დიდი მსახიობის, ვასო გოძიაშვილის სახლ-მუზეუმს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის  სოფელ ვაქირშია, რამდენიმე დღის უკან ვესტუმრეთ. როგორც გვითხრეს, ნაძვნარში, აგურით აშენებულ ორსართულიან შენობაში მუზეუმი 1989 წელს დაარსდა.  პირველ სართულზე, დიდ დარბაზში ულამაზესი ბუხარი და ქვევრებია, მეორე სართულზე კი ექსპონატებია განთავსებული. დიდი მსახიობის ოჯახის ფესვები სოფელ ვაქირიდან იყო.

   მანანა  ბეიტრიშვილი, ვასო გოძიაშვილის სახლ-მუზეუმის მენეჯერი:

_ ვასო გოძიაშვილის მამა, დავით გოძიაშვილი ვაქირში ცხოვრობდა.  მათი სახლი სოფელში, ნადაანთ უბანში მდებარეობდა. ვასოს დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე ოჯახი თბილისში გაჭირვების გამო გადასულა. ვასო თბილისში დაიბადა, მაგრამ ისე უყვარდა სოფელი,  ყოველ ზაფხულს თურმე მამიდასთან, ვაქირში ატარებდა. ვასოს დედა, ეკატერინე ხატიაშვილიც კახეთიდან ყოფილა.

ვასოს მშობლებს 16 შვილი ჰყოლიათ, მაგრამ 10 პატარა ასაკში გარდაცვლილა. ვასო ნაბოლარა იყო. 2-3 წლისას სახადი შეხვედრია. ბავშვი სიკვდილს ებრძოდა და მისი გადარჩენის იმედი აღარავის ჰქონია. სასოწარკვეთილი მშობლებისთვის ვიღაცას ურჩევია, ეკლესიისთვის ხატი შეეწირათ. მართლაც, ვასოს მშობლებს ხატი ვაქირში, მეექვსე საუკუნის ნათლისმცემლის ტაძრისთვის შეუწირავთ. მომხდარა სასწაული, ბავშვი მალე გამოჯანმრთელებულა.

კიდევ ერთი საოცრება მომხდარა  ამ დროს გოძიაშვილების ოჯახში. ავადმყოფობამდე ვასოს ქერა  თმები ჰქონია,  შემდეგ კი, შავი, კუნაპეტივით თმები გახდომია.

ვასო გოძიაშვილი 6 წლის ყოფილა, მამა რომ გარდაცვლია და ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩენილა.  ეკატერინეს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ვასო მარტო გაუზრდია.

_ გამიგონია, რომ ვასოს მსახიობობის ნიჭი ბავშვობიდანვე ჰქონია. ოჯახის სხვა წევრებიც, თურმე  სცენისადმი ლტოლვით გამოირჩეოდნენ. ეს სიმართლეა?

_ პატარა ვასოს ჰყვარებია სპექტაკლებისა და კონცერტების ჩატარება. თავის ეზოში თურმე დადგამდა ძველებურ,  რიკულებიან ტახტს,  რომელიც სცენის მაგივრობას უწევდა, თოკზე ჩამოაფარებდა ფარდას, მოიწვევდა მაყურებდლებს, სოფლის გლეხობას და მართავდა კონცერტებს. წლების შემდეგ, როცა ვასო გოძიაშვილი  პოპულარული, დიდი მსახიობი გახდა, იშვიათად ახერხებდა თავის სოფელში  ჩამოსვლას.

ვასოს ბიძა, ალექსანდრე გოძიაშვილი კარგი მომღერალი იყო. სოფელში გავრცელებულია ამბავი: ალექსანდრე სოფლის ბოლოს, ჭიან ტყეში ურმულს რომ წამოიწყებდა, მისი წკრიალა ხმა სოფლის თავში ისმოდაო. მისი შვილებიც მამის კვალს გაყოლიან, თურმე სცენისადმი სიყვარულით გამოირჩეოდნენ. 1913 წელს, სწორედ მის შვილს, იოსებ გოძიაშვილს დაუარსებია მომღერალ ვაჟთა ქართული გუნდი. იოსების გარდაცვალების შემდეგ კი გუნდს ხელმძღვანელობდნენ მისი ძმები, ილია და ნიკო გოძიაშვილები. ასე, რომ ვასოს ოჯახს სცენისადმი ლტოლვა გენებში ჰქონდა.

ვასოს ძალიან უყვარდა თავისი სოფელი. ერთხელ  სიღნაღში სპექტაკლის ჩასატარებლად ყოფილა ჩამოსული. დაწყებამდე თავის სოფელში ჩამოურბენია, მაგრამ მამიდას სახლი გაყიდული დახვედრია. თვალცრემლიანს შემოუვლია თავისი ყოფილი სახლისთვის ისე, როგორც წმინდა ადგილებს უვლიან ხოლმე.  თუმცა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც მან ბავშვობა გაატარა, თურმე ბოლომდე მეგობრობდა.

ვაქირელი რუსუდან ნადაშვილ-ფხოველიშვილი ასე იხსენებდა ვასო გოძიაშვილთან მამამისის მეგობრობის ამბავს:

,,1959 წლის დასაწყისში სიკა დოსმიშვილმა მამაჩემს, ნეკერაანთ ლიმონას გადასცა ვასოს დანაბარები – ,,ნეკერაანთ ლიმონას გადაეცით, იქნებ როგორმე მნახოსო“. რა თქმა უნდა, მთელი ოჯახი გავეშურეთ მის სანახავად და თან ჩვენებური პურ-მარილი გავიყოლეთ – ვასოს საყვარელი შოთის პურები, ნაზუქები და ჩურჩხელები. მამა ქიზიყელი გლეხის ფორმაში გამოეწყო, თუშური ქუდი დაიხურა და ვერცხლის ქამარი შემოირტყა. დიდ მსახიობს მარჯანიშვილის თეატრში მივადექით. კარისკაცს ვთხოვეთ, გოძიაშვილისთვის ეთქვა, ქიზიყიდან სტუმრები გეწვივნენო. ამ დროს ვასო რეპეტიციაზე ყოფილა და გარეთ რომ გამოვიდა, მამას დანახვამ ადგილზე გააშეშა. მის წინ ბავშვობის მეგობარი, ნეკერაანთ ლიმონა გაჭაღარავებული იდგა. უცებ ვასო მამაჩემს ეცა, ხელში აიტაცა და დააბზრიალა. ხმაურზე სხვა ბუმბერაზი მსახიობები, ედიშერ მაღალაშვილი და აკაკი კვანტალიანიც გამოცვივნენ. ვასომ მათ უთხრა, აი, რომ გიყვებოდით, ეს არის ნეკერაანთ ლიმონაო. ის საღამო ვასოს სახლში გავატარეთ. მამა და ვასო გოძიაშვილი ერთმანეთის სიყვარულით ვერ იღლებოდნენ_ ბავშვობას იხსენებდნენ და  ბევრს იცინოდნენ.

_ როგორ დაიწყო ვასო გოძიაშვილმა სასცენო მოღვაწეობა?

ნინო ღვინიაშვილი, ვასო გოძიაშვილის სახლ-მუზეუმის გიდი:

_ ვასომ თავისი სასცენო მოღვაწეობა მოკარნახეობით დაიწყო. როცა ის მოკარნახის ჯიხურში იჯდა და მსახიობებს ტექსტს კარნახობდა, თურმე, მსახიობებთან ერთად,  ემოციას თავადაც ვერ მალავდა. თურმე ისეთ მდგომარეობამდე მიდიოდა, რომ გეგონებოდათ, ახლა ამოვარდება კოშკურიდან და თავად დაიწყებს ამა თუ იმ როლის შესრულებასო. როცა მსახიობებს რაიმე შეეშლებოდათ, სიბრაზისგან ვასო ქოჩორს იგლეჯდა და უყვიროდათო. წარმოდგენის დასრილების შემდეგ კი, საწყალი ბიჭი თურმე ქანცგამოცლილი ამოდიოდა კოშკურიდან და აღელვებული ამბობდა: ,,ბატონო პავლე მოვკვდი, ძარღვები დამაწყდა ამ მსახიობების გადამკიდეს“.

   _ როგორც ცნობილია, ვასო სასულიერო სასწავლებელშიც სწავლობდა. ეს ცოდნაც გამოადგა  მსახიობს?

_ სცენის სიყვარულმა ვასო საეკლესიო ცერემონიის მონაწილე გახადა. საგალობლების ხმაზე, პატარა ბიჭი გულაფანცქალებული მიაცილებდა კათალოკოსს საკურთხევლისაკენ.  7 წლის იყო, როცა სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, სადაც შეასწავლეს ზარების რეკვა, საგალობლები. მისი შესრულებული საგალობელი, ,,წმინდას“, ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს.

როცა პატარა ვასო გოძიაშვილმა სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, სწავლის გაგრძელების სურვილი გაუჩნდა, მაგრამ მის ოჯახს ეკონომიურად ძალიან უჭირდა. ვასო საზეინკლო სახელოსნოში შეგირდად მიაბარეს. სახელოსნოს ოსტატი კუშტი და პირქუში კაცი ყოფილა. ერთ დღესაც ვასოს მისთვის უზარმაზარი ფრანგული გასაღები უსვრია და გამოქცეულა.

სახლში მყოფი ვასო მეზობლის ბიჭს გაუხმია  და უთქვამს, წამოდი, შაურიანს გაშოვნინებო. სირბილით დაშვებულან კუკიიდან და ოპერის შესასვლელთან ზარი ჩამოუკრავთ. მერე, ვასოს თანმხლებ ბიჭს ოპერის კაპელდინერისთვის რაღაც ხმადაბლა უთქვამს და ისინი ოპერაში შეუშვიათ. ბიჭები ვიწრო დერეფნით მოხვედრილან სცენაზე. ვასოსთვის თეთრი, გრძელი კაბა ჩაუცმევიათ, თმაში თეთრი ვარდი გაუბნევიათ, ვარდებით სავსე თაიგული მიუჩეჩებიათ ხელში და სცენაზე გაუშვიათ. სპექტაკლში ბიჭები მეფე-დედოფალს მიჰყვებოდნენ უკან და ვარდებს უფენდნენ გზაზე. მერე გაუგია ვასოს, რომ ეს იყო ოპერა ,,აბესალომ და ეთერი“-ს ქორწილის სცენა. აქ მოუსმენია ვასოს ორი დიდი ქართველის, ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის ნამღერი.

ვანო სარაჯიშვილის სამშობლოც სიღნაღი იყო. ამის შემდეგ ვასოს მოსვენება დაუკარგავს. გოგო-ბიჭები შეუყრია და იმპროვიზირებული ოპერა დაუდგამს. თავად ხან აბესალომის და ხანაც მურმანის როლში გამოდიოდა. ამ დღის შემდეგ მუსიკა მოთხოვნილებად ექცა, ფალიაშვილი კი სათაყვანებელ კერპადო.

ახალგაზრდა ვასო ქართული თეატრის მუდმივი მაყურებელი და ტყვე გამხდარა და  მისულა აკაკი ფაღავას სტუდიაში. ალექსანდრე იმედაშვილი შაქრო გომელაურს წერდა: ,,ძვირფასო შაქრო, გაინტერესებს, რა არის ახალი თბილისში? არაფერი განსაკუთრებული, მოწყენილობაა, მაგრამ ამას წინათ ვიყავი გამოცდაზე ფაღავას სტუდიაში. უნდა გითხრათ, რომ გამოჩნდა ერთი ბიჭი, რომელიც, ჩემი აზრით ქართული თეატრის მომავალი ვარსკვლავი იქნება“.

ასეც მოხდა…

ვასო გოძიაშვილს უამრავი, დაუვიწყარი როლი აქვს შესრულებული სცენაზე, თუმცა შეუძლებელია არ გავიხსენოთ ჩვენი სცენის უკვდავი სახე, ლუარსაბ თათქარიძე. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების ეს გმირი, გოძიაშვილმა არაჩვეულებრივად გააცოცხლა სცენაზე.

მისი მეგობარი და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა:

,,მან ჩემთან გენიალურად ითამაშა ბესოს როლი ,,ღალატში“. ამ როლს, წლების მანძილზე ემანუელ აფხაიძე ასრულებდა. ემანუელი ბრწყინვალე ბესო იყო, მაგრამ როდესაც ვასოს მიერ განსახიერებული ეს როლი ნახა, შემოვიდა საგრიმიოროში და ჩემთან ერთად უთხრა ვასოს, ორმოცი წელია ბესოს ვთამაშობ და თუ ასეთი იყო ბესო, არ მეგონა. ეს რა სასწაული მოახდინეო.

ვასოს განსაკუთრებული ლტოლვა ჰქონდა კახეთისადმი. მის სახლში ყოველთვის იყო კახური ღვინო და ჩურჩხელა. ყოველთვის ცდილობდა, კახური სანოვაგით გამასპინძლებოდა მეგობრებს.

ვასოს როცა 60 წელი შეუსრულდა, იუბილეზე კახეთში მიგვიწვიეს. თეატრის დასი ავტობუსით სიღნაღში წავიდა, მე და ვასო კი მანქანით მივდიოდით. საოცრება რა იყო იცით? ყველა სახლის წინ, გზის განაპირას, სუფრა იყო გაშლილი და კახელები გვეპატიჟებოდნენ. ვასოსთან ერთად მოწყენა შეუძლებელი იყო.

ერთხელაც გასტროლებზე ვიმყოფებოდით ბათუმში. შევედით რესტორანში, რომელიც თითქმის ცარიელი იყო. მალე გერმანელები  შემოვიდნენ. ორკესტრმა დაუკრა ,,სამბა“. ჩვენი ვასო ცოტა ნასვამი გახლდათ. ავიდა სცენაზე, იმღერა, იცეკვა, ითამაშა როგორც კაცის, ისე ქალის როლი. მოკლედ, დიდი თეატრალური სანახაობა მოაწყო. იცით რა დღეში იყვნენ გერმანელები? ყვიროდნენ: ეს ვინ არის, ეს რა ვნახეთო.

ვაქირში, ვასო გოძიაშვილის სახლ-მუზეუმში ინახება ის თეატრალური კოსტუმები, რომლებიც მსახიობს სხვადასხვა როლების შესრულების დროს ეცვა. მუზეუმში ასევე დაცულია მადლიერი საზოგადოების მიერ გადაცემული საჩუქრები. მნახველს შეუმჩნეველი არ დარჩება კახელი მშრომელებისგან ნაჩუქარი ორი დიდი ზომის ვაზა, რომლებზეც თავად ვასოს ფოტოებია გამოსახული.

.

სხვადასხვა ნივთები  და ფოტოები, რომლებიც მუზეუმის საკუთრებაა, მსახიობის ოჯახიდან არის წამოღებული. აქ არის ქოლგა, რომელსაც ვასო რამდენიმე  წარმოდგენაში იყენებდა, აგრეთვე ოჯახის კუთვნილი სასმისები და ყანწები.

მარიამ დემეტრაშვილი

თიკო ბაბალაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი