მათ, ვინც ინტერნეტმედიით სარგებლობენ, აუცილებლად ეცოდინებათ საკმაოდ პოპულარული გამოცემა – “GOGA.TV” .   ისინი  ენდობიან და კითხულობენ საიტზე გავრცელებულ ვიდეოსიუჟეტებსა და სტატიებს …  ცნობილი ადამიანების ბევრი აქამდე უცნობი ცხოვრებისეული შტრიხი  საზოგადოებამ სწორედ ამ ონლაინგამოცემიდან შეიტყო. ერთი სიტყვით, პოპულარულია და რეიტინგული. 

ჩვენ კი გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის goga.tv -ს რედაქტორი და დამაარსებელი გაგვეცნო. გოგა გოგილაშვილი საქართველოში არ ცხოვრობს და ამერიკიდან ხელმძღვანელობს  საიტს, რომელიც უმეტესად სწორედ საქართველოში მიმდინარე  ამბებს აშუქებს. როგორ ახერხებს ამას და რაში მდგომარეობს მისი წარმატების საიდუმლო, ამას თავად გოგასგან შეიტყობთ.

   გოგა გოგილაშვილი: 

– მეთექვსმეტე  წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ვცხოვრობ.  საქართველოში დავიბადე და გავიზარდე. რუსთავის სკოლაში ვსწავლობდი. ახლა ნიუ ჯერსში ვცხოვრობ.

goga.tv  12 წლისაა. აქტიური და სწორი მენეჯმენტით მივაღწიეთ იმას, რომ საიტი სტაბილურად მუშაობს და წარმატებულია. საქართველოში მას ყველა იცნობს.

   _ წარმატების საიდუმლოს ხომ ვერ გაგვიმხელთ?

_  ჩემი ძირითადი საქმიანობა ინტერნეტ მარკეტინგია. ვინაიდან ინტერნეტ ტელევიზიაა, ყველაფერი ისე მაქვს მოწყობილი, რომ რედაქტირება და ზოგადად ყველა სარედაქციო სამუშაო ინტერნეტით ხდება. 8 ჟურნალისტი გვყავს და ყველა ქართველია. 6 საქართველოშია და 2 ამერიკაში. ვცდილობთ, მნიშვნელოვანი და ექსკლუზიური ნიუსები მივაწოდოთ აუდიტორიას. სულერთია, ინფორმაცია ამერიკიდან იქნება, ევროპიდან თუ საქართველოდან. მომხმარებელი ყველა ქვეყანაში გვყავს. კიდევ ბევრი გეგმები გვაქვს.

   _ goga.tv-ის შექმნის იდეა რატომ გაგიჩნდათ?

_ ჩემთვის ნებისმიერი სირთულე და გამოწვევა საინტერესოა.  გადაწყვიტე, ემიგრანტებისთვის გამეკეთებინა საიტი, რომელზეც განთავსდებოდა მათთვის საინტერესო ინფორმაციები, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ გაფართოება იყო საჭირო. goga.tv-ს ჟურნალისტებმა თავიანთი საქმე კარგად იციან, თუმცა იდეებს მიზიარებენ და მე ვუდასტურებ, ან – არა.

   _ საიტის ძირითად მიმართულება რა არის? 

_ პოლიტიკას ნაკლებად ვაშუქებთ. არ მინდა, ვინმეზე მიკერძოება მოგვაკერონ. ჩვენი ძირითადი ინტერესის სფეროა კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი… ინფორმაციების დიდი ნაწილის მომზადება საქართველოში ხდება. თითქმის ყველა ცნობილ ქართველთან გვაქვს ჩაწერილი ინტერვიუ.

 _ ანუ, არავინ დარჩა, ვისაც სიამოვნებით შეხვდებით და მასზე მოუთხრობთ მკითხველს?

_ როგორ არ დარჩა. მაგალითად, სამორე ბალდესთან მინდა ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვუკავშირდებით.

 _ რატომ დაარქვით მაინცდამაინც goga.tv?

_ გოგა მქვია, თან მარტივი სახელია და ადვილად დასამახსოვრებელი,  ეს იყო ჩემი მიზანიც.

_ როგორ წარმოგიდგენიათ goga.tv 10 წლის შემდეგ?

_ 10 წლის შემდეგ წარმომიდგენია ისე, რომ მეყოლება ჟურნალისტები თითქმის ყველა ქვეყანაში. თბილისში მექნება ჰოლდინგი და დანარჩენს სიურპრიზად დავტოვებ.

_ კომპიუტერის გარდა, რით ერთობა თავისუფალ დროს gogaTV-ს მფლობელი?

_ შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ხშირად არ ვარ  კომპიუტერთან. მიყვარს ძმიშვილებთან გართობა, რომლებიც ასევე ამერიკაში ცხოვრობენ. ვუყურებ ტელევიზორს, მეგობრებთან ვთამაშობ ჭადრაკს და ვსაუბრობ…

   წარმატებას და სურვილების ასრულებას ვუსურვებთ კოლეგას, გოგა გოგილაშვილს შორეულ ამერიკაში.

ნელი ვარდიაშვილი

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი