გზა ახალციხიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე საკმაოდ შორია, თუმცა მონდომება, შრომა და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ  ამტკიცებს, რომ მანძილი მხოლოდ რიცხვებია და ოცნების ასრულება ყველას შეუძლია.

მაშინ მეათეკლასელი იყო, საკუთარ მეგობართან ერთად ინოვაციური ხელსაწყო – მულტიკლიმატიზატორი შექმნა, რომელიც ფერმერებს საქმეს უადვილებს და საინტერესო პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა. სწორედ ეს მრავალფუნქციური და ინოვაციური პროექტი აღმოჩნდა ახალგაზრდა ქართველი ფიზიკოსისთვის საერთაშორისო წარმატები საწინდარი.

19 წლის კარლო ხუციშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ფეხი დადგა ნასას – აშშ-ის კოსმოსურ ცენტრში. ქართველი მოსწავლეების გამოგონებამ ოკეანეებს გადაუფრინა და დიდი წარმატება და აღიარებაც მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე.

თუმცა ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო, როდესაც კარლოს ყურადღება ელექტოლიტის დაშლისას მწვანე სქემამ მიიპყრო. მისი კომპონენტების შესწავლამ და მსგავს სქემაზე მუშაობამ საკმაოდ დიდი ხანი გასტანა, თავიდან წარუმატებლად, რადგან მსგავსი კომპონენტების მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ და მამაკაცმა, ტელევიზორების ტექნიკური მომსახურების ცენტრიდან,  ყველაფერი შეცვალა.

ნათურა აინთო და მისი აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობაც მწვანე შუქის ფონზე დაიწყო. მწვანე სქემით დაწყებული საქმე შემდგომში ,,ტესლას“ ტრანსფორმატორით გაგრძელდა. ეს არის მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც უკაბელოდაა შესაძლებელი რამდენიმე მეტრის დაშორებით ნათურის ანთება. ამ მოწყობილობას აქვს სპეციალური პლაზმა, რაც სხვადასხვა ცდის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

შემდეგ იყო უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსი, დამსახურებულად მოპოვებული საპირიზო ადგილები, მეტი აღიარება და სტიმული სამომავლო სამეცნიერო საქმიანობისთვის.

ახალგაზრდა ქართველ ფიზიკოსს დღეისთვის 10-ზე მეტი გამოგონება, კიდევ უფრო მეტი პრიზი და გამარჯვება აქვს მოპოვებული, თუმცა სამომავლოდ საკუთარი საქმიანობის დახვეწას და  გამოგონებების დაპატენტებას გეგმავს.

გარდა სამეცნიერო საქმიანობისა გატაცებულია სპორტით, უყვარს კლასიკური მუსიკის მოსმენა, თუმცა დაკვრით დასარტყამ ინსტრუმეტებზე უკრავს.

კარლო სამუშაო პროცესების სირთულეებსა და საკუთარ პროექტებზე გვიამბობს, რომელიც არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ სოციალური მნიშვნელობისაცაა და მიზნად ისახავს, საზოგადოების წევრების საჭიროებების დაკმაყოფილებას და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

-გვიამბეთ თქვენს რამდენიმე პროექტზე, რაში მდგომარეობს მათი ინოვაციურობა?

-ერთ-ერთი ჩემი წარმატებული პროექტი არის ელექტრომაგნიტური იარაღი, რომელშიც მეტალი თავსდება და ეს მოწყობილობა მას საკმაოდ შორ მანძილზე ისვრის. ანუ აღარ არის საჭირო შესაბამისი ტყვია-წამალი. ეს გამოგონება მეგობართან ერთად წარვადგინე კონკურსზე და დიდი მოწონება დაიმსახურა.

ასევე ჩემი სასკოლო პროექტი იაკობის კიბე, რომელიც ასახავდა სხვადასხვა მოვლენას, სტატიკურ განმუხტვას, ასევე ნაპერწკლურ განმუხტვას და ა, შ. სწორედ ამ გამოგონებით კონკურსზე საპრიზო ადგილი დავიკავე და დიდ წარმატებას მივაღწიე.

-რას იტყვით მულტიკლიმატიზატორზე, რომელმაც უდიდესი საერთაშორისო წარმატება და ნასაში წასვლის შესაძლებლობა მოგიტანათ?

-ეს არის ინოვაციური ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სფეროში და ძალიან სასარგებლოა ფერმერებისთვის. ძირითადად ამ ხელსაწყოს სწორედ ფერმერები იყენებენ. მისი საშუალებით ისინი იგებენ მიწის ტენიანობას, ტემპერატურას, კლიმატს, ასევე პროგნოზებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. მულტიკლიმატიზატორი ასევე საშუალებას იძლევა ფერმერმა შეამოწმოს და აკონტროლოს მცენარეების შემადგენლობა. ის მრავალფუნქციურია და მზის ენერგიაზე იმუხტება.

სწორედ ამ გამოგოგნებით მე და ჩემმა მეწყვილემ გავიმარჯვეთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში საქართველოს მასშტაბით, რის შემდეგაც გავემგზავერთ ნასას კენედის ცენტრში. იქ ბევრი მეცნიერ გამომგონებელი და ასტრონავტი გავიცანი და მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება, რამაც მომცა უფრო მეტი მოტივაცია ჩემი სამეცნიერო საქმიანობისთვის.

-გვიამბეთ, სხვა საერთაშორისო წარმატებაზე  და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თქვენი კარიერული წინსვლისთვის ?

-საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას საკმაოდ ხშირად ვიღებდი და უმეტესად წარმატებით ვასპარეზობდი.

ერთერთი ასეთი გამოგონება იყო „ აქსერო ხელთათმანი“, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ხელსაწყოს სურვილისამებრ მართვაა შესაძლებელი. ამ პროექტით საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვედი და წარვადგინე ჩემი ქვეყანა.

ასევე ჩემ დასთან – ანა ხუციშვილთან ერთად გავაკეთე ინოვაციური პროექტი- უპილოტო გამნაღველი, რომლის სახელწოდებაცაა „ლაიფ სეივერი“. ეს არის აიპედში ჩაწერილი სპეციალური პროგრამა, რომელზეც რუკაა დატანილი და სხვადასხვა ტერიტორიაზე ნაღმის არსებობის შესახებ იძლევა ინფორმაციას. გვაქვს ორი დრონი, ერთი, რომელიც უშუალოდ ამოწმებს ტერიტორიას და ნიშნავს იმ ადგილებს, სადაც ნაღმია აღმოჩენილი და მეორე, რომელიც უკვე სხვადასხვა საშუალებით ამ კონკეტული დანაღმული ადგილების განეიტრალებას ახერხებს. სწორედ ამ გამოგონებით გავიმარჯვეთ იპოს საერთაშორისო ოლიმპიადაზე, სადაც  დავიკავეთ პირველი ადგილი და მივიღეთ უამრავი პრიზი.

სწორედ ამ წარმატების შემდეგ მიმიწვიეს კომაროვის სკოლაში, სადაც შემომთავაზეს რობოტექნიკის მასწავლებლობა.

-გარდა სამეცნიერო  მიზნებისა, ასევე თქვენი გამოგონებები ხშირად სოციალურადაცაა მნიშვნელოვანი. გვიამბეთ ამის შესახებ.

-ბავშვობიდან მაინტერესებდა ეტლით მოსარგებლე ადამიანების ცხოვრება და ის კონკრეტული პრობლემები, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ. მყავს ეტლით მოსარგებლე მეგობრები, რომლებთან ერთადაც შევქმენი ელექტრო ეტლი, რომელიც ბევრად მსუბუქია , ვიდრე სხვა ეტლები და შესაბამისად იძლევა უფრო სწრაფად და მარტივად გადაადგილების საშუალებას.  ასევე ამ ეტლს აქვს სენსორული სისტემა, რომ მისი გამოყენება უსინათლო ადამიანებისთვისაც იყოს შესაძლებელი.

პრობლემაა ასევე გარემოში, რომელიც არაა ადაპტირებული ეტლის მოსარგებლეებისთვის. ხშირად ვხედავთ პანდუსებზე გაჩერებეულ მანქანას ან ეტლის მოსარგებლეთა ადგილებს, რომელიც სხვა არაკონკრეტული საჭიროების მქონე ადამიანებს უკავია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შევქმენი სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ერთგვარად წინაღობააა ავტომანქანებისთვის და მათ ხელს უშლის დაიკავოს ეტლის მოსარგებლეთა კონკრეტული სადგომები. სპეციალური ბარათის საშუალებითაა შესაძლებელი მხოლოდ ამ წინაღობის დაძლევა.

-ამჟამად რას საქმიანობთ ?

ამჟამად მყავს მოსწავლეები, რომლებსაც ვასწავლი ინოვაციური მეთოდებით. მათთან ერთად ვმუშაობ სხვადასხვა პროექტზე და გამყავს ისინი ოლიმპიადებზე.

მიმაჩნია რომ ჩვენ ქვეყანაში სამეცნიერო სფეროს ნაკლებად ექცევა ყურადღება, რაც ძალიან ცუდია.ვცდილობ,  ჩემი აქტიური საქმიანობით ამ სფეროს განვითარებას შევუწყო ხელი და მეტი დაინტერესება გამოვიწვიო.

-თქვენი წარმატების ფორმულა:

-ყველა ჩემი წარმატების მიღმა არის ჩემი ცხოვრებისეული დევიზი, რომელიც მეხმარება ყველა სირთულის დაძლევაში – შეუძლებელი არაფერია !

 

 

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი