ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება. საქალაქო სასამართლოში სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

პროცესს ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაესწრება. მისი მოქმედი ადვოკატების გარდა, საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ სახაზინო ადვოკატები, რომელთა საქმეში დარჩენის სურვილი თავად ბრალდებულმა გამოთქვა.

პროცედურულად, დღევანდელ სხდომაზე მხარეები სასამართლოს შესავალი სიტყვით მიმართავენ. როგორც ცნობილია, შესავალი სიტყვით სასამართლოსთვის მხარეებს წინა ორ სხდომაზე უნდა მიემართათ, თუმცა ეს ვერც ერთხელ ვერ მოხდა.

პირველი სხდომა 5 მაისს დეკანოზის პროტესტის გამო ჩაიშალა, როდესაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სხდომა დახურა, ხოლო მეორე სხდომა – 19 მაისს სახაზინო ადვოკატების მოთხოვნით გადაიდო, რათა ისინი საქმის მასალებს გაცნობოდნენ.

„რეალურად, საქმის არსებითი განხილვა ხვალიდან იწყება. პირველ და მეორე სხდომაზე ჩვენ ვერ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ შესავალი სიტყვა წარმოგვეთქვა. დეკანოზი დაესწრება სხდომას, ის ბრძოლას ბოლომდე აპირებს, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომა მედიისთვის კვლავ დახურული იქნება, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ ხვალინდელ პროცესზე სხდომის საჯაროობას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

მხარეების გარდა, პროცესს დაესწრება მხოლოდ ომბუდსმენი, რომელმაც მოსამართლის ეს გადაწყვეტილება დღეს შეიტყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი