ბიზნესმენი ლევან ვასაძე ორგანიზაცია “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” (FAD) ხელმძღვანელს,  მარი კორკოტაძეს პასუხობს.„პატივცემულო ქალბატონო მარი,

მივიღე თქვენი გზავნილი, რომელშიც თქვენ უსაფუძვლოდ მდებთ ბრალს, რომ მე თქვენ რატომღაც დაგცინით და მიუხედავად ამისა,  გადავწყვიტე დავაკმაყოფილო თქვენი მოთხოვნა შესაბამისი ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რადგანაც წერთ, რომ აუტიზმით დაავადებული ბავშვის დედა ბრძანდებით.

უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ ვუსურვო თქვენს შვილს ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე და მთელს თქვენს ოჯახს ყოველგვარი ბედნიერება და ღვთის წყალობა.

თქვენ თავადაც წერთ, რომ აუტიზმის გამომწვევი მიზეზები არ არის მეცნიერთა მიერ ბოლომდე დადგენილი.

ამრიგად ერთნაირი ალბათობით შეგვიძლია ვამტკიცოთ საპირისპირო.

მე დავამატებდი, რომ როგორც ჩანს, არც ისაა ბოლომდე დადგენილი, თუ რა არის თავად აუტიზმი, თუმცა რიგი ქცევითი დისფუნქციებისა, პატერნებისა და სინდრომებისა სახელდებულია „აუტისტურად.“

თქვენს თხოვნას რაც შეეხება, გიგზავნით ორ დოკუმენტს.

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფის ჩატარებულ მეტა კვლევას, ანუ რამდენიმე სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებულ კონსოლიდირებულ კვლევას, რომელიც ჩაატარეს ემილ როსსმა, დევონ გრეჰემმა, კელი მონიმ და გრეგ სტენვუდმა. კვლევა 2014 წელს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტულ, პროფილურ ჟურნალში, რომელსაც ქვია Neuropsycopharmacology და ითვლება ამ სფეროს სპეციალისტების ერთ-ერთ წამყვან რესურსად.

მეცნიერთა ნახსენები კვლევა ეხება სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკების ზეგავლენას ჩანასახზე და უტყუარად ამტკიცებს, რომ ნარკოტიკების მოხმარება უდავოდ იწვევს იმ დისფუნქციებს, პატერნებსა და სინდრომებს, რომლებიც ახასიათებთ მათ შორის აუტიზმის მატარებელი ადამიანების ქცევასაც.

გამარტივებული სქემატური სურათი ჩატარებული კვლევის შედეგად დადგენილი ნარკოტიკების მიერ გამოწვეული სინდრომებისა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ სქემაზე:

 

ხოლო თავად კვლევის სრულ ტექსტს, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგი ლინკის მეშვეობით, აშშ-ს ნაციონალური სამედიცინო ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე:

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4262892/

გერმანელი მეცნიერი და ექიმი, პროფესორი ფრიდრიხ ჰანსენი თვლის, რომ ნარკოტიკების მოხმარებასა და ამით გამოწვეული აუტიზმს შორის არსებული კავშირი აშკარაა. მისი ამ თემაზე შეხედულების რეზიუმე თან დართულია წერილის ბოლოს, ბმულში.

რეზიუმეში, სხვა კვლევებსა და დოკუმენტაციასთან ერთად ასევე მოყვანილია ამერიკელ მეცნიერთა ჯუფის (E. Davis, I. Fennoy, D. Laraque, N. Kanem, G. Brown, and J. Mitchell) კვლევა, რომელსაც ეწოდება Autism and developmental abnormalities in children with perinatal cocaine exposure, რომელიც ასევე ადასტურებს ნახსენებ დამოკიდებულებას.

დასასრულს, სინანულით აღვნიშნავ, რომ ის ფორმა, რომლითაც თქვენ არჩიეთ შემთვის მოგემართათ, მაფიქრებინებს, რომ აქ ეტყობა, სამწუხაროდ, ამაო იქნებოდა ჩემი განმეორებითი მცდელობა, კიდევ ერთხელ ამეხსენა თუ რა სახიფათო კანონპროექტს ეძღვნებოდა ჩემი მიმართვა და რომ ის ჩვენი მომავალი თაობის ნარკომანიზაციისაგან დაცვას ისახავდა მიზნად.

ის პირადი შეურაცხყოფა, დაცინვა და უსამართლობა, რასაც მე განვიცდი ჩემსავე ქვეყანაში სიმართლის თქმისათვის, ყველას აშოროს ღმერთმა. მაგრამ ეს არასოდეს მაჩერებდა მე სიმართლის თქმისაგან, როგორც მე ის მესმის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

თქვენ და თქვენს შვილსა და ოჯახის წევრებს კი, კიდევ ერთხელ, ღმერთმა არ მოგაკლოთ ყოველგვარი სიკეთე და ბედნიერება” – წერს ლევან ვასაძე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი