აი, რა წერილი გაუგზავნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ეროვნულ ბანკს, საქართველოს მთავრობას,  იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის კომიტეტებს და კონკრეტულად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს!

“მოგეხსენებათ, იპოთეკური კრიზისის გამო ქვეყანაში უამრავი დაზარალებულია, ეს უკვე სოციალური პრობლემაა და ყოველდღიურად მწვავდება. სტატისტიკამ უკვე საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. კვლავაც გრძელდება ადამიანთა უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოყრა, რითაც პირდაპირ, უხეშად ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლებები სიცოცხლეზე და საარსებო გარემოზე. რატომ და როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო იპოთეკით დაზარალებულებს? ეს არის კითხვა, რომელიც ალბათ ყველას აწუხებს…პირველ რიგში, თვით დაზარალებულებს; მერე, ალბათ, იმ ადამიანებს, რომლებსაც შიშები აქვთ, ჩვენს კისერზე არ გამოვიდეს ეს დახმარებაო; მგონი, კითხვა იმათაც აწუხებთ, ვისაც გულწრფელად უნდა, არ ხედავდეს ქართველთა უბედურებას და ბოლოს, ცოტათი მაინც, ხელისუფლებას უნდა აწუხებდეს ეს კითხვა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს კრიზისი წარმოიშვა სახელმწიფოს მიერ გატარებული მიზანმიმართულად არასწორი პოლიტიკის შედეგად (იმის მიუხედავად, რომელი ხელისუფლების დროს), რასაც დაერთო რუსეთთან ომში ჩაბმა და შედეგად, უძრავ ქონებაზე ფასების მკვეთრი დაცემა, სამშენებლო ბიზნესის გაჩერება, ობიექტების ჩაბარების ვადის განუსაზღვრელი დროით გაწელვა და ა.შ.
შექმნილ ვითარებაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა, ხოლო სახელმწიფო იმიტომ უნდა დაეხმაროს, რომ:
1. ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა;
2. ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ეს იყო წინასაარჩევნოდ;
3. თუ პრობლემა დროულად არ გადაწყდება, იგი კიდევ უფრო გამწვავდება და გამოიწვევს სოციალურ კატასტროფას.
ხოლო როგორ უნდა დაეხმაროს, ამას მოკლედ ასე ვხედავთ:
პირველ რიგში, სპეციალურმა ჯგუფმა, ან კომისიამ, უნდა მოახდინოს პრობლემის საფუძვლიანად შესწავლა და დაზარალებულთა კლასიფიკაცია ყველა მაჩვენებლის გათვალისწინებით, ( ვინ არიან მევალეები, ვალის ოდენობა, დაზარალებულთა გადახდის უნარიანობა, მათი სოციალური მდგომარეობა და ა.შ);
ამ ყველაფრის მოგვარებას დრო სჭირდება, მანამდე უპირობოდ უნდა შეწყდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დასაკუთრება, ან, საჯარო აუქციონზე მისი გაყიდვა, უკვე გაყიდული, ან მევალის მიერ დასაკუთრებული ქონებიდან, როცა ეს ქონება საცხოვრებელი ბინაა, ყოფილ მესაკუთრეთა გამოსახლებები, ასევე, უნდა შეჩერდეს დასაკუთრებული ქონების შემდგომი განკარგვა დამსაკუთრებლის მიერ.
ეს შესაძლებელია გაკეთდეს მაქსიმუმ, ერთი თვის ვადაში. ამის შედეგ:

1. სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი “იპოთეკური კრიზისის დაძლევის შესახებ” და ამ კანონში უნდა გაიწეროს:
ა) სააღსრულებლო კანონმდებლობის ისე რეგულირება, რომ გამოირიცხოს ნულოვანი აუქციონებით უძრავი ქონების რეალურის 2/3-ზე ნაკლებ ფასად დასაკუთრება;

ბ) სამოქალაქო კოდექსისი მე-300 და 302 მუხლების გაუქმება;ნოტარიატის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
გ) სამოქალაქო კოდექსში და საჯარო რეესტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, რათა უზრუნველყოფილ იქნას თანამესაკუთრეთა უფლების დაცვა უძრავ ქონებაზე და შეუძლებელი გახდეს უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, გასხვისება და სხვა მოქმედებები ერთ-ერთი მესაკუთრის მიერ თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე;
დ) ქონების მევალის მიერ გაყიდვიდან (ან, დასაკლუთრებიდან) 5 წლის ვადაში, ყოფილი მესაკუთრის მხრიდან გამოსყიდვის უფლება იმ ფასად, რა ფასადაც დაკარგა ქონება (ინფლაციის გათვალისწინებით), ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გარიგება უნდა განთავისუფლდეს დღგ-ს გადასახადისაგან;
ე) გადახდისუუნარო მოვალეების სოციალური დაცვის მექანიზმები, განისაზღვროს მათი სტატუსი;
ვ) გადახდისუნარიანი მოვალეებისთვის ვალის რესტრუქტურიზაციის მექანიმები;
ზ) არასრულწლოვანთა, უნარშეზღუდიულთა და პენსიონერთათვის აუცილებელი საცხოვრებელი ფართის შენარჩუნების მექანიზმები.
შეიძლება ეს გაკეთდეს არა ერთი საკანონმდებლო აქტის, არამედ, კანონთა პაკეტის მიღებით.

2. იმ დაზარალებულთა უძრავი ქონება, რომელიც უკვე დასაკუთრებული აქვს მევალეს, ან, მესამე პირს შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უნდა დაისაკუთროს სახელმწიფომ და შესთავაზოს დაზარალებულს მისი ზომიერ ფასად დაქირავება, ან, გრძელვადიანი, მისთვის მისაღები განვადებით გამოსყიდვა (გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით);

3. იმ დაზარალებულთათვის, რომელთა უძრავი ქონება უკვე მესამე პირს აქვს შეძენილი კანონიერად და არ აპირებს მის გაყიდვას, სახელმწიფომ უნდა იყიდოს ალტერნატიული საცხოვრებელი და შესთავაზოს იგი დაზარალებულს წინა მუხლში მოცემული პირობით.

განვიხილეთ რა პრობლემის მოგვარების გზები, აუცლებლად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც შემდგომში იგივე ვითარება არ მივიღოთ, რაც ახლა გვაქვს.

საკრედიტო ინტიტუტები ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ამასთან, სახელმწიფომ უნდა შესძლოს (ეს მისი მოვალეობაა) ამ ინსტიტუტების ისე მუშაობის უზრუნველყოფა, რომ მათი “მუშაობის” შედეგები ქვეყანას ტვირთად არ დააწვეს. უსათუოდ უნდა დავიცვათ საკუთრების ხელშეუვალობის პრინციპიც და ბიზნესში პირდაპირი ჩარევისგანაც თავი უნდა შევიკავოთ.

მოგახსენებთ რამდენიმე მოსაზრებას, რაც დასმული ამოცანის გადაჭრას შესაძლებელს გახდის ჩვენი აზრით… ვიმსჯელოთ.

დასაწყისისთვის აუცილებლად უნდა მოხდეს საბანკო სექტორის საქმიანობის მოწესრიგება, რაც გულისხმობს საქართველოში მოქმედი ბანკების, რომელთა საკონტროლო პაკეტებიც უცხოელების ხელშია, მკაცრი სახელმწიფო რეგულირების ქვეშ მოქცევას. საქართველოს ეკონომიკის მასშტაბებიდან და რესურსებიდან გამომდინარე (მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, უმუშევრობის დონე, ქვეყნის მოქალაქეთა ხელთ არსებული დანაზოგების მოცულობა და ა.შ.) უნდა მოხდეს ქვეყნის გარედან მოზიდული საკრედიტო რესურსების ნორმატივების დაწესება, ქვეყნის შიგნით სესხის გაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, უნდა დაიბეგროს იურდიული პირების დეპოზიტებიდან მიღებული შემოსავლები, რაც გამორიცხავს დეპოზიტებით მანიპულირებას, უცხოეთიდან შემოსული იაფი რესურსების ქვეყნის მოქალაქეებზე სამჯერ და უფრო ძვირად მიყიდვას და ამით მათ კაბალურ მდგომარეობაში ჩაყენებას, ასევე, უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული ფინანსური რესურსების მაქსიმალურად მიმართვას ქვეყნის ეკონომიკაში.

ამის შემდეგ, პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს კანონთა პაკეტი, რომელიც მოიცავს:

1. კანონს ფიზიკურ პირთა გადახდისუუნაროდ ცნობის (გაკოტრების) შესახებ;

2. კანონს საბანკო სერვისებისა და სამუშაოს დაკარგვის სავალდებულო დაზღვევის შესახებ;

3. კანონს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც გულისხმობს:
ა) კაბალური, ამორალური და ზნეობრივი გარიგების ცნების-(დეფინიციის) შემდგომ დახვეწას;
ბ) ხელშეკრულების დადებისას არათანაბარი პირობების გამორცხვას, ვალუტის კურსისი ცვლილების შემთხვევაში სესხის თანხის და პროცენტის კორექტირებას ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, ხელშეკრულების ცალმხვრივად მოშლის, ან შეცვლის უფლების მარტო ერთი მხარისთვის მიცემის გამორიცხვას და ა.შ;
გ) ვალდებულებით ნაწილში ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ორმხვრივ სანქციებს;

4. სააღსრულებლო კანონმდებლობის გაადამიანურებას;

5. საცხოვრებელი მინიმუმის საკანონმდებლო აქტით განსაღვრას და მისი იპოთეკით დატვირთის აკრძალვას;

6. კანონს კერძო კრედიტორთა საქმიანობის რეგულირების შესახებ.
ეს ის ძირითადი ღონისძიებები გახლავთ ჩემი აზრით, რომელთა გატარების გარეშეც ქვეყანაში ბანკები ვერაფრით ვერ შეასრულებენ ეკონომიკის მასტიმულირებელ როლს და კვლავაც დარჩებიან სოციალური უსამართლობის გაღრმავებისა და მძიმე პრობლემების წყაროდ. შემდეგ ეტაპზე საჭიროა საბანკო-საკრედიტო სისტემის საფუძვლიანი რეფორმა (ბანკების და საკრედიტო დაწესებულების დიფერენციაცია, სპეციალური ბანკებისა და ფონდების შექმნა და ა.შ.)..

ა(ა)იპ კოალიცია ,,სახალხო ტრიბუნები ‘’,
პრეზიდენტი მამაისა ჯაფარაშვილი;
საბანკო სამევახშეო სისტემით დაზარალებულთა უფლებების დაცვის კომიტეტი
პრეზიდენტი შალვა მაღრაძე;
პოლიტიკური კლუბი მომავლის გზა;
გამგების თავ-რე ასლან ფაღავა; უძრავი ქონების დაცვის კომიტეტი;
თავმჯდომარე ოთარ ჯიქია; მეანაბრეთა და მოგირავნეთა უფლებათა დამცველი;
მაია სამჭკუაშვილი; ადვოკატთა და დამცველთა ასოციაცია „ოჯახის ადვოკატი“
პრეზიდენტი ბექა ფერაძე”.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი