Home ახალი დამატებული მასთან გატარებული ყოველი დღე ჯოჯოხეთს ემსგავსებოდა_ 29 წლის ეკატერინეს ნაამბობი

მასთან გატარებული ყოველი დღე ჯოჯოხეთს ემსგავსებოდა_ 29 წლის ეკატერინეს ნაამბობი

24 second read
0
54

ეკატერინე ტაბახმელაშვილი – 29 წლის;
ახმეტა. ქვემო ალვანი;
მშობლები-მამა ანდრია, დედა – მერი. მყავს ორი და, ნინო და მარინა,
შვილი – ლელა.

ეკატერინე ტაბახმელაშვილმა საკუთარი ცხოვრების შესახებ მოგვითხრო:  
– დავიბადე 1987 წლის 2 სექტემბერს, ქალაქ თელავში, ერთ ჩვეულებრივ, ქართულ-ტრადიციულ ოჯახში. მამა თელავის სახელმწიფო თეატრში მუშაობდა რეკვიზიტორად. დედა კი თელავის ძაფსახვევ ფაბრიკაში. ვცხოვრობდით ისე, როგორც ყველა ტკბილი და კეთილშობილი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ…

ქვეყანაში დაიწყო არეულობა და გაჭირვებამ მოიცვა საქართველო. დაიხურა ქარხნები, ფაბრიკები, გაუფასურდა კუპონი. ფული არ იშოვებოდა და თითქმის ყველა ოჯახში დაისადგურა გაჭირვებამ. ჩვენს ოჯახსაც საგრძნობლად შეეტყო უსახსრობა, რადგან  ჩემი მშობლები სამსახურის გარეშე დარჩნენ. დედა-მამა ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და ცდილობდნენ, ჩვენთვის, შვილებისთვის ლუკმა პური მოეტანათ და მშივრები არ ვყოფილიყავით. მათი უდიდესი მცდელობის მიუხედავად, ჩვენს ოჯახს ცხოვრება გაუჭირდა. 7 წლის ასაკში ვიყავი, ჩემმა მშობლებმა რომ გადაწყვიტეს საცხოვრებლად სოფელ ქვემო ალვანში გადასვლა, სადაც ბებიის დანატოვარი სახლი და მიწის ნაკვეთი გვქონდა. მათმა დაუღალავმა შრომამ ცოტა ფეხზე წამოგვაყენა, ვამუშავებდით მიწის ნაკვეთს, მოგვყავდა ბოსტნეული, გავიჩინეთ ძროხა, ქათამი, ღორი და ა.შ. მოკლეთ,  მთელი ოჯახი ჩავერთეთ სოფლის მეურნეობის საქმიანობაში.

ასე ვიზრდებოდი, შრომასა და გარჯაში, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. 2005 წელს დავამთავრე ქვემო ალვანის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩავირიცხე თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსამზადებელ ფაკულტეტზე, სადაც ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი. 2006 წელს ამავე უნივერსიტეტში ჩავაბარე  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე. ერთი წლის შემდეგ შევქმენი ოჯახი, რის გამოც მომიწია სწავლის შეწყვეტა. 2008 წელს შემეძინა შვილი, ჩემი პატარა ანგელოზი – ლელაკო.

 შვილის გაჩენის შემდეგ ოჯახში ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც ვგეგმავდი და როგორც მინდოდა. ნელ- ნელა აირია ჩემი ცხოვრება, მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა გაუთავებელი უსიამოვნება. მუდმივად სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს, მამწარებდა და მასთან გატარებული ყოველი დღე ჯოჯოხეთს ემსგავსებოდა. ურთიერთობა დღითი დღე იძაბებოდა და ვატყობდი რომ ამ ოჯახში ჩემი არსებობა გაუსაძლისი იყო. წამოვედი მეუღლის ოჯახიდან შვილთან ერთად და ჩემს მშობლებთან გავაგრძელე ცხოვრება. ვიყავი დეპრესიაში, რადგან ოჯახის დანგრევა დიდ ტრაგედიად მიმაჩნდა, მრცხვენოდა საზოგადოების. გავიდა დრო და მივხვდი, აუცილებლად უნდა მეპოვნა რაღაც ძალა და მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, ჩავრთულიყავი საზოგადოებრივ საქმიანობაში, მაგრამ სად უნდა წავსულიყავი? გადავწყვიტე, ისევ სწავლა გამეგრძელებინა და გზაც გამოჩნდებოდა. ჩავირიცხე ახმეტაში, საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ფილიალში :დაცვა -პატრულირების ფაკულტეტზე.
სწავლის დაწყებამ, სახლიდან გასვლამ, ახალი მეგობრების შეძენამ მომცა ცხოვრების ხალისი და შინაგანად ჩამომიყალიბდა ბრძოლის უნარი. გულში თითქოს პროტესტი გამიჩნდა ყველა იმ მამაკაცის მიმართ, ვინც ქალზე ძალადობდა და გადავწყვიტე, პოლიციელი გავმხდარიყავი, რათა დამესაჯა ყველა ის მოძალადე, ვინც ქალზე ხელს აღმართავდა, ქალს დაჩაგრავდა. ამ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მორიგი  სიახლეების ძებნაში, პოლიციის აკადემიაში ჩაბარება. დიდი სურვილი მქონდა აკადემიაში მესწავლა და პოლიციის მუნდირი ღირსეულად მეტარებინა, მაგრამ ჩემი ეს მცდელობა სრულიად უშედეგო აღმოჩნდა. სამჯერ გავედი აკადემიაში გამოცდაზე და სამჯერვე გასაუბრებაზე ჩავიჭერი. გული დამწყდა, რომ პოლიციელობა არ მეღირსებოდა, დავყარე ფარხმალი და ამ მარცხსაც შევეგუე, მაგრამ გული რაღაც კარგს მიგრძნობდა, თითქოს სიახლის მოლოდინში ვიყავი.
ერთ მშვენიერ დღეს, მეგობრისგან შევიტყვე იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელსაც „ქალები სამართლიანობისთვის“ ჰქვია. სწორედ იმ პერიოდში ეს ორგანიზაცია ტრენინგებს მართავდა ქალაქ თელავში. წავედი და დავესწარი მათ ტრენინგებს. იქ მოსმენილი თემების გააზრების შემდეგ კი მივხვდი, რომ ასეთ ორგანიზაციასთან და მის ხელმძღვანელ, კეთილშობილ ქალბატონებთან მჭირდებოდა ურთიერთობა და თანამშრომლობა. ჩემში შინაგანად მოხდა დიდი გარდაქმნა და იმედის სურვილი ჩამესახა.

ნათია და ნატო გაცნობის წუთიდანვე შემიყვარდნენ. მე მათი თავი ღმერთმა გამომიგზავნა. ძალიან უშუალო, თბილი, კეთილი და ღირსეული ქალბატონების შთაბეჭდილება დამიტოვეს. მათთან ურთიერთობის ყველა მომენტი ძალიან თბილად მახსოვს. მე მათ ცხოვრება გამილამაზეს და მათი წყალობით ვიქეცი აქტიურ და ძლიერ ქალად. ამ 4 წლის მანძილზე თუ რამე გავაკეთე და რამეს მივაღწიე, მხოლოდ ამ ადამიანებისა და მათი ორგანიზაციის დამსახურებაა. ორგანიზაციის უდიდესი დამსახურებაა ისიც, რომ გავიცანი ძალიან ბევრი აქტიური და წარმატებული ქალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და რაიონიდან. დღემდე თითქმის ყველასთან მაქვს ურთიერთობა. ეს ქალები ორგანიზაციამ ერთ მუშტად შეკრა და დააახლოვა.


ჩემს სოფელში დავაფუძნეთ ა/ო „ქალები სამართლიანობისთვის“ სტრუქტურული ერთეული „ქალთა სახლი ალვანი“. სივრცე, სადაც სოფელში მცხოვრებ ქალბატონებს შეუძლიათ შეკრება და სხვადასხვა პრობლემებზე საუბარი, სოფლისთვის სასიკეთო საქმეების კეთება.
გარდა ამისა, გავხსენით სოციალური საწარმო – „თუშეთი“, სადაც სოციალურად დაუცველმა ქალბატონებმა და ახალგაზრდებმა ისწავლეს თექის დამუშავება, ქსოვა. ისინი ნატურალური მასალისგან, მატყლისგან ქმნიან საუკეთესო ნივთებს. ასევე ორგანიზაციამ გადამაწყვეტინა უმაღლესში სწავლის გაგრძელება, რაც წარმატებით განვახორციელე. დღეს მე ისევ უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, ვსწავლობ ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
აი, ასე მოვდივარ და მოვედი დღემდე. მთავარია უფლის იმედი არ დავკარგოთ და კეთილშობილი ადამიანებისგან მიღებული სიკეთე დავინახოთ. მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და კიდევ ახალი მიღწევებისთვის ვიბრძოლოთ.
მადლობა ორგანიზაციას „ქალები სამართლიანობისთვის“
ჩვენ აუცილებლად შევცვლით ცხოვრებას!!!

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *