასხმაზე, საქართველოს ლეიბორისტული პარტია სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რეჟიმის მეთაურს, ბიძინა ივანიშვილს. ისინი აცხადებენ, რომ მილარდერი, წლებია პირადად უდგას სათავეში სიძულვილის გაღვივებას არა მარტო პოლიტიკურ ოპონენტთან, არამედ მის კონტროლს დაუქვემდებარებელ მედია საშუალებებისა და კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგ. დაკავებული ახალგაზრდაც მინიმუმ ამ ზომბირების მსხვერპლია. ივანიშვილი ფართოდ იყენებს ცენზურას, კონკრეტული გადაცემების პირდაპირი დახურვის და ჟურნალისტთა დევნის რეპრესიულ მეთოდებს, ამ საქმეში კი ჩართული ყავს სასამართლო ხელისუფლება, უშიშროების ორგანოები, მთელი სახელმწიფო რესურსი. ოლიგარქისგან ტელეკომპანიათა, ფაქტობრივად რეიდერული მიტაცება კარგა  ხანია გახდა სისტემური მოვლენა. ამჯერად ქვეყანაში გამძვინვარებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი მოქმედ რეჟიმს აღარ უტოვებს სხვა გზას, გარდა მოწინააღმდეგეებზე ღია ძალადობისა, რაც გათვლილია მთელი საზოგადოების დაშინებაზე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა.

ლეიბორისტების თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების მომხრეთა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაუფარავი სიხარული მომხდარი ამაზრზენი ფაქტით. ამ კატეგორიას სანამ სხვას ჩაქოლავდნენ ურჩევნია, ჯერ კარგად გაიხსენოს როგორ დააფინანსა ასეული მილიონით ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუცია და სააკაშვილის რეჟიმის შემდგომი განმტკიცება-გაძლიერება,როგორ აიარაღებდა უშიშროებისა და სპეცსამსახურთა სტრუქტურებს და შემდგომ მომიტინგეთა დარბევის წასახალისებლად როგორ ურიგებდა პრემიებს “ქართუ ბანკიდან”. ასევე მის მომხრეებს ნუ დაავიწყდებათ, რომ სწორედ ნაცებისა და ივანიშვილის ერთობლივი ალიანსის დროს აწამეს სულხან მოლაშვილი, დახვრიტეს პატიმრები ციხეში,მოკლეს გირგვლიანი, რობაქიძე, გამცემლიძე და უამრავი ახალგაზრდა, დაარბიეს ნოემბრის და 26 მაისის აქციები, ხოლო ივანიშვილი ამის შემდეგ კიდევ ასეულობით მილიონით უზრდიდა დაფინანსების ტემპებს მის მიერ დღეს ვითომ დაგმობილ რეჟიმს.

ცნობილია, რომ ძალადობა შობს ძალადობას და შესაბამისად, რეჟიმს თავის გადასარჩენად დარჩა სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება ქვეყანაში, რასაც ყველა პატრიოტი უნდა წინ აღუდგეს. ვგმობთ მომხდარ ძალადობას და მოვითხოვთ, დაისაჯონ ამ აქტის შემკვეთნი და ორგანიზატორნი, – აცხადებენ ლეიბორისტები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...

LEAVE A REPLY