დაბადების დღის აღსანიშნავად ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, მაია დანმა (ზაბახიძე) ისრაელში მიმიწვია. დიდი სიყვარულით დამხვდა მთელი ოჯახი. წარმოშობით სოხუმელები არიან და როგორც „სოხუმელის“ ბრენდს შეეფერება, სტუმართმოყვარეობაც კი რაფინირებული და დახვეწილი გემოვნებით შერჩეული სიურპრიზებით იყო სავსე. გადაწყვიტეს, ჩემი იუბილე ეილათის ულამაზეს სანაპიროზე აღენიშნათ. ვეჭვობ, აფხაზეთის ნოსტალგიამ იჭარბა და ყველაზე პატივსაცემ ადგილად, სწორედ საზღვაო კურორტი აარჩიეს – ჩემს სოხუმს მაგონებსო, არაერთხელ აღუნიშნავს მაიკოს. ზღაპრულ სასტუმრო „ლეონარდო“-ში დავბინავდით. ულამაზესი ზღვა, ოქროსფრად ალივლივებული სანაპირო, სერვისის უმაღლესი სტანდარტი უამრავ ჩამოსულ სტუმარს მასპინძლობდა. ყოველი დილა ახალი სასიამოვნო სიუპრიზით თენდებოდა, საღამოს კი კულტურული ღონისძიებები ელოდა სასტუმროს მცხოვრებთ. მოკლედ, ჩემმა მასპინძლებმა ისეთი დღეები მაჩუქეს, არასოდეს რომ არ გავიწყდება ადამიანს.
   დაბადების დღე 11 ივნისს მაქვს. მოლოცვები დილიდან დაიწყო, ზოგი ტელეფონზე მილოცავდა, ზოგი კი სოციალური ქსელებით. რაც არ უნდა თავმდაბალი იყო ადამიანი, დაბადების დღეზე კეთილი სიტყვა და ახლობლების ლამაზი მიძღვნები ყოველთვის გულს გითბობს და გსიამოვნებს. ამიტომ, დილიდან ამაღლებულ განწყობაზე გახლდით. ჩემმა მასპინძლებმაც ულამაზესი სიუპრიზებით გამითენეს დილა. „მადლობა“ ვერ გამოხატავდა ნამდვილად იმას, რაც მინდოდა მეთქვა, ამიტომ დავდუმდი და მხოლოდ ვიღიმებოდი. ასეთ სასიამოვნო ემოციებში მოსაღამოვდა კიდეც. სავახშმოდ მოვემზადეთ. საღამოს კაბა ჩაიცვი, შემომცინა მაიკომ: დღეს შენი დაბადების დღეა და დაბლა სამეფო სუფრა გველოდება. გაოცებულმა ავხედე კითხვის ნიშნებიანი თვალებით. დააჩქარეო, მომაძახა ნომერში და თვითონაც შეიმალა თავისთან, მოსაწესრიგებლად. ცოტა ხანში მაიკომ ნომერში შემომიარა და სავახშმოდ სასტუმროს რესტორნისკენ გავეშურეთ. ჰოლში გამოვედით თუ არა, თვალი ათასგვარმა აბრჭყვიალებულმა ფერებმა მომჭრა. მთელი სასტუმროს ჰოლი ულამაზესი ყვავილებით იყო მორთული. ჩვენი ნომრის გასასვლელთან დიდი ლარნაკი იდგა და შიგ უზარმაზარი თაიგული იწონებდა თავს. სინზე კი ეგზოტიკური ხილით იმგვარი კომპოზიცია იყო შექმნილი, არსად რომ არ მინახავს. სახტად დავრჩი.. მაიკო ეშმაკურად იღიმებოდა და ყურადღებით აკვირდებოდა ჩემს გაოგნებულ მზერას. ვეღარ მოვითმინე და მორიდებით ვუთხარი: შენ რომ მომიწყვე ზეიმი საკმარისი არ იყო, ჩემი დაბადების დღის ამბავი მთელს სასტუმროს როგორ გააგებინე, უხერხულია-თქო. არაფერი მიპასუხა, გაღიმებულმა ხელკავი გამომდო და გზა გამაგრძელებინა. რაც უფრო შორს მივდიოდით, მით უფრო იმატებდა სილამაზე და მორთულობა. ვინც კი შემოგვხდა, ყველა იღიმოდა და აშკარად რაღაც თბილ სიტყვებს მეუბნებოდნენ ივრითულ ენაზე. მეც მორიდებულად ვიხდიდი მადლობას დაბნეული.
   რესტორანი პირველ სართულზე იყო განთავსებული. ლიფტიდან გამოვედით თუ არა, ლამაზ ნაციონალურ კაბაში ჩაცმული მოზარდი გოგონა მოვიდა მორთულ-მოკაზმული და თავზე თავთავებით და გვირილებით დაწნული გვირგვინები დაგვადგა მე და ჩემს მეგობარს. ჩემი გაოგნების “ტემპერატურა” ნელ-ნელა იწევდა. ფოიეში მორთულ-მოკაზმული ბავშვები თამაშობდნენ, ყვავილებს და ხორბლის კონებს არიგებდნენ, მომსახურე პერსონალს განსაკუთრებულად ლამაზი ფორმა ეცვა და ლარნაკებით უამრავ ხილს არიგებდნენ. მოკლედ, ასე „ყვავილებით მორთული“ გზით მივედით რესტორნამდე.
  რა ხდება ჩემს თავს? – მიტრიალებდა თავში კითხვა. რესტორანში მთლად დავიბენი. გაუშლიათ თვალუწვდენელი სუფრა, ვერც კი გეტყვით რამდენი დასახელების კერძით. უკვე მაიკოს კი არა, ცნობისმოყვარეობას დავყავდი აქეთ-იქით. განცალკევებულად იდგა უზარმაზარი მაგიდა და არ ვიცი რამდენნაირი ყველი და რძის ნაწარმი იყო გამოფენილი. ყველის ასორტი დღის მთავარი თემა იყო აშკარად. იდგა ეს მაგიდა დედოფალივით ცენტრში, მორთული ხილითა და ნაირგვარი ყვავილით. უკვე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს დაბადების დღეს კი არა, რაღაც ულამაზეს დღესასწაულს უკავშირდებოდა, თუმცა ჩემი მასპინძლები ჯერ თავს იკავებდნენ განმარტებისგან, მადროვებდნენ სასიამოვნო შოკით დატკბობას. თავში ერთი ზღაპრის პერიფრაზი მიტრიალებდა: „ირინა საოცრებათა ქვეყანაში“. ასე იყო ნამდვილად. ამდენი საოცრება, თუ ესთეტიკური, თუ ემოციური ერთად ჯერ არ მინახავს და არცერთ დაბადების დღეზე არ ვყოფილვარ ჯერ ასე სასიამოვნოდ გაკვირვებული.
.
.
.
   იმ ღამეს დიდხანს ვერ დავიძინე, გამოვედი ვერანდაზე და ღამის ეილათის ხედების ფონზე ინტერნეტრესურსებს დავეწაფე, რათა უფრო მეტი გამეგო „შავუოთის“ ულამაზესი დღესასწაულის შესახებ, რომელმაც ასე გამილამაზა დაბადების დღე. ჰოდა, ჩემო მკითხველო, თქვენც გვთავაზობთ ამ ლამაზი ებრაული დღის შესახებ მოკლე ექსკურსს.
შავუოთი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ებრაული დღესასწაულია და იგი კაცობრიობის ისტორიის უდიდეს მოვლენას – სინაის მთაზე თორის მიღებას უკავშირდება, რაც ებრაული კალენდრის მიხედვით სამყაროს შექმნიდან 2448 წელს (ჩვ. წ. აღ-მდე 1312წ) მოხდა. ებრაელ ხალხს სამი მთავარი დღესასწაული აქვს: ფესახი, შავუოთი და სუქოთი. შავუოთი განიხილება როგორც ფესახის გაგრძელება. თუ ფესახმა ებრაელ ხალხს მისცა თავისუფლება და ეროვნული აღიარება, თორის მიღებამ გადაარჩინა იგი ზნეობრივი გადაგვარებისა და ეროვნული დაღუპვისაგან. თორის მიღება სინაის მთაზე წარმოადგენს ეგვიპტის მონობიდან განთავისუფლების საბოლოო დაგვირგვინებას. სახელწოდება შავუოთი, რომლითაც ეს დღესასწული თორაშია მოხსენიებული, სიტყვა–სიტყვით „კვირეებს“ ნიშნავს. ფესახის მეორე დღიდან გადაითვლება შვიდი კვირა, ანუ 49 დღე, რომლის შემდეგაც დგება 50-ე, თორის ბოძების დღე. დღესასწაულს ოთხი სახელწოდება აქვს: შავუოთი, იომ ჰაბიქურიმ, აცერეთ და თორის ბოძების დღე. იომ ჰაბიქურიმ, პირველი ნაყოფობის დღესასწაული — ეს სახელწოდება უკავშირდება ებრაელების მიერ ტაძარში ,,საკუთარი მიწის პირველი ნაყოფების“ მიტანას. ამით ისინი მადლიერებას გამოხატავენ უზენაესის მიმართ, რომელმაც მათ საკუთრებაში ეს მიწა უბოძა და მასზე მოწეული უხვი მოსავალი მისცა. ბიქურიმი მიჰქონდათ მხოლოდ იმ შვიდი ამონაზარდიდან, რომლითაც ისრაელის მიწაა ქებული: ხორბალი, ქერი, ყურძენი, ლეღვი, ბროწეული, ზეთისხილი და ფინიკი. გამჩენისადმი პირველი ნაყოფების ძღვენად მიტანის რიტუალი ძალიან ლამაზი და საზეიმო მსვლელობით აღინიშნებოდა. უამრავი ადამიანი, განურჩევლად სოციალური სტატუსისა, ძღვენით ხელდამშვენებული მიდიოდა იერუსალიმის მთავარი ტაძრისკენ სიმღერით, ცეკვებით. ულამაზესი სანახავი იყო ტაძრისკენ მიმავალი გზა. მორთული სიმწვანით, ყვავილებით, ხორბლის თავთავებით. იკითხებოდა თორა, კითხვა კი სრულდებოდა დეკლარაციით: ,,აი, ახლა, მე მოვიტანე მიწის პირველნაყოფები, რომლებიც შენ მომეცი, ღმერთო!“.
   შუა საუკუნეების ევროპაში მცხოვრებ ებრაულ დიასპორაში დამკვიდრდა ასეთი ტრადიცია: პატარა ბავშვები მიჰყავდათ სინაგოგაში მსახურების დროს და სპეციალურ დაფაზე, რომელზეც ამოტვიფრული იყო თორის მცნებები, აცხებდნენ თაფლს, ბავშვებს ალოკინებდნენ ამ სიტკბოებას: „რათა თორა ტკბილი ყოფილიყო მათი ბაგეებისთვის“. წიგნში ,,ტურ ბარეკეტ“ რაბი ხაიმ ბენ ატარი ასეთ აზრს ავითარებს: სიტყვა ,,შავუოთი“ შეიძლება წავიკითხოთ როგორც ,,შვუოთ“. ასეთ შემთხვევაში ის ნიშნავს არა ,,კვირეებს,“ არამედ ,,ფიცებს.“ მრავლობითი რიცხვი მიგვანიშნებს, რომ ეს დღესასწაული ერთდროულად ორ ფიცს უკავშირდება: 1. ფიცი, რომელიც დადო სინაის მთასთან შეკრებილმა ისრაელის ხალხმა თორის მიღების დღეს — ,,ნაასე ვენიშმა!“, ანუ შევასრულებთ და მოვისმენთ (დაპირება ერისა თორის მიცვების (მცნებების) შესრულებაზე); 2. ფიცი, რომელიც დადო უზენაესმა: ,,არასდროს შევცვლი ჩემს რჩეულ ხალხს სხვა ხალხით.“ თალმუდი შავუოთს ,,აცერეთს“ უწოდებს, რაც მიანიშნებს, რომ შავუოთი ფესახის დღესასწაულის დასასრულია, ანუ მისი ,,მერვე“ დღეა. სიტყვა „აცერეთი“ ორი მნიშვნელობით განიხილება: „საზეიმო“ და „დასკვნითი“. საზეიმო გულისხმობს თვითონ დღესასწაულის ამაღლებულ სასიხარულო ბუნებას, ხოლო დასკვნითი, ანუ დამაგვირგვინებელი არის იმის გამოისობით, რომ ამ დღით სრულდება ფესახის 50 დღიანი ციკლი. რაც შეეხება სახელწოდებას ,,თორის ბოძების დღესასწაული,“ ის ხაზს უსვამს, რომ ეგვიპტიდან გამოსვლა, რომელიც ფესახში აღინიშნება, იყო არა თვითმიზანი, არამედ სამზადისი თორის მისაღებად. 400 წლიანი მონობის პერიოდმა ებრაელი ერი ზნეობრივად დასცა და განადგურების პირას მიიყვანა. ეგვიპტიდან გამოსვლის პერიოდში ისრაელიანები სულიერების ძალიან დაბალ საფეხურზე იმყოფებოდნენ. „ამგვარ კონდიციაში ისინი მზად არ იყვნენ წმინდა წიგნის დასატევად“, წერენ მკვლევარები. ამიტომ ვიდრე სინაის მთაზე გამჩენის ნება გაცხადდებოდა მოსე წინასწარმეტყველის წინაშე, ერს სულიერად ამაღლებისთვის დრო სჭირდებოდა. სწორედ ეს პერიოდია 7 კვირა (ყომერი). შავუოთის ლოცვებში ხშირად მეორდება სიტყვები: ,,შავუოთის ეს დღესასწაული, ჩვენი თორის ჩუქების დრო..“ რატომ ,,ჩუქების“ და არა ,,თორის მიღების დრო“? იმიტომ, რომ ჩუქება მოხდა ერთ გარკვეულ დღეს, ხოლო თორის მიღება ყოველი ებრაელისთვის ხდება მუდმივად, ყოველდღიურად თორის მცნებებით ხელმძღვანელობისას. შავოუთის დღესასწაული უქმეა ყველა ებრაელისთვის. იგი წინა საღამოს შემოდის. ათასობით მორწმუნე მიდის იერუსალიმში გოდების კედელთან სალოცავად. სინაგოგებში იკითხება და ისწავლება თავი, სადაც აღწერილია როგორ მოხდა წმინდა წიგნის ბოძება, აგრეთვე, 10 მცნება და „რუთის წიგნი“- „რუთის გრაგნილი“, ანუ „მეგილიათ რუთ“ (ებრ). რუთი წარმოშობით გახლდათ მოაბელი, მან მიიღო იუდაიზმი და შემდგომში მისი შთამომავალი შეიქნა დავით მეფე. სწორედ აქედან იღებს სათავეს ტრადიცია, რომლის თანახმადაც შავუოთის დღეს მორწმუნენი მოინახულებენ ხოლმე დავითის შტოს მეფეების საფლავებს. სასოფლო–სამეურნეო დასახლებებში: კიბუცებსა და მოშავებში მოსავლის აღების ნამდვილი ზეიმია ამ დღეს. შავუოთი ითვლება ხორბლის სამკალის დასრულების დღედ, რადგან ამ დროს აიღება წლის ბოლო მოსავალი. საერთოდ, ხორბალი ამ დღის ერთ–ერთი მთავარი ატრიბუტია. სახლები და სინაგოგები მორთულია სიმწვანითა და ყვავილებით, ხეების ტოტებით, ამით სიმბოლიზებულია სინაის მთის ფერდობების სიმწვანე, როცა ისრაელიანები მოსეს ელოდნენ. მორწმუნეებს არ სძინავთ, არამედ კითხულობენ და სწავლობენ თორას. შავუოთის შემოსვლის საღამოს იშლება დიდი სუფრა, იკურთხება ღვინო. დილით ადრიანად ოჯახებით მიეშურებიან სინაგოგებში სალოცავად. დღის მთავარ პროდუქტად გარდა ხილისა, ითვლება ხორბლისა და რძის ნაწარმი.
     გადმოცემის მიხედვით, თუ ფესახის დროს გამჩენისათვის შეიწირება ქერის ხმიადი, შავუოთისას პური ხორბლისაგან ცხვება. ითვლება, რომ ქერი არის საკვები ცხოველთათვის, ხოლო ხორბლის პური კი _ ადამიანთათვის. ამაში განსხეულებულია აზრი იმისა, თუ როგორ გაიზარდა დაცემული ზნეობა ისრაელიანებისა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ შავუოთამდე, ვიდრე თორას მიიღებდნენ სინაის მთაზე. ხოლო რძის პროდუქტის თვალისმომჭრელი მრავალფეროვნება ტრაპეზზე გამოხატავს გადმოცემას: როდესაც ებრაელობა 50–ე დღეს თორით ხელში დაბრუნდა თავის ბანაკში, მათ არ ჰქონდათ საშუალება მომზადებული საკვები მიეღოთ, ამიტომ რძითა და რძის პროდუქტებით გამოიკვებნენ. შავუოთის დღესასწაულზე ებრაელები არ იღებენ ხორცისგან დამზადებულ საკვებს. დაახლოებით 33 ასწლეულის წინ მიიღეს თორა ისრაელიანებმა სინაის მთაზე და დაიფიცეს ყოველთვის და ყველგან შეესრულებინათ წმინდა წიგნის მცნებები. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელი ერი ხანგრძლივად იმყოფებოდა განთესილი სხვადასხვა ქვეყანაში, თორის კანონები არ შეცვლილა, არც ტრადიციები და ეროვნული ფასეულობები, ამიტომ შეინარჩუნა ებრაელობამ ეროვნული თვითმყოფადობა და დარჩა ერთიანი.
სტატიის ავტორი: ირინა ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი
წყარო: postalioni.com
კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი