Home კულტურა რას ჰყვებიან უცხოურ ვებ-შოუ Geography Now-ში საქართველოზე?

რას ჰყვებიან უცხოურ ვებ-შოუ Geography Now-ში საქართველოზე?

28 second read
0
40

Geography Now ცნობილი Youtube არხია, რომელსაც 500,000-მდე გამომწერი ჰყავს. არხი ფოკუსირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებისთვის გაცნობაზე მხიარული, არაორდინალური და ვიზუალურად საინტერესო გზებით.

ამჯერად Geography Now-ს ყურადღების ცენტრში საქართველო მოხვდა, რომლის შესახებაც წამყვანებმა 11 წუთიანი საგანმანათლებლო ვიდეო მოამზადეს.

ვიდეო ორიგინალური სცენარით იწყება. წამყვანი ცდილობს Georgia-ს შესახებ რაიმე ინფორმაცია მოიპოვოს, თუმცა უშედეგოდ. საძიებო სისტემა მის ზუსტ იდენტიფიცირებას ვერ ახდენს, რადგან ამერიკის იმავე სახელწოდების შტატთან აიგივებს. ამ დროს კადრში მეორე წამყვანი ჩნდება, რომელიც ხმამაღლა ამბობს Sakartvelo! ამის შემდეგ ინფორმაციის მოძიება ადვილი ხდება.

ვიდეო საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, მეზობელი ქვეყნებისა და საზღვრების განხილვით გრძელდება. წამყვანი ცდილობს, დაადგინოს თუ რომელ კონტინენტს ეკუთვნის საქართველო – ევროპას თუ აზიას. ის მიმოიხილავს იმ ვერსიებს, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს. ამასთან, წამყვანი ცდილობს დაადგინოს, საიდან მომდინარეობს ქვეყნის ინგლისური სახელი Georgia. ის ამბობს, რომ ამის შესახებ არსებობს სამი ვერსია – ერთის მიხედვით, ის წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება; მეორეს მიხედვით, ბერძნულ სიტყვას, რომელიც მიწათმოქმედს ნიშნავს, ხოლო მესამე ვერსიით, სპარსული ენიდან მომდინარეობს და “მგლების ქვეყანას” ნიშნავს.

წამყვანი საქართველოს ადმინისტრაციულ დაყოფასაც დეტალურად და ბევრი ქართველისთვის შესაშურად კარგადაც კი მიმოიხილავს. ის ეხება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსაც და მაყურებელს მათ შესახებ ინფორმაციას აწვდის.

წამყვანს არც საქართველოს ღირშესანიშნაობების ჩამოთვლა და დახასიათება დავიწყებია.

“ციხესიმაგრეები, ეკლესიები, რაბათი, კაცხი, ასპინძა, ნინოწმინდა, ზღვის სანაპიროები… როგორც მიხვდით, ამ ქვეყანაში ყველაფერი ქვისგანაა გაკეთებული და საერთოდ ქართველებს ძალიან უყვართ ქვები”, – აღნიშნავს ის.

წამყვანი ქართულ ანბანსაც შეეხო, მიმოიხილა მისი ისტორია და ღირებულება და ქართველი ახალგაზრდების დახმარებით ის ასოებიც გამოამჟღავნა, რომლის წარმოთქმაც ყველა უცხოელს უჭირს. ესენია: წ, ჭ, ყ, ტ, ხ.

შოუს შემქმნელებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ხაჭაპურს მოუხდენია.

კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი საქართველოს საგარეო ურთიერთობებს ეხება. ვიდეოში აღნიშნულია, რომ ჩვენ ურთიერთობა მეზობლებთან “კოლეჯის დრამას” ჰგავს. რუსეთთან უცნაური დამოკიდებულება გვაქვს, თან ძალიან ვბრაზობთ და თან უცნაურ კავშირს ვგრძნობთ. წამყვანების აზრით, ჩვენი ქვეყანა ახლა ყველაზე მეტად უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს “ემეგობრება”.

ერთი სიტყვით, Geography Now-მ სახალისოდ, ეფექტურად და მოკლედ მიმოიხილა საქართველოს გეოგრაფიული, დემოგრაფიული, კულტურული და ისტორიული მდგომარეობა. აუცილებლად ნახეთ და უცხო თვალითაც შეხედეთ ჩვენს ქვეყანას.

On.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In კულტურა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *