რა მნიშვნელობა აქვს მომავლის დანერგვას, თუ მოსავალს ფაროსანა შეჭამს – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრმა აკაკი ბობოხიძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ბობოხიძის განცხადებით, ხელისუფლების სტრატეგია არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან ის არათანმიმდევრულია.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მმართველ გუნდს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

„მე გთხოვთ გაისიგრძეგანოთ ამ პრობლემის მნიშვნელობა თორემ მომავალ წელს ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე დავაყენებთ საქართველოს მოსახლეობას და თქვენი „დანერგე მომავალი,“ ის პროგრამა, რომელიც მეტად თუ ნაკლებად შეიძლება მართლა მოეწონოს ადამიანს, გარწმუნებთ წყალში გადაყრილი იქნება იმიტომ, რომ რა მნიშვნელობა აქვს მომავლის დანერგვას, თუ მოსავალს ფაროსანა შეჭამს,“-განაცხადა ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძის განცხადებას და კრიტიკას პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ უპასუხა. დანელიას განმარტებით, ფაროსანასგამრავლების პრობლემა მართლაც სერიოზულია. მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრი აღნიშნულ საკითხზე მოხსენებას პარლამენტში უახლოეს დღეებში წარადგენს.

„მაღალ ზონებში ფიქსირდება ბოლო დროს და როგორც ვიცით ფიქსირდება აღმოსავლეთშიც. ეს არის სერიოზული პრობლემა არავინ არ დაობს ამაზე და მე გეთანხმებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ლოკალიზება და შემცირდეს პოპულაცია. ამიტომ მინისტრი მობრძანდება უახლოეს დღეებში კომიტეტზე და გააკეთებს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პრეზენტაციას. ასევე დაფინანსების ნაწილიც გაიზარდა,“-განმარტა პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი