19 ხმით 2-ის წინააღმდეგ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები.

დღევანდელ სხდომას არ დასწრებია არც საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე. ჩაჩანიძის გადაყენებას ხმა მისმა თანაპარტიელებმაც მისცეს. ფარული კენჭისყრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თავმჯდომარის იმპიჩმენტს მხარი “პატრიოტთა ალიანსის” 8 წევრმა დაუჭირა.

როგორც ჩაჩანიძე აცხადებს, მისმა თანაგუნდელებმა დავალებები მიიღეს პარტიის ლიდერებისგან და ისინი გაურიგდნენ „ქართულ ოცნებას“.

“მე ვულოცავ ირმა ინაშვილს და პატრიოტთა ალიანსს , რომ მთლიანი ლუსტრაცია გააკეთეს რაც არიან და რა ოპოზიციური ძალაც არის. მე მინდა ჩემს ყოფილ მოადგილეს მოვუწოდო, გიორგი გოგიჩაიშვილს, რომ გიორგი ისეც დაგნიშნავენ ამ თამაშში და ძალიან თავს ნუ მოიჭრი ,ხუთი შვილის მამა ხარ რა. უბრალოდ , ჩვენ გვისაუბრია ამ თემებზე და რაღაც გაოგნებული სახით ნუ აცხადებ, რომ ეს არ არის თამაშები. დაგნიშნავენ, ნუ ნერვიულობ. ნუ გააკეთებ იმას, რომ ამ ქალაქში არ გამოგეყოფოდეს თავი,“-განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.

ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ის დარჩება საკრებულოში და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გააგრძელებს საქმიანობას.

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი