Home ახალი დამატებული მოსამართლემ საქართველოს იურისდიქცია ამერიკის ტერიტორიაზე გაავრცელა

მოსამართლემ საქართველოს იურისდიქცია ამერიკის ტერიტორიაზე გაავრცელა

20 second read
0
22

ამბავს, რომელზეც ახლა მოგითხრობთ, ადვოკატი ზურაბ თოდუა კურიოზულს უწოდებს, რეალურად კი საქმე გაცილებით რთულადაა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ქვეყნის საზღვრებს გასცდა, არადა, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ქართული იურისდიქცია სხვა ქვეყნებში არ ვრცელდება და ყველა ქვეყანას საკუთარი კანონმდებლობა აქვს. რასთან გვაქვს საქმე ამჯერად? დასკვნა თავად გამოიტანეთ.

ზურაბ თოდუა:    

_ 2015 წლის მაისში, თბილისში, საქართველოს პოლიციელებმა გაჩხრიკეს აშშ მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა და აღმოაჩინეს 50 გრამი მარეხუანა. იგი სამდღიანი პატიმრობის შემდეგ 10 000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რამდენიმე დღეში, საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ დაამტკიცა საპროცესო შეთანხემაბა აშშ მოქალაქესა და მთავარ პროკურატურას შორის, რომლის მიხედვით, უცხოელი ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა 3 წლით პირობითი მსჯავრი, 10 000 ლარი ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე განაჩენით, მოსამართლემ გამოიყენა საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და ამერიკის მოქალაქეს აუკრძალა ავტომანქანის ტარების უფლება, ჩამოართვა პასიური საარჩევნო უფლება და სხვა აკრძალვებიც ზედ მიაყოლა.


ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განაჩენით, აშშ მოქალაქე ვალდებული გახდა, კვირაში ერთხელ პრობაციის სამსახურში (აშშ, ნიუჯერსიდან ქ. თბილისში) გამოცხადებაზე, რაც მან სამი წლის მანძილზე უნდა აკეთოს. გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პრობაციის ოფიცერი ვალდებულია, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს საქართველოს პროკურატურას სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის საფუძვლით (სსკ 381-ე მუხლი). ან ამავე მოქალაქემ უნდა გადაიხადოს სოლიდური თანხა საქართველოს ბიუჯეტში პრობაციის სამსახურში გამოუცხადებლობისათვის.
 უფრო კურიოზული და სავალალოა ამ პირის მიმართ პოლიტიკური საარჩევნო უფლების ჩამორთმევა – ამავე პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აუკრძალა აირჩიოს აშშ კონგრესმენი, აშშ სენატორი და აშშ პრეზიდენტიც კი. არანაკლები კურიოზია – ამავე პირის მიმართ მართვის უფლების ჩამორთმევაც (საინტერესოა როგორ უნდა გააკონტროლოს ქართულმა კანონმა საჭესთან სად და რომელ ქვეყანაში დაჯდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი (ქვეყნის ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს ერთი საშტატო ერთეული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ კანონის ამ ნაწილში აკრძალვის გასაკონტროლებლად).
კანონის უცოდინარობის გამოვლინება მოსამართლის განაჩენით
ჩემი პრაქტიკიდან მოხდა 2015 წელსაც ორი უცხოელის მიმართ. ანალოგიური მოთხოვნა გააჩნდა ბათუმის პროკურორს, მაგრამ ბათუმის მოსამართლემ (ხვიჩა კიკილაშვილი) არ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და მთლიანად გაიზიარა ჩემი მოთხოვნა ამ პირების მიმართ მხოლოდ ჯარიმის გამოყენების შესახებ და უარი უთხრა პროკურორს სხვა აკრძალვების დაკმაყოფილებაზე.
ამჟამად, საქართველოს პრეზიდენტი იხილავს საჩივარს ზემოაღნიშნული უმსგავსობის შესახებ და ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის შეწყალებაზე, ანუ იმაზე, თუ როგორ უნდა დაუბრუნოს საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის მოქალაქეს საარჩევნო ხმის უფლება.
მანამადე კი, უფლებაჩამორთმეული ამერიკელი ელოდება როდის დაუბრუნდება საარჩევნო უფლება, საჭესთან დაჯდომისას აქვს შიში, როდის დაადგება თავზე ქართული საპატრულო პოლიცია ამერიკის ავტომაგისტრალზე და ოცნებობს თავისი სამი შვილთაშვილის მონახულებაზე, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან (საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაცემული სათანადო განკარგულების გარეშე, მას საქართველოს პოლიცია, კიდევ ერთხელ, ამჟამად, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის დააპატიმრებს).
მანამ, სანამ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ სათქმელს იტყვის, ფაქტია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე – შორენა გუნცაძე გასცდა ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებს და ქართული იურისდიქცია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზეც გაავრცელა.

წყარო: გაზეთი “ქრონიკა+”

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *