ორი კვირაა წამლებს ვსვამ და ზოგადი სისუსტის გამო ხშირად ვწევარ. მომწამლა ლიბიომ, რომელიც  ბაზარში ვიყიდე. გამყიდველს არ დაუმალავს, რომ ლობიო ქართული არ იყო და ის უცხოეთიდან შემოიტანეს.  გამაფრთხილა კიდეც,  ქართული ლობიო ბაზარში არ იყიდება. თუ ვინმე გეტყვის, რომ ქართულია, იცოდე, რომ გატყუებს და არ დაუჯეროო. ვიფიქრე, ნაცნობი ბაზარში არავინ მყავს, ყველა გამყიდველს სიტყვაზე უნდა ვენდო, ამიტომ ტყუილად ძებნას, ისევ ვიყიდი რაც არის მეთქი და ორი კგ ლობიოთი დავბრუნდი სახლში. ამ ლობიოს ამბავი euronews.ge -ს მკითხველმა უკვე იცის,  ამიტომ მხოლოდ დავიწუწუნებ: არ ვიცი რამ გადამრია, რომ ასეთი ლობიო მივირთვი. მას შემდეგ ავად ვარ…
     ავადმყოფობის დროს, მნახველებისგან კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე  ე.წ. ქიმიურად დამზადებულ პროდუქტებზე, რომელიც ჩვენს სამომხმარებლო დახლებზე იყიდება. თურმე ნუ იტყვით და უცხოეთიდან საქართველოში შემოდის პლასტმასის ბრინჯი, პლასტმასის მაკარონი, ლობიო, მჭადის ფქვილი, კომბოსტო…  ჩინეთში კომბოსტოს ქიმიური საშუალებებით ,,მოყვანის“ ვიდეომ ისე  აღმაშფოთა, ამ სასარგებლო ბოსტნეულს ალბათ აღარასდროს გამოვიყენებ საჭმელად.
   კომბოსტოს ქიმიურად ამზადებენ, კარტოფილი – გენმოდიფიცირებულია, სტაფილო, ჭარხალი  და მწვანილი შხამქიმიკატებით არის გაჯერებული, ანუ ბორშჩზე და ზოგიერთ სალათებზე უარი უნდა ვთქვათ. გაყინულ პროდუქტზეც ათასი ხმები ვრცელდება, თუმცა ვერც ახლადდაკლული ქათმისა და საქონლის ხორცს ენდობი, რადგან დიდი ალბათობით, ცხოველებსაც ქიმიური საშუალებებით კვებავენ ან ისეთ ვიტამინებს აძლევენ, რომელიც მათ ხორცს საკვებად საშიშს ხდის.
    ამ სიის გადამკიდეს კი არც გული შეგვრჩება ჯანსაღი და არც სხვა ორგანოები, რადგან შხამი ჩვენს ორგანიზმში ილექება და ათასგვარ დაავადებებს იწვევს. მოსახლეობა აფთიაქებს არის შესეული და ქიმიას ქიმიით ,,მკურნალობს“.  ხალხი დიდი ხანია საუბრობს მასზედ, რომ ჩვენი სამომხმარებლო დახლები სიცოცხლისთვის საშიში პროდუქტით არის სავსე, თუმცა ხელისუფლება ამაზე ყურს არ იბერტყავს და მათი ,,ქარავანი“ გზას ჩვეული სიმშვიდით აგრძელებს.  ჩინოვნიკების დიდი ნაწილი  თავად არის ამ შხამის საქართველოში შემომტანი, ზოგიც შემომტანებს ,,კრიშავს“ და ,,ფული ბაბაიას“ გაიძახის.
   ,,როგორ არ ეშინიათ ღმერთის?  სხვისი ერთი ლარიც რომ დავიტოვო, ვიცი, რომ მერე ათმაგად ვზღავ. ადამიანების სიცოცხლესთან მოთამაშეები და ფულის მკეთებლები, როგორ ცხოვრობენ ბედნიერადო?“ _ მეკითხება ჩემი შვილი და მე ვუხსნი, რომ მხოლოდ ფული არ არის ბედნიერება, თუმცა ვერ იმაზე მიპასუხია, რომ  ადამიანი,  რომელსაც მატერიალურად უჭირს და არ შეუძლია ექიმთან მივიდეს, საჭირო გამოკვლევები ჩაიტაროს, შვილს უმკურნალოს, როგორ შეიძლება იყოს ბედნიერი? უბედური კი ვუწოდოთ იმას, ვისაც აქვს ბევრი ფული, მკურნალობს, საზღვარგარეთ ისვენებს და დასეირნობს, როცა და როგორც გაუხარდება?
   პლასტმასის საკვებით დავიწყე და სად წავედით…
   ერთ-ერთი მნახველი მომიყვა, რომ რამდენიმე დღის წინ,  მაღაზიაში იყიდა  გასუფთავებული  სიმინდის ღერღილი და ღომი მოამზადა. ვინც ვჭამეთ ყველა ავად გავხდით. ზუსტად იგივე სიმპტომები გვქონდა, როგორც ახლა შენ მიყვები  _ დაგვეწყო პირღებინება, მუცელში თითქოს ქვები ჩაგვიწყვესო, ვეღარ ვსუნთქავდით. ისე ცუდად ვიყავით, როგორ გადავრჩით, არ ვიციო.
  იმედია, მეც გადავრჩები, მაგრამ არა მგონია ის ადამიანები გადაურჩენენ უფლის სამართალს, რომლებიც ხალხს ასეთი მდგომარეობისთვის სწირავს. ცდილობენ,  სამამულო პროდუქცია დააკნინონ,  გლეხი, ფერმერი შეავიწროვონ  და სამაგიეროდ, უცხოეთიდან ჩამოტანილი საწამლავი შემოგვაჩეჩონ. სამწუხაროდ, ასეთი მკვლელები საქართველოში ბევრნი არიან და ამიტომაც დგას რიგები ონკოლოგიურ საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებში, ლაბორატორიებში… ამიტომ არის აჭრელებული სოციალური ქსელები დახმარების მოლოდინში მყოფი, სასოწარკვეთილი ავადმყოფი ბავშვების ფოტოებით… ისინი შველას სთხოვენ რიგით ადამიანებს, აბა, მკვლელები ხომ არ დაეხმარებიან?!

ნელი ვარდიაშვილი

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი