ადვოკატმა ზურაბ თოდუამ საინფორმაციო სააგენტო – ევრონიუსთან ექსკლუზიურად განაცხადა, რომ დევნილთა შემწეობის შესახებ არსებული პროექტი ან სრული არაკომპეტენტურობაა, ან მიზანმიმართული საბოტაჟი.

ზურაბ თოდუა:

_  ქვეყნის ეკონომიკური კურსით ქამრების შემოჭერის ხორცშესასხმელად ყველა სახელმწიფო უწყება ფაციფუცობს მინიმალური დანაკარგებით შეინარჩუნოს ბიუროკრატიული აპარატი. პროექტი, რომელიც დევნილთა სამინისტროს მიერ იქნა გაჟღერებული ან საკითხის არაკომპეტენტურობაა ან მიზანმიმართული საბოტაჟია.
45 ლარიანი შემწეობა, რასაც ბიუჯეტი იმეტებს სახემწიფოს დამსახურებით იძულებით გადაადგილებული პირის მიმართ, მხოლოდ შემწეობაა და იგი ეძლევა სახელმწიფოსაგან დაზარალებულ პირს იმისათვის, რომ ვერ ცხოვრობს მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, ვერ სარგებლობს მამა-პაპისეული ქონებით, ვერ არის სამართლის სუბიექტი იმ გარემოსა და ვითარებაში, რომელიც მას გააჩნდა საცხოვრებელის იძულებით დატოვებამდე. წმინდა მატერიალური თვალსაზრისით, დასახელებული თანხა (სულ 16 აშშ დოლარი) მხოლოდ მიზერია იმისა, რაც დევნილის სტატუსის მატარებელს უნდა გააჩნდეს.

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი, პოლიტიკური თვალსაზრისით, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული შინაარსისაა, ხოლო სოციალური თვალსაზრისით კი საკითხის მოგვარების წმინდა სოციალისტური მიდგომაა.
პროექტის სოციალისტური შინაარსი: დევნილთა ის კატეგორია, რომელსაც პროექტის ავტორი ჰპირდება ამ კანონის მიღების შემთხვევაში შემწეობის გაზრდას, სახელმწიფოს მიმართ კმაყოფილ კატეგორიად ჩამოყალიბდება.
დევნილთა ის კატეგორია, რომელიც ამ პროექტით დაზარალდება – აშკარად უკმაყოფილო მასად იქცევა და ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილოთა რიცხვს სერიოზულ ძალად აქცევს.

საკითხის სოციალისტურობის გამო, შესაძლოა კმაყოფილ და უკმაყოფილო დევნილთა შორის დაიწყოს დაპირისპირებაც (მატერიალურად შედარებით უზრუნველყოფილი დევნილი, რომელმაც დევნილობაში მისი შრომით გაიუმჯობესა მდგომარეობა და პირი, რომელმაც ვერ შრომით შეძლო მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ფაქტობრივად პირველის (მშრომელის) ხარჯზე ხდება უკეთეს მდგომარეობაში).
პროექტის პოლიტიკური შინაარსი:
საინტერესოა, პროექტის ავტორმა გაიანგარიშა თუ არა ზემოჩამოთვლილი შედეგებით რა სურათს მიიღებს სახელმწიფო. თუ ასეთს ადგილი არ ჰქონია, სრულ უგნურობასთან, არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე. ხოლო თუ გაითვალა აშკარად სახელმწიფოს საწინააღმდეგო, საზიანო გადაწყვეტილების დაკანონებას ცდილობს ავტორი და იგი აუცილებლად უნდა გამოაშკარავდეს.

პროექტი პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო საშიში და ანტიეროვნულია, ვინემ იგი ერთი შეხედვით ჩანს. კერძოდ, უდავოა, რომ დევნილთა თითქმის 90% მაინც კანონმდებლობით განსაზღვრულ სავალდებული რეგისტრაცის გადის სწორედ 45-ლარიანი შემწეობის მიღების მიზნით. შემწეობის შეწყვეტის შემთხვევაში, დევნილი არ გაივლის რეგისტრაციას. ეს კი დევნილის სტატუსის დაკარგვას ნიშნავს.
ვფიქრობ, ამ კანონპროექტის ავტორს სწორედ ამ შედეგის დადგომა სურს, რამეთუ დევნილის მიერ სტატუსის დაკარგვა ნიშნავს დევნილის, როგორც სამართლებრივი სტატუსის არმქონე პირის არარსებობას. რეგისტრაციაგაუვლელი დევნილი გახდება ჩვეულებრივი მოქალაქე. ამის შემდეგ, მას ვეღარ ექნება პრეტენზია მის მუდმივ საცხოვრებელზე დაბრუნებისა, ასევე არ ექნება სხვა ქონებრივი პრეტენზიებიც (“არ არის პირი, არ არის პრობლემა”).
აქ კი კარგად დაფიქრებაა საჭირო – ვის აწყობს დევნილის, როგორც ასეთი კარტეგორიის არარსებობა საქართველოში? ვაცხადებ, რომ იგი სრულიად მისაღებია ხელისუფლებისათვის, ხოლო საოკუპაციო რეჟიმი ამ ფაქტით შესანიშნავად ისარგებლებს. ამას ყოველივეს კი სხვა საერთაშორისო შედეგებიც აუცილებლად მოყვება.
ვფიქრობ, რომ კანონპროექტის ავტორი კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული პოლიტიკურ ნაწილში. იგი არ არის არაკომპეტენტური და მეტად საშიშ ძალას წარმოადგენს.
დევნილს, რომელიც დახმარებას საჭიროებს მაქსიმალურად უნდა გაუუმჯობესდეს მდგომარეობა. ეს ყოველივე კი ამავე კატეგორიის პირების ხარჯზე კი არა სამინისტროს გაზულუქებული ბიუროკრატიული აპარატის შემცირების ხარჯზე უნდა განხორციელდეს (ამ სამინისტროს რამდენიმე უქნარა მაღალჩინოსანი ათასობით დევნილის ყოველთვიურ დახმარებას შთანთქავს ყოველთვიური ხელფასების სახით).
მე ვარ იძულებით გადაადგილებული და შემწეობა უნდა მომცეს იმ სახელმწიფომ, რომლის უნიათობით გავხდი ან სტატუსის მატარებელი და ეს უნდა აკეთოს მან მანამ, სანამ იგივე სახელმწიფო არ დამაბრუნებს ჩემს საცხოვრებელ ადგილზე”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი