ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

2017 წელსაც შარშანდელის მსგავსად  აბიტურიენტები გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 42 ათასამდე აბიტურიენტმა გაიარა, თუმცა პროცესში მონაწილეობას ისინი ვერ შეძლებენ, ვინც  წელს ვერ ჩააბარა სკოლის გამოსაშვები გამოცდები და ვერ მიიღო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი; „მართალია ცალკეული შემთხვევებია ხოლმე, მაგრამ მაინც არის შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრს  ურევს. განსაკუთრებით თბილისში და ქუთაისში განაწილებულ აბიტურიენტებს ეხებათ ეს.

ამიტომ, საგამოცდო ბარათზე დატანილი ინფორმაცია ძალიან დაკვირვებით მინდა ყველა აბიტურიენტმა წაიკითხოს. იქ მითითებულია ის კონკრეტული საგამოცდო ცენტრი სადაც უნდა გამოცხადდეს, მითითებულია მისამართი, მათთვის  მერიამ გამოყო დამატებითი ტრანსპორტი. როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ამის შესახებაც არის ინფორმაცია.

მისამართთან ერთად ასევე დატანილია რუკა, როგორ უნდა მიაგნოს კონკრეტულ საგამოცდო ცენტრს.

ყველა აბიტურიენტს უმორჩილესად ვთხოვ, არაერთხელ წაიკითხოს საგამოცდო ბარათზე მოცემული ინფორმაცია. არ აერიოს სესია, მივიდეს დროულად იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც აქვს მითითებული,“ – ამბობს მაია მიმინოშვილი.

დაგვიანებული აბიტურიენტები გამოცდაზე არ დაიშვებიან

„როდესაც გაიხსნება საგამოცდო ტესტები და აბიტურიენტები დაიწყებენ ტესტურ დავალებებზე მუშაობას, საგამოცდო სექტორში შესვლის უფლება არავის აქვს.  დაგვიანებული აბიტურიენტის გამოცდაზე შეყვანის შესაძლებლობა რომ გვქონდეს, ის სხვა აბიტურიენტსაც შეუშლის ხელს. ეს არ იქნება სამართლიანი. ამიტომაც, საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო, მაგალითად პირველი სესია- გამოცდა იწყება 09:00 საათზე, მაგრამ 08:00 საათზე უნდა გამოცხადდეს აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრთან, დროულად და წყნარად გაიაროს რეგისტრაცია და მივიდეს მისთვის განკუთვნილ სექტორში“,- აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

გამოცდები წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება

 „ტესტურ დავალებებს აბიტურიენტები ელექტრონული ფორმით მიიღებენ. ეკრანზე დაინახავენ, წაიკითხავენ თუმცა იმუშავებენ პასუხების ფურცელზე. მათ ექნებათ ასევე შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები.  პასუხების ფურცლებს შეავსებენ და სწორედ ეს გასწორდება“, – ამბობს მაია მიმინოშვილი.

რა ნივთები უნდა იქონიონ აუცილებლად  და რისი შეტანაა დაშვებული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

აბიტურიენტებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი.  შეუძლიათ საგამოცდო ცენტრში შეიტანონ პლასტმასის ბოთლით წყალი და აუცილებელი ნივთი პირადი ჰიგიენისთვის, მაგალითად ცხვირსახოცი. დანარჩენს ყველაფერს იქ დავახვედრებთ.

ვურჩევ ყველა აბიტურიენტს, რაც შეიძლება „მსუბუქად“ მოვიდნენ საგამოცდო ცენტრში, იმიტომ, რომ რეგისტრაციის დროს, სხვა ნივთებს მაინც დაატოვებინებენ სარეგისტრაციო დარბაზში. ბუნებრივია, გამოცდის დასრულების შემდეგ, ამ ნივთებს გავატანთ უკან, მაგრამ უმჯობესია ეს პროცედურა ავიცილოთ თავიდან და შემოვიდეთ საგამოცდო ცენტრში ყოველგვარი ზედმეტი ნივთების გარეშე“,- აცხადებს მიმინოშვილი.

რა დრო დაეთმობა თითოეულ გამოცდას

„ხანგრძლივობა განსხვავებულია გამოცდების მიხედვით. მაგალითად, ზოგადი უნარების შემთხვევაში სამი საათია გამოყოფილი, ვერბალურისთვის საათნახევარი და საათნახევარი მათემატიკური ნაწილისთვის. ქართულ ენასა და ლიტერატურას ოთხი საათი სჭირდება და  ა.შ. გააჩნია გამოცდას“- ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

რამდენი ფაკულტეტის არჩევის უფლება აქვს აბიტურიენტს რეგისტრაციისას და რა  ცვლილების შეტანა შეუძლია მას საკუთარ არჩევანში 

„რაოდენობა შეზღუდული არ არის. რამდენი უმაღლესი სასწავლებელი და ფაკულტეტიც უნდა, იმდენი შეიძლება მიუთითოს.  ბუნებრივია, ის ფაკულტეტები უნდა მიუთითოს აბიტურიენტმა, სადაც მის მიერ არჩეული დამატებითი გამოცდა საგანში არის სავალდებულო. მაგალითად, მე თუ მათემატიკა მაქვს არჩეული და  მათემატიკა ჩავაბარე, იმ ფაკულტეტზე ვერ ჩავირიცხები, სადაც სავალდებულოდ გამოცხადებული იყო ისტორია.

აბიტურიენტებს ვურჩევ ახლა არ ინერვიულონ ამაზე, მათ ექნებათ საკმარისი დრო მას შემდეგაც, რაც  შეიტყობენ საკუთარ შედეგებს“,- ამბობს მაია მიმინოშვილი.

რამდენი გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად

აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მიზნით აბიტურიენტი აბარებს 4 გამოცდას – აქედან სამ სავალდებულო საგანს (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, ერთ-ერთი უცხოური ენა) და ერთს არჩევითს შემდეგი საგნებიდან: ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება – იმ საგანს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კონკრეტული პროგრამისათვის ითხოვს. თუმცა არის უმაღლესი სასწავლებლები, მაგალითად შემოქმედებითი, სადაც ჩარიცხვის სხვა წესები მოქმედებს.

„აბიტურიენტი ჯერ შემოქმედებით ტურს გადის კონკრეტულად ამ შემოქმედებით უმაღლეს სასწავლებელში და შემდეგ სამი სავალდებულო გამოცდა ექნება ჩვენთან ჩასაბარებელი. აქ საუბარია კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვაზე. ანუ ჩათვლის პრინციპია მათთვის. სასულიერო აკადემიისთვის ერთი გამოცდაა საკმარისი, ეს გახლავთ ქართული ენა და ლიტერატურა.  ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე მოსახვედრად (ეროვნული უმცირესობებისთვის არის ეს პროგრამა განკუთვნილი) აბიტურიენტებს საკუთარ ენაზე შეუძლიათ ჩააბარონ მხოლოდ ზოგადი უნარები“- აცხადებს საზოგადოებრივთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი


როდის  გახდება ცნობილი გემოცდების პირველადი  შედეგები 

„პირველადი შედეგების გამოცხადებით ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ, ეს დამოკიდებულია ნაშრომების  რაოდენობაზე. როგორც წესი ივლისის ბოლო კვირიდან  ვიწყებთ ხოლმე პირველადი შედეგების გამოქვეყნებას, მგონია,რომ წელსაც ჩავეტევით ამ ვადაში“-ამბობს მაია მიმინოშვილი

როდის შეძლებს აბიტურიენტი იმის გაგებას გახდა თუ არა სტუდენტი

„ჯერ პირველად შედეგებს ვაცხადებთ, შემდეგ გვეწყება სააპელაციო პროცესი. განაცხადების მიღება, სააპელაციო ნამუშევრების გასწორება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩარიცხვის და გრანტის გაცემის პროცედურა. ასე რომ, ალბათ აგვისტოს ბოლოსკენ ჩარიცხვების სიაც გვექნება და  გრანტის განაწილების შედეგებიც“- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

3 ივლისს, ორშაბათს  საგამოცდო ცენტრები გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

2017 წელს გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტები.

პირველი არხი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი