არსებობს საინტერესო ლეგენდა, რომელიც მოგვითხრობს, რატომ ეწოდა თბილისის ერთ-ერთ უბანს სამგორი.

ლეგენდის თანახმად ლოჭინის ხევში ცალხელა მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც ქალაქისთვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა. მან ერთხელ სიკვდილს გადაარჩინა შვლის ნუკრი, შინ წაიყვანა და თავის შვილებთან ერთად დაიწყო მისი გაზრდა. როცა მოხუცი გარდაიცვალა მისი საქმიანობა, მისმა ვაჟებმა გადაიბარეს.

ერთ დღეს, როცა მტერი გამოჩნდა, უფროსი ძმა ჩირაღდნით ხელში სვეტზე ავიდა, მაგრამ მტრის ისარმა გულ-მკერდი გაუგმირა. მეორე ძმამაც სცადა ცეცხლის ატანა, თუმცა მანაც უფროსი ძმის ბედი გაიზიარა. მანამდე ძმებს მოესწროთ, რომ შველი, კისერზე ჩამოკიდებული წერილით, ქალაქში გაეშვათ. ქალაქმა მტრის შემოსევა შეიტყო და ლაშქარი შეკრიბა. შველი როცა უკან დაბრუნდა და პატრონები დაღუპულები ნახა, თავი ქვას ახალა და ამგვარად მოიკლა თავი. ბრძოლის შემდეგ ქართველებმა იპოვეს გარდაცვლილი ძმებიც და მკვდარი შველიც. სამივე გვერდი-გვერდ დაასაფლავეს. მეომრებმა მათ საფლავებს სათითაოდ დააყარეს თითო მუჭა მიწა. ამის შემდეგ ყოველი ბრძოლის დასასრულს მიდიოდნენ და საფლავებს მუჭით მიწას აყრიდნენ. ასე წამოიზარდა იმ ადგილას სამი გორა, რომელთაც შემდეგ სამგორი ეწოდა.

არსებობს მეორე თქმულებაც, რომელიც მოგვითხრობს, რომ ვახტანგ გორგასლის წინამძღოლობით ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა სპარსელები, თუმცა ამ ბრძოლას ბევრი ქართველიც შეეწირა. გამარჯვებულებმა დაღუპული თანამებრძოლები სამ საფლავში ჩააწვინეს და ყველა მეომარმა თითო მუჭა მიწა მიაყარა. აქედან წარმოიშვა სამი გორა და ეწოდა სამგორი.

თბილისში, სამგორი ისტორიული უბანია. იქ წინათ მუხროვანის მეურნეობა იყო. სამგორში 1971 წლის მაისში გაიხსნა მეტროს სადგური, რომელიც დააპროექტა ნ. ლომიძემ. სამგორის რაიონში მდებარეობს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობია საერთაშორისო აეროპორტი, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საკოლმეურნეო ბაზარი სა ა.შ.

ნეკა ნათელაშვილი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი