დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 20:00 საათზე შედგება მსოფლიოში პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, ლეგენდარული “ორერას” 55 წლის საიუბილეო საღამო “ჩემი საქართველო აქ არის”.

ანსამბლმა, რომელიც არსებობას ოფიციალურად 1961 წლიდან ითვლის, 3 მილიარდზე მეტი ფირფიტა გაყიდა. მას ათეული წლების განმავლობაში კოლოსალური მოგება მოჰქონდა ქვეყნის ბიუჯეტისათვის, სწორედ ამიტომაც იქცა “ორერა” მსოფლიო ბრენდად.

ამერიკული “ბილბორდი”, რომელიც მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან ჟურნალად ითვლება, 2000 წელს წერდა: “მდიდარი ქართული მრავალხმიანობის ტრადიციებისა და თანამედროვე მუსიკალური ენის გემოვნებიანმა შერწყმამ ანსამბლ “ორერას” სტილი და ხელწერა უნიკალურად აქცია. საბჭოთა კავშირში “ორერამდე” არავის უმუშავია ფოლკლორისა და პოპმუსიკის სინთეზზე, ისინი გზის გამკვალავნი იყვნენ. ასეთი გემოვნებიანი და ლამაზი მრავალხმიანობა, როგორიც “ორერამ” შექმნა, დღემდე ვერავინ გაიმეორა”…

დღეს მსმენელთა წინაშე სწორედ ეს უნიკალური ანსამბლი წარსდგება შემდეგი შემადგენლობით: გენო ნადირაშვილი, თეიმურაზ დავითაია, დავით მაღლაკელიძე, გიორგი წიკლაური და ზურაბ მირზიაშვილი, აგრეთვე – ნანი ბრეგვაძე და ვახტანგ კიკაბიძე, მუსიკალური ხელმძღვანელი – გია ძიძიგური.

“ორერა” პირველად 1958 წელს შეიკრიბა, უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტებმა იოლად გამონახეს საერთო ენა. ვოკალური კვარტეტის პირველი წევრები იყვნენ რობერტ ბარძიმაშვილი, თეიმურაზ დავითაია, ზურაბ იაშვილი და თამაზ ფანჩვიძე.

ეს შემადგენლობა გამოჩნდა პირველად გენო წულაიასა და ნელი ნენოვას ფილმ “წარსულ ზაფხულში”. ვოკალურმა კვარტეტმა პირველივე ჯერზე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.

თუმცა ეს არ ყოფილა ანსამბლის ოფიციალური ნათლობა. სამი წლის შემდეგ, 1961 წელს ფილარმონიაში, პლეხენოვზე შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც უნდა გაერკვია ანსამბლის ყოფნა-არყოფნის ბედი. საბჭოთა ცენზურას ბევრმა ვერ სძლია და “ორერასაც” თავდაპირველად კარისკენ მიუთითეს, თუმცა ყველაფერი გადაწყვიტა იმხანად ახალგაზრდა კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის სიტყვებმა – მე მენდეთ, ნახეთ, ეს ბიჭები სულ მალე როგორ გვასახელებენო.

გიორგი ცაბაძემ დაულოცა “ორერას” გზა, გენიალური კომპოზიტორისათვის ეს ანსამბლი პრიორიტეტად იქცა. “ორერას” რეპერტუარის დიდი ნაწილი სხვადასხვა პროგრამისას სწორედ გიორგი ცაბაძის მიერ სპეციალურად დაწერილი სიმღერები იყო.

საბჭოთა ცენზურამ მალე სხვა თვალით შეხედა ანსამბლს, რომლიც გარდა ქართული სიმღერებისა, უცხოურ სიმღერებსაც ასრულებდა. იმხანად არსებული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, “რკინის ფარდის” გარღვევისა და ურთიერთობების დათბობისათვის სწორედაც რომ შესანიშნავი საშუალება იყო ქართული ანსამბლი, ამიტომაც გაუხსნეს გზა საზღვარგარეთ “ორერას”, რომელმაც ხუთივე კონტინენტზე, სულ 82 ქეყანაში გამართა კონცერტების სერია.

თეიმურაზ დავითაია (“ორერას” სოლისტი): განსაკუთრებით ტრიუმფალური იყო 1964 წელს ლონდონში “ალბერტ ჰოლში” ანშლაგით გამართული კონცერტები. პირველი კონცერტის დასრულებისას გვითხრეს, რომ ცნობილ ინგლისელ პროდიუსერს უნდოდა ჩვენი ნახვა.

კაცი, რომელიც კულისებში გველოდა, ალან უილიამსი, “ბითლზების” პროდიუსერი აღმოჩნდა, კომპლიმენტები და ქება არ დაუკლია ჩვენთვის, შემდეგ კი გვითხრა, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ორი ანსამბლის – ჩვენი და “ბითლზების” ერთობლივი კონცერტები, სავარაუდო თარიღზეც მოვრიგდით, მაგრამ იყო მცირე ტექნიკური დაბრკოლება – ჩვენს ვიზებს ვადა ერთ კვირაში ეწურებოდა, “ბითლზებსაც” წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი კონცერტები და სამი კვირის განმავლობაში არ ეცალათ. ორივეს გვაწყობდა კონცერტების გამართვა ერთ თვეში…

მანამდე, შევთანხმდით, რომ ლონდონში არაოფიციალურ გარემოში შევხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ლივერპულში გახდა სასწრაფოდ საჭირო “ბითლზების” ჩასვლა, იქ გამოიძახეს გადაღებებზე და ეს შეხვედრა ვერ შედგა.

გენო ნადირაშვილი (“ორერას” სამხატვრო ხელმძვანელი): “ამ იდეის შესახებ რომ გაიგეს საელჩოში, აღარ გაგვიგრძელეს ვიზები. მიზეზი პოლიტიკური ნების არარსებობა იყო. საბჭოთა ცენზურა უარყოფითად იყო განწყობილი ლივერპულელი ოთხეულისადმი და მათთან ჩვენი ურთიერთობა, მით უმეტეს – საერთო კონცერტების გამართვა ანტისაბჭოურ ნაბიჯად ჩათვალეს. ასე დაესვა წერტილი იმ კონცერტს, რომელიც იმ დროისათვის მსოფლიო მუსიკალური მოვლენა უნდა ყოფილიყო. პოლიტიკური არათავსებადობა იყო ამ ერთობლივი კონცერტების იდეის ჩაშლის მიზეზი…

თეიმურაზ დავითაია: სახვადასხვა ინგლისური გაზეთის რედაქციაში სტუმრობისას ყოველთვის გვეკითხებოდნენ – რატომ აკრიტიკებდა საბჭოთა პრესა “ბიტლზებს” არასამართლიანად. ბუნებრივია, ჩვენ პასუხი არ გვქონდა, სავარაუდოდ, ესეც აღიზიანებდათ საბჭოთა კავშირში…”

საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა 1967 წელს კანადაში ჩვენს გასტროლებს, სადაც მსოფლიო გამოფენა იმართებოდა. საბჭოთა კავშირს საკუთარი თავი საუკეთესოდ უნდა წარმოეჩინა და ასეთ დროს არჩევანი კეთდება ჩვენს ანსამბლზე.

გენო ნადირაშვილი: კანადაში კონცერტების სერიამ დიდი წარმატებით ჩაიარა, ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდებოდა, ამიტომაც დამატებით რამდენიმე კონცერტის გამართვა მოგვიხდა, რაც წინასწარ არ იყო დაგეგმილი. ასეთი წარმატების ფონზე უამრავი იმპრესარიოს გაუჩნდა ჩვენთან თანამშრომლობის იდეა. ყველაფერი კი დააგვირგვინა იმან, რომ კანადურმა პრესამ ჩვენი ანსამბლი, “ბიტლზისა” და “როლინგ სტოუნზის” შემდეგ, მსოფლიოს მესამე საუკეთესო ჯგუფად აღიარა.”

წყარო:რეზონანსი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი