ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო განმარტავს, რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება.

სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახი, რომელიც საჭიროებს სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართვას, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს, რის საფუძველზეც რეგისტრირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შესაძლებელია ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე (სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტის დროს).

სააგენტოს უფლებამოსილი პირის (სოციალური აგენტი) ვიზიტის დროს, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეივსება “ოჯახის დეკლარაცია”, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. დეკლარირებული ინფორმაცია დასტურდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში განთავსებისა და დადგენილი მეთოდოლოგიით დამუშავების შემდეგ ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს ოჯახის უფლებას რაიმე სახის ბენეფიტზე (ფულადი სოციალური დახმარება, და სხვა).

მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე,

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

ფულად დახმარებას ოჯახი მიიღებს, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის განხორციელების შემდგომ, მინიჭებული სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან მეორე თვეს.

ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი, ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში), ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი, სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი, სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი.

ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად  პირმა უნდა მიმართოს “ლიბერთი ბანკს”, სადაც ანგარიშის გახსნისა და პლასტიკური ბარათის დამზადების შემდეგ, ყოველთვიურად ჩაირიცხება კუთვნილი ფულადი დახმარება. (ანგარიშის გახსნა უფასოა).

ოჯახს არ აქვს უფლება, საარსებო შემწეობასთან ერთად, მიიღოს დევნილის ყოველთვიური შემწეობა.

ამასთან, სააგენტო განმარტავს, რა შეიძლება გახდეს ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფრომაციით,  ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზები შეიძლება იყოს: ოჯახის განცხადება, ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილება, ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება.”- განმარტებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე.

წყარო: imedinews.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი