ისტორიკოსი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს:

,,2017 წლის 27 მაისს თბილიში სასტუმრო “ბილტმორში”დიასპორის დღეებისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა, რომელიც გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა მიხეილ ჯანელიძემ. მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. პატრიარქმა თავის გამოსვლაში ბრძანა:,,რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში. ახლა მოგიწოდებთ – იყავით იქ, სადაც ბრძანდებით. მაგრამ, ამავე დროს, იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა უპირველეს ყოვლისა საქართველოსთვის.

 მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული კულტურა. ეკლესია-მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში, გახდა ცენტრები ჩვენი სულიერი, ქართული კულტურისა, შეიქმნა წრეები ქართული ცეკვის, სიმღერის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ”, – ბრძანა უწმინდესმა და დიასპორის წარმომადგენლებს თხოვა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

“შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ, საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობელი ვართ იმისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ”, – ბრძანა უწმინდესმა”.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი