განათლება

მთავრობამ ადრეული, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი სახელმწიფო სტანდარტები დაამტკიცა

ბავშვთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს (თითოეულ ჯგუფში – მინიმუმ ერთს) პირველადი გადაუდებელი დახმარების შემსწავლელი თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს. – ეს არის ერთ- ერთი მოთხოვნა, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებში არის გაწერილი. სტანდარტები საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და დღეს 1 ნოემბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები განსაზღვრავს თუ რა ცოდნას და უნარ-ჩვევებს უნდა იძენდეს ბავშვი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში, ასევე განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს გარემო. მისი დაცვა სავალდებულოა ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებისათვის (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა).

სტანდარტები აერთიანებს სამი სახის სტანდარტს:

ა) ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტს;

ბ) სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს;

გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტს

ვრცელ დოკუმენტში, უსაფრთხოება და დაცულობა ცალკე თავადაა წარმოდგენილი

მათ შორის აღნიშნულია, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების როგორც შიდა სივრცეში, ისე ეზოში იკრძალება თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება. დოკუმენტში ასევე წერია,რომ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციის მექანიზმები. სტანდარტებში საუბარია ბავშვთა უფლებებზეც და მოცემულია რეკომენდაციები თანამშრომლებისათვის, იმისათვის რომ შექმნან არაძალადობრივი გარემო. დოკუმენტში წერია:

„დაწესებულების თანამშრომლები ქმნიან არაძალადობრივ და არადისკრიმინაციულ გარემოს. სტანდარტის ინდიკატორები:

ა) დაწესებულების თანამშრომლები პროგრამის ფარგლებში იცავენ ბავშვის უფლებათა კონვენციას;

ბ) დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ ძალადობის სხვადასხვა ფორმის (ფიზიკური, ემოციური, სექსუალური ძალადობა, უგულებელყოფა) ნიშნების ამოცნობა;

გ) დაწესებულების თანამშრომლები იცნობენ კანონმდებლობით დადგენილ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს და ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, მოქმედებენ აღნიშნული პროცედურების შესაბამისად;

დ) პროგრამაში ჩართული მხარეების ურთიერთობები ამ სტანდარტების მე-16 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისია;

ე) აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი თითოეულ ბავშვთან ურთიერთობისას, ამკრძალავი სიტყვების, ტყუილისა და დაშინების ნაცვლად, იყენებენ პოზიტიურად ფორმულირებულ დებულებებსა და მართვის სტრატეგიებს;

ვ) დაწესებულების თანამშრომლები იცავენ თითოეული ბავშვისა და ოჯახის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას, არ განიხილავენ ბავშვს/ბავშვის ოჯახს მისი და სხვა ბავშვების თანდასწრებით;

ზ) დაწესებულების თანამშრომლების დამოკიდებულება თითოეული ბავშვისა და უფროსის მიმართ არადისკრიმინაციულია;

თ) დაწესებულების თანამშრომლები უყურადღებოდ არ ტოვებენ ბავშვებისა თუ უფროსების მიერ სხვადასხვა ნიშნის საფუძველზე (ეთნიკური, ენობრივი, რელიგიური, განსხვავებული საჭიროებების, ასაკის და სხვა) გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ან ქცევას და ხელს უწყობენ სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას;

ი) დაწესებულების თანამშრომლები მუშაობენ მშობლებთან ბავშვთა უფლებების საკითხში, მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით.“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close