euronews.ge -ს სტატიებს, რომლებშიც ,,ავერსის კლინიკის” მიერ დაზარალებულები საკუთარ მდგომარეობას აღწერენ და პრობლემას, რომელიც მათ აქვთ, ექიმის უგულისყურობას, უვიცობას, უგულობას, დაუდევრობას და ფულისადმი დაუოკებელ ლტოლვას აბრალებენ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. საქმეში ,,ავერსის კლინიკის” თანამშრომლებიც ჩაერთნენ და დაზარალებულებს აქით დაუწყეს დავა _ ავერსის ექიმმა თუ არასწორი რჩევა მოგცა, სხვასთან ვერ წახვედი, რას უცდიდიო? მათი ლოგიკით, ავადმყოფებმა  ექიმიდან ექიმთან უნდა იარონ, რათა საჭირო და გადაუდებელი დახმარება მიიღონ. ასეც მოიქცა ჩვენი ერთ-ერთი რესპოდენტი ნათია სამაკაშვილი. როგორც თავად გვითხრა, 5 თვის ორსული სისხდენით მივიდა რუსთავში, ,,ავერსის კლინიკის” ექიმთან, ლელა თანდაშვილთან, რომელმაც ტელეფონით დამოძღვრა, რომ ამ დროს სისხდენა ჩვეულებრივი მოვლენაა და არ უნდა შეეშინდეს. ამგვარი რჩევის მიუხედავად, ორსული თბილისის კლინიკაში წავიდა, სადაც უთხრეს, რომ დაიგვიანა და საშვილოსნოს ყელი უკვე გახსნილი იყო. ნათიამ 5 თვის ბავშვი დაბადა, იოანე ძამუკაშვილი, რომელიც 2 წელია რეანიმაციის განყოფილებაში წევს და მშობლებსაც ვერ სცნობს. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც საკუთარ ტრაგედიაში ადანაშაულებს ნათია, შეწუხდეს ან ბოდიშის მოხდით შეეცადოს სიმართლის გარკვევას, მისი თანამშრომლები უმწეო მდგომარეობაში მყოფ დედას უტევენ და ამუნათებენ,  რომ თვითკრიტიკული უნდა იყოს და ყველაფერში საკუთარ დანაშაული დაინახოს.

რადგან ასეა და ,,ავერსის კლინიკის”- თანამშრომლები თავდაცვისთვის თავდასხმის მეთოდს მიმართავენ, გადავწყვიტეთ, მკითხველს და სათანადო ორგანოებს 2 წლის იოანეს მდგომარეობა და მისი ოჯახის ცხოვრება უკეთ გავაცნოთ.

კარგად წაიკითხეთ, რასაც ახლა დავწერთ, გაიაზრეთ, საკუთარ თავზე გადაიტანეთ და თუ სინდისი გაგიჭრით, ამის შემდეგ დაადანაშაულეთ საბრალო დედა, რომელიც შვილის დაბადების შემდეგ საავადმყოფოებში ათენებს და აღამებს.

2 წლის იოანე ძამუკაშვილმა, რომელსაც დაბადებიდან მზის სხივი არ დაუნახავს, სუფთა ჰაერი არ ჩაუსუნთქავს და დედას არ მოფერებია, უამრავი ოპერაცია გადაიტანა. ბავშვს სამჯერ დაემართა სეფსისი, სამჯერ გაუკეთეს თავზე შუნტირება, დაახლოებით, სამჯერ ედგა დრენაჟი თავში, გაუჩერდა ორივე თირკმელი და სამი დღე ბავშვი შარდს ვერ გამოყოფდა. ექიმებმა მშობლები შეამზადეს, ამას ვეღარ გადაიტანს და დაიღუპებაო, მაგრამ გაუძლო იოანემ. დიალეზიც გადაიტანა და ერთი კვირის შემდეგ აღდუდგა კიდევაც შარდვის გამოყოფის პროცესი. საწოლს მიჯაჭულ პატარა ბიჭუნას სათესლეზეც დასჭირდა ოპერაციის გაკეთება, რადგან წყალი ჩაუდგა. ტრახიოსტომაც გაუკეთეს, ანუ ბავშვს ყელი გაუჭრეს და იქაც აპარატი ჩაუდგეს. წარმოუდგენელია, როგორ იტანს პატარა ბიჭუნა ამდენს?

ეს ყველაფერი ორი წლის განმავლობაში მოხდა. როგორც ქალბატონი ნათია ამბობს, იაშვილის კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ექიმები თავს არ ზოგავდნენ იოანესთვის, თუმცა ოჯახს, ამ საავადმყოფოს ვალი _ 5 ათასი ლარი ახლაც აქვს, რადგან თურმე ოპერაციები არ ფინანსდება სრულად.

9 თვის შემდეგ იოანეს ეპილეფსიური გულყრები დაეწყო, არც ამ ავადმყოფობის მკურნალობას აფინანსებს სახელმწიფო სრულად, თურმე. მთლიანად, მხოლოდ საავადმყოფოში წოლა ფინანსდება და მკურნალობა არაო, გვითხრა ნათიამ და მკურნალობის 20 % ციციშვილის კლინიკაშიც ოჯახის გადასახდელია. განა რამდენი უნდა ჰქონდეთ შემოსავალი, ამ თანხების გადახდა რომ შეძლონ?

პატარა  იოანეს მშობლებმა, რა თქმა უნდა, საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროსაც მიმართეს დახმარების თხოვნით, თუმცა იქიდან ასეთი წერილი მიიღეს:

ეს ყველაფერი კი ოჯახს თავს ნათიას ნაადრევი მშობიარობის გამო დაატყდა, თუმცა გამწარებულ დედას ახლა ავერსის კლინიკის თანამშრომლები აქეთ უტევენ და გაღმით შეედავე, გამოღმით შეგრჩებას პოლიტიკით ხელმძღვანელობენ.

ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ დამნაშავე აუცილებლად ექიმია. ამ საკითხში ნამდვილად არ ვართ კომპეტენტურები და უდანაშაულობის პრეზუმპციასაც ვერ დავარღვევთ. ჩვენ გადმოგეცით ის, რაც დედამ გვიამბო. ნათია სამაკაშვილი თვლის, რომ ექიმის უგულისყურობის, დაუდევრობის მსხვერპლია და დროული დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, მდგომარეობა არ გაურთულდებოდა. დანარჩენი, სათანადო ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ. ჯანდაცვის სამინისტრო კი  უნდა დაეხმაროს ოჯახს უკიდურესად ავადმყოფი ბავშვის მოვლა- პატრონობაში.

შემოიჭირეთ ადამიანებო ქამრები, შეამცირეთ გაბერილი შტატები, გაუშვით სახლებში ყავის სმით დაღლილი თანამშრომლები, გაანახევრეთ ხელფასები, მიიღეთ ქვეყანაში ჩამოყალიბებული, მკაცრი ჯანდაცვის პოლიტიკა, ჩამოაცილეთ ექიმები ფარმაცევტულ კომპანიებს! ნუ აქციეთ ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული ექიმები, ადამიანების სიცოცხლით  მოვაჭრეებად. გეყოთ სინდისი!

თხოვნით მივმართავთ საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს, გია თვალავაძეს, მისმა უწყებამ შეისწავლოს 2 წლის იოანე ძამუკაშვილის მდგომარეობა, ავადმყოფობის ისტორია და გადადგას სამართალიანი ქმედითი ნაბიჯები.

 ასევე, მივმართავთ ჯანმრთელობის სამინისტროს სოყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს, მაია მაღლაკელიძე-ხომერიკს, გაითვალისწინოს ოჯახის მდგომარეობა და გამონაკლისის სახით (რადგან მართლაც განსაკუთრებული და იშვიათი მდგომარეეობაა) დაეხმაროს ოჯახს ფინანურად იოანეს მკურნალობაში.

ნელი ვარდიაშვილი

 

 

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი