„სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის“ თავმგდომარემ, თამაზ ელიზბარაშვილმა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის  მინისტრს, დავით სერგეენკოს განცხადებით მიმართა.

„ბატონო დავით, გახლავართ თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი საშინელი სტიქიური უბედურების შედეგად ყველაზე  მეტად დაზარალებული გივი სვანიძის ქუჩის მაცხოვრებელი. ამ ქუჩაზე სტიქიის დროს 8 ადამიანი გარდაიცვალა. ახლა კი, მთავრობამ გადაწყვიტა, ამ ქუჩაზე ძლივს გადარჩენილი მოსახლეებიც ამოგვწყიტოს!

 

საქმე იმაში გახლავთ, რომ სვანიძის ქუჩაზე  საშინელი ანტისანიტარია მძვინვარებს.  ქუჩის ბოლოს, მდინარე ვერეს მიმდებარედ, საბურთალოს სასაფლაოს ფერდობზე გაჭედილია საკანალიზაციო კოლექტორი, რის შედეგადაც, მთელი ბაგებისა და წყნეთის კანალიზაცია მდინარე ვერეში ჩაედინება. ფეკალიებით სავსე წყალმა თვითონ გაჭრა კალაპოტი და ეს ბინძური სითხე, რომელიც უკვე მდინარე ვერეს შენაკადად გადაიქცა, გარდა იმისა, რომ აბინძურებს მდინარე ვერეს და მთლიანად ჩვენი ქალაქის ეკოლოგიას, საშინელი სუნით ახრჩობს სტიქიას გადარჩენილ მოსახლეობას. აღნიშნულ ადგილას რამდენიმე ჭაობია წარმოქმნილი და ყარს! დაბინძურებული ეკოლოგია კი წამლავს არამარტო ჩვენი ქუჩის მოსახლეობას, არამედ, მთელ თბილისს, რადგან, მოგეხსენებათ, ამ საკანალიზაციო ფეკალიებით დაბინძურებული მდინარე ვერე თითქმის მთელ დედაქალაქს გაივლის.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.  ზაფხულია და უკვე დიდი სიცხეებიც დაიწყო. ჭაობიან შენაკადად ქცეული საკანალიზაციო სითხე კი ანტისანიტარიის ბუდეა და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. თვალნათლივ ჩანს, რომ ამ ადგილას უკვე მომრავლდნენ ქვეწარმავლები, მღრნელები, მწერები…  მოგეხსენებათ, ეს საბურთალოს სასაფლაოსკენ მიმავალი გზაა და ამ ქუჩაზე უამრავი გამვლელია. ისინი ყოველდღიურად ჩივიან, რომ ქვეწარმავალსა თუ მღრნელს გადაეყარნენ.

ბატონო დავით, ზემოთაღნიშნული ვითარება დაწვრილებით ვაცნობეთ თბილისის მერიას და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ვთხოვეთ, სასწრაფოდ მოეგვარებინათ აღნიშნული პრობლემა, რათა სუნთქვისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალება გვქონოდა სტიქიისგან ძლივს გადარჩენილ მოსახლეობას, მთელ დედაქალაქს და ასევე – არ დაბინძურებულიყო ქვეყნის ეკოლოგია.

როგორც ჩანს, ჩვენი ეს განცხადება თბილისის მერიამ წყალმომარაგების კომპანიას, შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს გადაუგზანვა. ამ კომპანიამ კი მიმდინარე წლის 22 ივნისს მოგვწერა, რომ მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შესწავლა და საკითხის სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა დამატებითი დრო, რის შემდეგაც შედეგს გვაცნობებენ.

ბატონო დავით, აღნიშნული პრობლემა გუშინ არ დაწყებულა. სტიქიის შემდეგ, ამ ქუჩაზე, საკანალიზაციო მილების გამო,  მუდმივად საშინელი ანტისანიტარია სუფევს. სტიქიიდან 2 წელი გავიდა და დედაქალაქის მთავრობამ  კანალიზაციის საკითხიც კი ვერ მოაგვარა, რომ აღრაფერი ვთქვათ უსაფრთხოებისათვის საჭირო დამცავი ნაგებობების მშენებლობაზე.

ბატონო დავით, ამჯერად მოგმართავთ თქვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვაზე მზრუნველ მინისტრს, რომ დაგვეხმაროთ და აიძულოთ შესაბამისი ორგანოები, სასწრაფო ზომები მიიღონ ან გვიპასუხოთ კითხვებზე:

  1. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, სანამ წყალმომარაგების კომპანია საკითხის სირთულეში გაერკვევა და რაიმე ზომებს მიიღებს, ემუქრება თუ არა სვანიძის ქუჩაზე საცხოვრებლად დარჩენილ 82 ადამიანს, და არამარტო მათ, რაიმე სახის ეპიდემია?
  2. თქვენ, როგორც ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, თუ ამ საშინელი ანტისანიტარიის გამო, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რაიმე სახის საფრთხე დაემუქრება?

გიგზავნით ასევე  სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას, სადაც კარგად ჩანს ჩვენს მიერ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტე“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი