ინგლისის ტერაქტს საზოგადოების მხრიდან ისეთი მძაფრი რეაგირება აღარ მოჰყოლია, როგორც წინა ტერაქტებს. მოსახლეობა თითქოს ამ ,,უბედურებას” შეეჩვია და ისლამური სახელმწიფოს თარეში ჩვეულებრივი ამბავი გახდა. რას უქადის ასეთი ,,შემგუებლური” პოლიტიკა მსოფლიოს და რა პერსპექტივა აქვს ისლამურ სახელმწიფოს?

 ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი, პროფესორი:  

_  ტერორისტებმა გამოუცხადეს გლობალური ომი მთელს საზოგადოებას და მოსახლეობა შეეჩვია ამ ომს.

  _ შეიძლება  ითქვას, რომ ამ ომში საზოგადოება დანებდა ისლამურ სახელმწიფოს?

_ დანებების რა მოგახსენოთ, მაგრამ რომ შეეჩვია, ფაქტია. ინგლისი, საფრანგეთი კვლავ ყველაზე ცხელი წერტილებია ტერორისტებისთვის. ეს არ არის ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაცია, ეს გახლავთ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, ამიტომ ყველა საშუალება აქვთ, რომ სადაც მოუნდებათ, იქ ჩააგდონ ცეცხლის კერა. ამ ალიანსში გაერთიანებულია 44 ჯიჰადისტური ორგანიზაცია.

აფრიკა, აღმოსავლეთი, პოსტსაპჭოთა სივრცე, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია და ლათინურ ამერიკა… დედამიწის ყველა კუთხეში იკვეთება მათი ,,ფრენისუნარიანობა”. მათ მოიცვეს მთელი მსოფლიო.

 _ თქვენ ამბობდით, რომ მათ, რუკაზე საქართველოც აქვთ მონიშნული, ანუ აქაც უნდა ველოდოთ ისისი-ს მავნე ქმედებებსო. ახლაც იგივეს გვეტყვით?

_ საქართველო, რა თქმა უნდა,  გამონაკლისი არ არის. მათი წარმომადგენლები აქაც არიან ფარულ მდგომარეობაში. როცა დასჭირდებათ, აუცილებლად ამოქმედდებიან. ,,გურჯისტან ვილაიეთი” ნამდვილად რომ არსებობს, ამის მტკიცებულებები მაქვს. წინათაც რომ ვისაუბრე ამის შესახებ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან პოლემიკაში შევედით, მაგრამ ახლა შემიძლია, რომ  დავდო სხვა მტკიცებულებაც საქართველოში ამ ორგანიზაციის არსებობის შესახებ.

  _ რა მტკიცებულებაზე საუბრობთ?

_ აუცილებლად გადმოგცემთ ამერიკის სპეცსამსახურის ანალიტიკური ჯგუფის წარმომადგენელის მოხსენებას, სადაც წერია, რომ ,,გურჯისტან ვილაიეთი” არსებობს და შეიქმნა მაშინ, როდესაც მე  ვამბობდი,  ჩვენი სპეცსამსახური კი უარყოფდა.

_ ,,გურჯისტან ვილაიეთი” რას საქმიანობს  იატაქვეშეთში?

_ ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებენ. ის ძალას იკრებს, ამუშავებენ საინფორმაციო ომის სტრატეგიებს და  ავითარებენ ლოჯისტიკურ მიმართულებას. კიბერსივრცეში და სოციალურ მედიაში მათი აქტივობაც ჩანს. ასევე ჩანს იმ არეალში, სადაც ცხოვრობენ მათ მიერ ფოკუსირებული ჯგუფები, ანუ მუსულმანური საზოგადოება. ისინი მათთან პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური მიმართულებით მუშაობენ. ასევე, აქვთ საინფორმაციო გამოსვლები, მაგრამ ჩვენი სპეცსამსახურები კარგად მუშაობენ და ბლოკავენ მას. აკეთებენ ბლოკირებას. ასე, რომ ეს მომენტები არის.

ჯერ არის იდეოლოგიურ- პროპაგანდისტული ომი, მერე  საინფორმციო, რასაც მოსდევს აქტიური ეტაპი. ასე, რომ ,,გურჯისტან ვილაიეთი” მესამე ეტაპზე შეიძლება ნებისმიერ დროს გადავიდეს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი