სკანდალი!

„თევზი თავიდან ყარს“ _ ეს გამონათქვამი ზედგამოჭრილია ჩვენს რეალობაში, როცა დედაქალაქი თავკომბალადაა ქცეული. პოზიტიურიც და ნეგატიურიც იქ იყრის თავს..

ბევრჯერ გამიგონია, პროვინციებში  ნაკლებად შეხვდები  უზნეობასო. ალბათ, ინტერნეტმა საზღვრები წაშალა და ყველაზე მალულ ხვეულებშიც, როგორც გურიაში იტყვიან, „გადაკარგულშიც“ შეაღწია, მაგრამ უზნეობას, პროგრესს, განვითარებასა და უსაზღვროებას რა კავშირი აქვს იმ თემასთან, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ, თავად განსაჯეთ..

სკოლა და მასწავლებელი ის თემაა, რომელიც დღევანდელ პრესასა და ტელევიზიაში  „ლეგალიზაციას“, „ნარკობიზნესს“, „ტერორიზმს“ _ უკვე კონკურენციას უწევს. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა მე-4 თემადაც კი შეხვდებით ან ზოგჯერ, სულო ცოდვილო, დღის თემადაცაა „გამოჭიმული“. არადა, ვის დაჰკარგვია ეს „მორჩილი საზოგადოება“, ვის გაახსენდა, მასწავლებელი, რომელსაც ამდენი უფროსი ჰყავს: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრი, მანდატური, დირექცია, კათედრა, მოსწავლე, მშობელი, მშობლის „დაქალი“, „ძმაკაცი“… მაგრამ აი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას და მასთან ერთად მის მორიგ „შემოქმედებს“ (4-5 წლის განმავლობაში მოღვაწე და გამოცვლილ მინისტრებს) ყველაზე მეტად ახსოვთ, „ედარდებათ“ და „ეიმედებათ“.

დანარჩენი საქართველოს პედაგოგებზე ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ გურული მასწავლებლების დიდი ნაწილისათვის აღნიშნული სქემა თავსმოხვეულია და ის, რეალურად არც მის პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე და არც მოსწავლეზეა გათვლილი. ეს სქემა უფრო იმ ტანისამოსს მოგაგონებთ, რომელიც, მართალია, სადღესასწაულოდ მოამზადეს, მაგრამ იმდენ ადგილზეა გადაკერებულ-გადმოკერებული, თავმოყვარე ქალი „კუხნაშიც“ არ ჩაიცვამს. პედაგოგები კერძო საუბრებში აღნიშნავენ, რომ მათ ბოლომდე არც კი იციან, რა მოეთხოვებათ, წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე მასში შესულ ცვლილებებში გარკვევა კი „ყოვლისმცოდნე“ ტრენერებსაც უჭირთ.. როცა კითხვა უჩნდებათ, ხშირად მოწვეული ტრენერი იშმუშნება, დაბნეულობისგან ტელეფონით ხან ერთ  მასზე უფრო „გათვითცნობიერებულს“ ეხმიანება, ხან _ მეორეს. „ისეც ყოფილა, „იქიდანაც“ ვერ მიუღიათ პასუხი და შეპირებიან, დავაზუსტებთო“..

ცნობისათვის: წლების წინ დაწყებულ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა მოჰყვა. გამოცდები დარჩა, როგორც წინსვლისთვის ერთ-ერთი აუცილებელი და ადვილად მისაღწევი საშუალება. თავიდან პედაგოგები აპროტესტებდნენ, მაგრამ სქემამ ისე არივდარია ყველაფერი, გამოცდებს უკვე ყველაზე სკეპტიკურად განწყობილნიც აბარებენ. მიმზიდველი იყო სახელფასო დანამატების დაპირებებიც, მაგრამ რეგიონების კერძო სკოლების მასწავლებლები ამას მოკლებულნი არიან.

რაც შეეხება სქემას, მის უდიდეს ნაკლზე მხოლოდ ორი სერიოზული ფაქტორიც მეტყველებს. ისევ პედაგოგებს თუ მოვუსმენთ, მასწავლებლები ერთ-ერთ სავალდებულო აქტივობას _ თვითშეფასების კითხვარს თურმე სხვებს ავსებინებენ და ამას ვერავინ აკონტროლებს _ ანუ ისინი აკეთებენ იმას, რაც სკოლის მოსწავლესაც კი არ ეპატიება. და მეორე. სქემით გათვალისწინებული ე. წ. გარე დაკვირვება გაკვეთილებზე მასწავლებელს აიძულებს (ან ხელს უწყობს) მიაფუჩეჩოს ნებისმიერი განვეთილი, გარდა ერთისა ან თუნდაც ხუთისა, რომლებზედაც მოვლენილი სპეციალისტები დაესწრებიან?!!!

და ისევ პირველად ნათქვამს დავუბრუნდებით. ქვეყნის მომავალს ვერ შექმნიან მასწავლებლები, რომელთაც მოსწავლეები უპატივცემულოდ ექცევიან, მეტიც, უწმაწური სიტყვებით მიმართავენ (დღეს შემთხვევით გავიგონე ერთ-ერთი სოფლის მასწავლებლის ჩივილი და ამ სტატიის დასაწერი სტიმულიც ამან მომცა_ მოსწავლეები, ჩვეულებრივად, გვაგინებენო), სიგარეტს, მარიხუანას ცხვირში უბოლებენ. ამ პრობლემას კი თუნდაც ყველაზე იდეალური  სქემა ვერ მოაგვარებს. ქვეყნის ბედზე შეწუხებული მასწავლებლები (რომელთა შორის ბევრს გამოცდა აქვს ჩაბარებული, ბევრს _ არა) თანხმდებიან, რომ სკოლას მანდატური ვერ უშველის, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული ჩართულობა. არავინაა დაზღვეული, კიდევ ბევრი ტრაგედია დატრიალდეს სკოლებში. ისინი ამბობენ, რომ განათლებას სწორი რეფორმა,  მასწავლებელს კი ტრიბუნა სჭირდება, სადაც რეალური პრობლემები დაისმება.

საუბედუროდ, განათლების რეფორმის შედეგად მიღებულ სკოლაში სამი ტიპის მსხვერპლი მივიღეთ: მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი. ამას კი განგაშის ზარები და სერიოზული, უაღრესად სერიოზული დაფიქრება სჭირდება!  

მარიამ რამიშვილი

 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი