გადმოცემის მიხედვით, პირველყოფილმა ადამიანმა ჩაიხედა მდინარეში, დაინახა თავისი თავი და გაიფიქრა, რომ ლეოპარდის ზონარით აწეული მისი ქოჩორი უფრო საინტერესოდ გამოჩნდებოდა, ვიდრე უბრალოდ ჩამოშლილი. „რატომაც არა?“ – გაიფიქრა უძველესმა ადამიანმა და პრაქტიკულად განახორციელა თავისი ჩანაფიქრი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, პირველი ვარცხნილობა გამოირჩეოდა თავისი სილამაზით თანატომელების თავების საერთო მასიდან, ხოლო მისი პრაქტიკულობა უბრალოდ გასაოცარი იყო. პირველმა „დეფილემ“ კარგად ჩაიარა. გაოცებულმა თანატომელებმა ასეთივე თავსაკრავები მოინდომეს…

ასე დაიბადა ხელოვნების ახალი სახე – საპარიკმახერო საქმე. ვარცხნილობის ფორმირება ხდებოდა საზოგადოების, კლიმატური პირობების და ბევრი სხვა ფაქტორის ზეგავლენით. სილამაზის ცნება კი იცვლებოდა საუკუნეების მანძილზე. ეგვიპტელები ძველად პარიკებს ატარებდნენ. გულმოდგინედ დაწნული თმები შეჭრილი იყო ერთ სიგრძეზე, ყურს ქვევით (პირველი „კარე“), შუბლზე შეჭრილი თმა (ე.წ. „ჩოლკა“) ან ნაწნავები უკან იყო გადაწეული და თავზე დამაგრებული იყო სალტით ან დიადემით, იყენებდნენ სავარცხელს (ე.წ. „გრებენს“), თმის სარჭებს. ძვირფასი მასალისგან დამზადებულ პარიკებს ქურუმები ხმარობდნენ, ხოლო შემდგომში გაბატონებული კლასის წარმომადგენლები. მოდური ფერი იყო მუქი ყავისფერი ან შავი. იყენებდნენ ბუნებრივ საღებავს – ინას.

მამაკაცები ძველ ეგვიპტეში წვერს იპარსავდნენ ქვის ან ბრინჯაოს საპარსებით, მაგრამ დარბაზობის დროს ფარაონი იკეთებდა პარიკს და მისაწებებელ წვერს, უბრალო ხალხი კი ატარებდა გაშლილ თმას. ძველ აღთქმის წიგნებში მითითებულია გრძელი თმის, როგორც მამაკაცური სილამაზის და ძალის გამომხატველ მნიშვნელობაზე. ძველ საბერძნეთში საკარიკმახერო ხელოვნება ყველაზე განვითარებული იყო. სიტყვა „კოსმეტიკა“ ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს „გალამაზების ხელოვნებას“.

ბერძნებმა იცოდნენ სამკურნალო კოსმეტიკური საშუალებების ბევრი საიდუმლო, ქვეყანაში გამეფებული იყო ადამიანის სხეულის კულტი, ვარცხნილობები შესრულებული იყო ოსტატურად და საგულდაგულოდ. ქალები და მამაკაცები სხვადასხვა მეთოდით იწნავდნენ თმებს და იხვევდნენ მათ რკინის ღეროებზე, რომლებსაც „კალამისებს“ ეძახდნენ, ხოლო ამ საქმის ოსტატებს – კალამისტრებს. ვარცხნილობა დიდხანს კეთდებოდა, რადგან რთული და ძნელი შესასრულებელი იყო. ამასთან ერთად, ელფერის მისაცემად იყენებდნენ მცენარეულ არომატიზირებულ ფხვნილებს. ქალების უმრავლესობას უნდოდა მოვერცხლისფრო ან ოქროსფერი თმები ჰქონოდა. ბერძენი ქალების მძიმე და სქელი თმები ოსტატურად და ლამაზად იყო კეფაზე შეკრული და მორთული დიადემებით, მძივებით, სალტეებით და ბაფთებით. ტანსაცმლის სამკაულები, ტანსაცმლის სტილი და ვარცხნილობა სრულიად შეესაბამებოდა ელინების ცხოვრების ყაიდას. ბერძენი ქალების ვარცხნილობებზე წარმოდგენა გვექმნება, როცა ვათვალიერებთ ძველი ბერძნების ხელოვნების ნაწარმოებებს: ფუმფულა თმები, დახვეული კულულები გაყოფილია შუაზე, შუბლიდან და გვერდებიდან გადავარცხნილია უკან და კეფაზეა შეკრული კვანძად.

როგორ გამოიყურებოდნენ ქალები, რომლებიც შევიდნენ ძველი საბერძნეთის ისტორიაში? აი, მაგალითად, ასპაზია, რომელიც გამოირჩეოდა დახვეწილი სახის ნაკვთებით, არის ძველი სამყაროს ერთ-ერთი გასაოცარი ქალბატონი, რომელსაც შეეძლო ფილოსოფიურ საკითხებზე ემსჯელა სოფოკლესთან, სოკრატესთან, „ისტორიის მამად“ ცნობილ ჰეროდოტესთან… მას ჰქონდა შესანიშნავი ვარცხნილობა: ფრონტალური ზონის თმები დაყოფილია პატარ-პატარა ნაწილებად, რომლებიც შუბლზე ეყრება და ნაწნავებად აქვს დაწნული, რაც მერე კოხტადაა კეფაზე გადატანილი. მოკლეთ, ვირტუოზი-ოსტატები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვარცხნილობების გამოგონებაში. გამოიგონეს თმის ფერის შესაცვლელი საშუალება: მუქიდან – ღიაში. სამწუხაროდ გამოგონების საიდუმლო არ შემოინახა.

იმ დროს, რომაელებმა დაიწყეს თმის შეჭრა: მამაკაცები ატარებდნენ კოხტად შეჭრილ მოკლე თმას, იპარსავდნენ ულვაშებს და წვერს. დროთა განმავლობაში ძველრომაელმა ოსტატებმა შექმნეს თავიანთი სტილი: ვარცხნილობები, რომლებიც ადრე ბერძნულ ხასიათს ატარებდნენ, ლაკონურები გახდნენ. რომის საიმპერატორო ვარცხნილობები, კლავდიუსის მეუღლის, მესალინა ვალერიას გამოსახულებაზე ჩანს – ლამაზი თავი, თმები დაყოფილია შვეულად, დაწნულია წვრილ-წვრილ ნაწნავებად და შეკრულია კეფაზე.

ევროპაში შუა საუკუნეებში (V-XIV სს.) შეიქმნა მშვენიერი ქალის კულტი.ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი იყო ყმაწვილქალებისათვის გაშლილი თმის ტარება. გათხოვილ ქალებს თმები უნდა დაემალათ, რათა მხოლოდ ქმარს – მის ბატონს და მბრძანებელს – შესძლებოდა მისი სილამაზით ტკბობა. სილამაზის აუცილებელ პირობას კულულები წარმოადგენდა. მათ იხვევდნენ რკინის სახვევით და სპეციალურად გაცხელებული ჩხირების დახმარებით. თუმცა ქალის ბუნებრივ სურვილს, უკეთ გამოიყურებოდეს, ვიდრე სინამდვილეში არის, მორალის მქადაგებელნი ცოდვად მიიჩნევდნენ. „ისინი, ვინც თმებს იხვევენ, ჯოჯოხეთში უნდა წავიდნენ, რამეთუ სხვა გზა მათ არა აქვთ“, – ეს რეპლიკაა შუა საუკუნეების ერთერთი პიესიდან.

გვიანი  შუასაუკუნეების ხანაში ეკლესიის მითითებით ქალებს თავზე ჩაჩი, თავსაფარი, თავსაბურავი უნდა დაეფარათ. ქალის დაუფარავი თმები ცოდვად ითვლებოდა. ისინი ატარებდნენ გრძელ, შუაზე გაყოფილ თმებს, იწნავდნენ მათ და უკან (კეფაზე) იკრავდნენ, ვარცხნილობას ლამაზად რთავდნენ. ყმაწვილქალებიც ნაწნავებს კოხტად იწნავდნენ, შიგ ბაფთებს იწნავდნენ და ზემოდან მანდილს იფარებდნენ. მამაკაცების სტილი ასეთი იყო – უკან სადად გადავარცხნილი და შეკონილი თმა, თავისუფლად გაზრდილი წვერი და თმები. აღსანიშნია, რომ საპარიკმახერო ხელოვნება ამ ეპოქაში არც ისე განვითარებული იყო. გვიანი შუასაუკუნეების ბოლოს ქალებმა ისევ მიიღეს ისეთი შესახედაობა, რომელიც ბერძნულ ვარცხნილობას წააგავდა.

„საზოგადოება ციკლურად ვითარდება, და ეს ციკლები მეორდება“ (ფილოსოფოსი არნოლდ ტოი-ბი). ხანგრძლივი შუასაკუნებრივი მარხვის შემდეგ იწყება საყოველთაო ევროპული „ნადიმი“.  (XIV – XVI სს.) აღორძინების ხანაში ყველა მიისწრაფოდა ცხოვრებისგან სიამოვნება მიეღო აქ, დედამიწაზე, და არა ზეცაში.  სამხრეთში ქალები ძველებურად ცდილობდნენ ქერები ყოფილიყვნენ. ისინი საათობით ისხდნენ მწველი მზის ქვეშ ლოჯიებში, ეხურათ ფართო ფარლებიანი ქუდები, რომლებიც მათ გარუჯვისგან იცავდა (მოდაში თეთრი კანი იყო); ქუდ-სოლარიუმებზე ეფინათ თმების კულულები. ვარცხნილობაში აუცილებელი მოთხოვნა იყო გახსნილი მაღალი შუბლი. მეტი გამომხატველობისთვის ცდილობდნენ შუბლის სიმაღლე გაეზარდათ, ამისთვის შუბლს ზევით თმის ნაწილს იპარსავდნენ. ზოგჯერ იპარსავდნენ წარბებსაც.

საპარიკმახერო ხელოვნებამ განვითარება დაიწყო. დაუბრუნდნენ ანტიკურ მემკვიდრეობას, ვარცხნილობები კვლავ რთული გახდა, იყენებენ ძვირფას სამკაულებს, ბუმბულებს და დიადემებს. მამაკაცების სტილი იყო მხრებამდე გრძელი თმა, ლილვაკისებურად დახვეული კულულები, რომელიც სახეზე და კისერზე იყო შემოხვეული, წვერი და ულვაშები გაპარსული.  საფრანგეთმა, ინგლისმა და სხვა ქვეყნებმა აითვისეს და განავითარეს ვარცხნილობები, რომელთა სტილი შეესაბამებოდა იმ დროის ჩაცმულობას. მაშინ მოდური იყო მაღალი საყელოები – ”ჟაბო” , რომლებიც მოითხოვდნენ დიდი მოცულობის ვარცხნილობებს. მათ რთავდნენ ძვირფასეულობებით და იხურავდნენ ბერეტს.

XVII საუკუნის მეორე ნახევრში ესპანურ ვარცხნილობებში ხშირად ბრწყინავდნენ ოქროსფერი და ვერცხლისფერი (პირდაპირი გაგებით) კულულები. მამაკაცების სტილი იყო მოკლედ შეჭრილი თმა, სოლისებურად შეჭრილი ულვაშები და წვერი (”ესპანური წვერი”).

1638 წლიდან იწყება საფრანგეთის ეპოქა და უკვე ის ხდება მოდის ფუძემდებელი. ბაროკოს სტილის ფრანგული მოდის აყვავების ხანაა XVII საუკუნის მეორე ნახევარი. ეს არის პარიკების საუკუნე. ქალთა მოდაში გაბატონებული იყო რთული ვარცხნილობები, დამაგრებული მავთულის ჩონჩხედზე (კარკასზე). მოდაში შემოდის ვარცხნილობა ”ა ლა ფონტაჟი” ბაფთებით და მაქმანებით გაწყობილი, რომელთა შორის დაჭიმულია თმების კულულები. სახელწოდება მიიღო მეფის ფავორიტი ქალის მარია ანჟელიკა დე ფონტაჟის სახელისგან.

ლეგენდა გვიამბობს, რომ ერთხელ ნადირობის დროს მას თმები გაეშალა და ბაფთით შეიკრა. მეფე აღფრთოვანდა და სთხოვა დე ფონტაჟს სულ ასეთი ვარცხნილობა ეტარებინა. თავიდან ის იყო რბილი და დაბალი, მაგრამ მერე ქსოვილების გახამება და მათი მავთულის ჩონჩხედზე (კარკასზე) დაჭიმვა დაიწყეს. ვარცხნილობა დაემსგავსა მაღალ კოშკს.

(XVIII საუკუნის პირველი ნახევარი) ბაროკოს მაგივრად დადგა ადრეული როკოკოს ხანა. არაბუნებრივმა დიდმა ვარცხნილობებმა ადგილი დაუთმეს პატარა, მოხდენილ, დახუჭუჭებულ კულულებს. გაჩნდა „დაპუდრული ვარცხნილობა”. მოხდენილი და მომხიბვლელი მარკიზა დე პომპადური, რომელიც მეფის კარზე სულ ახალ-ახალი ვარცხნილობებით ჩნდებოდა, მისაბაძი გახდა. ლუდოვიკო XV აღფრთოვანებული იყო ამ პატარა, დაბალი ქალით, რომელმაც პირველმა შემოიტანა მაღალი ქუსლების მოდა და ბაროკოს სტილის მაღალი ვარცხნილობები დააპატარავა „პატარა ქალის” სტილის შესაბამისად. მარია ანტუანეტას დროს, საპარიკმახერო ხელოვნებამ ისეთი დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რომ უნიკალური ვარცხნილობების შექმნის შესასწავლად დაარსდა საპარიკმახერო აკადემიები. 1770 წლის შემდეგ გვიანი როკოკოს პერიოდში დადგა საპარიკმახერო ხელოვნების აყვავების ხანა. ამ დროს ქალბატონების თავებზე ”თამაშდება” საზღვაო ბრძოლები პატარა იალქნიანი ნავებით, ”ჰყვავის” სამოთხის ბაღები…. ადრეული როკოკოს ხანაში დაპატარავებული ვარცხნილობები საფუარივით იზრდება. პარიკმახერებს ოქროს ფასი აქვთ. პუდრა, რომელიც ფქვილისგან მზადდება, კილოგრამობით გამოიყენება. საპარიკმახერო ხელოვნება კლასიციზმის სტილის ხანაში (XVIII ს-დან – XIX საუკუნის დასაწყისი) დიდი ფრანგული რევოლუცია გახდა ”ფუჭი მარკიზების” ეპოქის დასასრული. მარია ანტუანეტას მოჰკვეთეს ლამაზი თავი. მისი სიკვდილით დასრულდა მთელი ეპოქა.

ამის მერე მოდაში შემოდის კლასიციზმი, ანტიკურობის კულტი და რომაული სულისკვეთება. „დარბაზები ეწყობა ანტიკურ მანერაზე; გასაოცრად შეიცვალა ტანსაცმელი და ვარცხნილობა. ქალის ტანსაცმელი დაემსგავსა ქიტონებს, თმა დავარცხნილი იყო როგორც მოხდენილი დიადემა. მოდას აყოლილ ქალბატონებს უნდოდათ დამსგავსებოდნენ ძველ ქანდაკებებს. პირველად გაჩნდა ქალის მოკლე ვარცხნილობა. ვარცხნილობა ”ა ლა ტიტუს” მოკლედ შეჭრილი და ბოლოში წვრილად დახვეული კულულებით გაჩნდა მათ სახსოვრად, ვინც თავისი დღეები გილიოტინაზე დაასრულა (სიკვდილის წინ თმებს აჭრიდნენ და კისერს აშიშვლებდნენ). ”ა ლა გრეკის” სტილი ასე გამოიყურებოდა: თმები ერთადაა შეკრული და ამშვენებს დეკორატიული ნემსი.

XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ვარცხნილობა ხდება უფრო მარტივი და ბუნებრივი, ხშირად მხოლოდ ერთი სარჭს იყენებენ, ზოგჯერ კი უბრალოდ იკრავენ. კულულები აუცილებელია. 1800 წელს საფრანგეთში ხელისუფლებში მოდის ნაპოლეონ I და ჩნდება ამპირის სტილი (ე.წ. იმპერიის), რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო სხვადასხვა ხერხის გამოყენება კულულების გასაკეთებლად: მრგვალის, სპირალურის, ბრტყელის და ა.შ. კულულებს ალამაზებდნენ ბუმბულებით, თმის სარჭებით, სალტეებით. მამაკაცები ატარებდნენ საშუალო სიგრძის დავარცხნილ თმებს. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ამპირის სტილი მოდიდან გადავიდა – მოვიდა ბიდერმეიერის სტილის დრო. ეს სტილი წარმოიშვა XIX საუკუნის 20-იან წლებში ვენაში. ეს იყო საპარიკმახერო ხელოვნების აყვავების დრო: ფაფუკი კულულები საფეთქლებთან ეფინა, ხოლო კეფაზე შეკრულ დანარჩენ თმას სხვადასხვაგვარი ნახატის ფორმა ჰქონდა მიცემული. ვარცხნილობას რთავდნენ ბაფთებით, ვუალებით, ყვავილებით, მარგალიტებით, ატარებდნენ დიადემებს. ბიდერმეიერის პერიოდში ვარცხნილობა ჰგავდა დეკორატიულ არქიტექტურას. უპირატესობას, როგორც ყოველთვის, ანიჭებდნენ ქერათმიანებს. მამაკაცები ატარებდნენ ბაკენბარდებს, კულულებს შუბლის დასაწყისში, შუბლზე შეჭრილ მაღალ გაფორმებულ თმას („ჩოლკას”), რომელიც არ ფარავდა შუბლს. ამ ეპოქის განუმეორებელმა სტილმა წარმოქმნა რთული ვარცხნილობების გაკეთების ხელოვნება, იმ დროისთვის არსებული საპარიკმახერო მოწყობილობების გამოყენებით: თმების შეღებვის ხერხები და წყალბადის ზეჟანგით თმის გაუფერულება, რკინის დამხვევი ცხელი დახვევისთვის და სხვა – ყველა ეს მოწყობილობები (რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული) დღესაც გამოიყენება.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ვარცხნილობები გამარტივდა.1881 წელს ფრანგმა 19 მარსელმა გამოიგონა რკინის დამხვევები თმის ცხელი დახვევისთვის, 1884-1885 წლებში მან გააუმჯობესა გერმანელი ფიშერის მიერ გამოგონებული ქიმიური საშუალებების გამოყენებით თმების დახვევის მეთოდი. XX საუკუნის დასაწყისის მამაკის მოდას წარმოადგენს მოკლე შუაში გაყოფილი თმა და კოხტად გაპარსული ულვაშების და წვერის ფორმა, ხშირად ქვევით ორად გაყოფილი. 1904 წელს წარმოშობით გერმანელმა შარლ ნესტლემ გამოიგონა ქიმიური საშუალებების და გათბობის გამოყენებით თმის ხანგრძლივი დახვევის მეთოდი. ამ დროს მოდაში შემოვიდა მოკლე, ქალური, გეომეტრიული შეჭრა. პირველმა მსოფლიო ომმა ქალები აიძულა მამაკაცური პროფესიები აეთვისებინათ. ქალს ფართო ნაბიჯებით უნდა ევლო, მას მოხერხებული ტანსაცმელი სჭირდებოდა და დრო აღარ რჩებოდა კულულების დასახვევად. მოდაში შემოდის ახალი სახე – „ბიჭური” ქალი მოკლე კაბაში და გეომეტრიული ფორმის მოკლედ შეჭრილი თმებით.

ეს იყო რევოლუცია. მოდაზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს კინო, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ხმოვანი. ბოლო წუთებს ითვლიდა ქალის ძველებური იდეალი, განსახიერებული ლილიან და დოროთი გიშების მიერ, განსაკუთრებით კი, მერი პიკფორდისა – მიამიტი და უწყინარი ოქროსთმიანი ანგელოზები. მერის ძნელად მისახვედრი ვარცხნილობა გადაიქცა მის საფირმო ნიშნად. ის ასე გამოიყურებოდა: თმების უზარმაზარი მასა, კოხტად გაყოფილი 18 დაჭიმულ კულულად (ორი ამჟამად ინახება ჰოლივუდში, კინოს მუზეუმში). გაჩნდა ქალი-ვამპი. XX საუკუნის ოციანი წლები ეს ის იშვიათი ეპოქაა, როცა, ბოლოსდაბოლოს, დამთავრდა ქერა ქალების ბატონობა. ეკრანზე და ცხოვრებაში გაბატონდნენ ისეთი ქალები, როგორებიცაა ასტა ნილსენი, ტედა ბარა, ფრანჩესკა ბერტინი, – თხელი და უფერული ქალები, შავი მოკლედ შეჭრილი თმებით „კარეს” სტილში და შუბლზე შეჭრილი სწორი თმით ”ჩოლკით”, რომელიც კარგად შეღებილ თვალებზე ეშვებოდა.

.

ათწლეულები ბატონობდა სახემშვენიერი, თითქოს ”სინათლისგან და მარტოობისგან შექმნილი” გრეტა გარბოს და მარლენ დიტრიხის სახე. 40-იან წლებში ქალის ტანსაცმელი იყო უხეში, გასამხედროებული. და რაოდენ გასაოცარია, მოდაში 20 იყო რთული ვარცხნილობები კულულებით მხრებამდე და ფაფუკი ქოჩორი შუბლს ზევით. მან ომს გაუძლო. 50-იან წლებში მსოფლიო კინოში გაჩნდა მერილინ მონრო. მისი როლებია მშვენიერი ქერა ქალების ისტორიები, რომლებიც „თვალებს ბრილიანტებისთვის ახელენ და კოცნისთვის ხუჭავენ“. 50-იანი წლების ბოლოს როჟე ვადიმის ფილმის („და შეჰქმნა ღმერთმა ქალი“) მერე ახალგაზრდობის კუმირი გახდა ბრიჯიდ ბარდო. მან მოდაში შემოიტანა მთელი რიგი ვარცხნილობები: სწორი და გრძელი გაშლილი თმები, „ცხენის კუდი“, აჩეჩილი ფუმფულა „ბაბეტა“. 60-იან წლებში კიდევ ერთი მომავალი კინო ვარსკვლავი, რომელსაც უწოდებენ „ყველაზე ლამაზ ქალს მსოფლიოში“, თმას ქერად გადაიღებავს. ეს არის კეტრინ დენევი. „ის დაემსგავსა ბრიჯიდ ბარდოს“, – წერდნენ ჟურნალისტები. 60-იანი წლების ბოლოს ინგლისელმა პარიკმახერმა ვიდალ სასუნმა შექმნა თავისი ცნობილი დემოკრატიული ვარცხნილობა. 25 წლის მერე მან ამ ვარცხნილობას უწოდა პირადი წვლილის შეტანა ქალის ემანსიპაციაში. „მე გავუადვილე ქალებს მათი ყოველდღიური ცხოვრების მცირედი ნაწილი. მე მათთვის მოვიგონე ვარცხნილობა, რომელიც ადვილი მოსავლელია. თავს დაიბან, გაიშრობ და უბრალოდ გააქნევ…“ ამ წლებში ისევ ხმარობენ სხვადასხვა ფერის პარიკებს, ჭაღარის, იისფერის და ცეცხლისფერ-წითურის ჩათვლით. 70-იან წლებში შემოაქვთ მოდაში „ქიმიური დახვევა“. მოდაზე კვლავ მოქმედებს ახალგაზრდული მოძრაობა. ამ ათწლეულის ბოლოს ლონდონში გაჩნდნენ პანკები, რომლებიც შოკში აგდებდნენ ყველას თავისი შეხედულებით. მათი ვარცხნილობა ჰგავდა აბურგძნულ ზღარბებს და მაჩვ-ზღარბებს: გაჩეჩილი, აქეთ-იქით გაშვერილი უსწორმასწორო თმები, შეღებილი საოცარ ფერებში. 21 მოდამ არ უარყო პანკების სტილი, მადლობელი დარჩა მისი. გოგონების თავები დაამშვენეს ვარცხნილობებმა „კასკადი“, მოდაში შემოვიდა სულ მოკლე ვარცხნილობა „ზღარბუნია“ („იოჟიკები“). 80-იან წლებში მოდამ გადაიწია უფრო ქალურობისკენ. „რა მოჰყვება ნაირფერად შეღებილ და უწესრიგოდ გაწეწილ თმებს? ბოლოს და ბოლოს დაბრუნდა გრძელი თმა, რომელიც ესოდენ საყვარელი და მიღებული იყო ძველ დროში. როგორც იქნა, ქალი ქალს დაემსგავსა. დაბრუნდა კულულები, ტალღოვანი თმები, რომლებიც ნარნარად ეფინება მხრებს“, – წამოიძახეს მამაკაცებმა, ასე იუწყებოდა ამერიკულ ჟურნალი 1986 წელს. სინაზე, ქალურობა და ბუნებრივობა – ეს არის დღევანდელი მოდის სამი ძირითადი ელემენტი ვარცხნილობაში. ისმის ნოსტალგიური ხმებიც: მოდელიერებს (დიზაინერებს) ძალიან მოსწონთ გასული წლების ქალების სილამაზე. შეჭრის გარდა სთავაზობენ ვარცხნილობებს მარინა ვლადის, ბრიჯიდ ბარდოს, ოდრი ჰეპბერნის სტილში. თმების ღებვამ სრულყოფილებას მიაღწია. თმა შეგიძლიათ შეიღებოთ თუნდაც ყოველ კვირა, როგორც ამას სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა აკეთებს, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ყველაზე მოდური ფერია ის, რითაც ბუნებამ დაგაჯილდოვათ.

 

წყარო: განათლების განვითარების ეროვნული ცენტრი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი