სკანდალი-ექსკლუზივი

,,ახლა იწყება ბანკების მიერ  გამოსახლებების  ბუმი. სააღსრულებო სამსახურში ბანკებისგან  270 ათასი განაცხადია შეტანილი გამოსახლებაზე.  ,,თი ბი სი“  ბანკს უკვე გაფორმებული აქვს 157 ათასი ერთეული უძრავი ქონება, რომელიც ხალხს წაართვა.  ამაში შედის მიწები, სახლ-კარი… ყველაფერს აქვს საზღვარი და ხალხის მოთმინების  ფიალაც უკვე სავსეა“ _ განაცხადა euronews.ge -სთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია – ,,სახალხო ტრიბუნები“-ს პრეზიდენტმა, მამისა ჯაფარაშვილმა. ამჯერად ის ,,თი ბი სი“ ბანკის მიერ მოსახლეობის შევიწროვებასა და გაკოტრების ფორმებზე  გვესაუბრა.

მამისა ჯაფარაშვილი:

_ ,,თი ბი სი“  ბანკი  ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ დააფუძნეს. 700-800 დოლარიდან დაიწყეს და მილიარდერები გახდნენ. სამწუხაროდ, საქართველოში ბიზნესი ადამიანების ძარცვას ქვია. საბანკო სისტემაშიც ასეა. მისი მფლობელები ხალხის ძარცვით, მავანთა ლობირებით,  ხელისუფლების წარმომადგენლების წილებში ჩაჯდომით არიან გამდიდრებული.  თუმცა ახლა, ქართულ ბანკებში წილები უცხოელებსაც აქვთ.

 _ კარგად აგვიხსენით, რა ხდება… 

_ კეთილი.  ,,თი ბი სი“  ბანკის მეწოლეები უცხოელები არიან: ამერიკელები, ინგლისელები, ფინელები, გერმანელები, კანადელები. სხვა ბანკებშიც ასეა.  წილები რამდენჯერმეა გადანაწილებული. ერთადერთი  გახლავთ ,,ბაზის ბანკი“,  რომელის 70 % ერთ ადამიანს ეკუთვნის და ისიც არის ჩინელი. სხვა ბანკები პატარ -პატარა წილებად აქვთ დაქუცმაცებული.

1992 წელს საბანკო სისტემა  შევარდნაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიაბა. სწორედ  ის ქმნის ამ სიტუაციას. ამდენი კაპიტალი არცერთ ქვეყანაში არ აქვთ რეზერვში ბანკებს. ისინი წლების განმავლობაში მოსახლეობას ძარცვავენ და საშუალებას არ აძლევენ, საკუთარი ქონება გამოისყიდონ. მსგავსი  რამ, სხვა ქვეყნებში არ ხდება და სესხებზეც ისეთი მაღალი პროცენტი არ აქვთ, როგორც ეს საქართველოშია. უცხოელები, რომლებიც ჩვენი ბანკების მეწილეები არიან, თავიანთ ქვეყნებში ვერ აკეთებენ ამ ფორმით ფულს და ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდებიან, რასაც, რა თქმა უნდა, ქართველები უწყობენ ხელს. ჩვენი ქვეყნის გაღარიბებულ მოსახლეობაზე ბანკები სესხებს 17-დან 50 პროცენტში გასცემენ. წლიური 50, 100 %-იანი სესხებიც კი  მინახავს.

_ ,,თი ბი სი“ ბანკი გასცემს 50 და 100 პროცენტიან სესხს?

_  დიახ, ,,თი ბი სი“ და სხვებიც. თუ ნახეს, რომ კლიენტს ბანკთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს, ყველაფერს აკეთებენ, რომ გააკოტრონ. არის შემთხვევები, როცა ერთ  ადამიანს, კონკრეტული ბანკიდან, აღებული აქვს 17 %-იანი სესხი და მეორეს 50 %-იანი. განსაკუთრებით ჩაგრავენ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელი ეროვნების ადამიანებს. საგარეჯოს რაიონში არის სოფლები, სადაც არცერთ ენაზე არ იციან წერა-კითხვა. სამაგიეროდ, ცხვარი ჰყავდათ და ფულს ფიზიკური შრომით  შოულობენ. ჩაიგდეს ბანკებმა ეს ხალხი ხელში და 50 %-იანი სესხები დაურიგეს. ხელშეკრულებებში ჩაუწერეს, ვითომ, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მისცეს სესხი. კანონმდებლობით პროცენტის ზღვარი დაწესებული არ არის და ეს საკითხი არ რეგულირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდებაში წერია, რომ ეროვნული ბანკი ვერ ჩაერევა ასეთ საკითხებში. ამიტომაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ქადაგიძე იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თუ გვენეტაძე. ჩვენმა ხელისუფლებებმა სავალუტო ფონდთან ისეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს, რომ კონტროლი  საერთოდ დაიკარგა.

ახლა უცნაურ რამეს გეტყვით, მაგრამ სიმართლეა.  საქართველოში ბანკებს უკვე აღარ სჭირდებათ ფული, მათ უნდათ უძრავი ქონება და ამაზე არიან ორიენტირებულნი.

_ ამ შემთხვეაში რაღა ხდება?

_ კრიპტოვალუტის ერა დგება. მისი მასიური შემოსვლა გამოიწვევს ბანკების გაკოტრებას, ამიტომ, მათ არ უნდათ, რომ ასეთ შემთხვევაში, ხელში შერჩეთ ამჟამად მოქმედი ვალუტა. უძრავი ქონებების ხელში ჩაგდებაზე არიან გადასულნი.

საბანკო სამევახშე სისტემა არის  საკანონმდელო სიმახინჯე. არსებული კანონმდებლობა ანადგურებს მოსახლეობას. რეგულაციები რომ ყოფილიყო, საზოგადოება ამ მდგომარეობაში არ  აღმოჩნდებოდა.

ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში კანონპროექტი, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ერთადერთი საცხოვრებელი, იქიდან არ გამოასახლონ. შედგა კომისია და ახლა მიდის  მუშაობა იმის განსაზღვრაზე, რას უნდა ეწოდოს ერთადერთი საცხოვრისი. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ზოიძის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა ორ თვეში უნდა დასრულდეს. ერთ-ერთ შეკრებაზე სააღსრულებო სამსახურის წამომადგენელმა აღიარა, რომ სააღსრულებო სამსახურში 270 ათასი განაცხადია  შეტანილი გამოსახლებაზე. უკვე გამოსახლებულები დაუმატეთ ამას და ნახავთ, რა ციფრსაც მიიღებთ. ეს არის კატასტროფა.

ჩემი ინფორმაციით, ახლა იწყება ბანკების მიერ გამოსახლებების  ბუმი. 157 ათასი ერთეული უძრავი ქონება აქვს ,,თი ბი სი“ ბანკს გადაფორმებული. ამაში შედის მიწები, სახლები… ყოველ დღე იმართება სასამართლო პროცესები ამასთან დაკავშირებით და შემდგომ მე მოგიყვებით, რა ხდება ამ პროცესებზე, ან როგორ მთავრდება.

_ 157 ათასი ერთეული უძრავი ქონებიდან კონკრეტულად თუ იცით, რამდენია მიწა, რამდენი შენობა-ნაგებობა, მანქანა და ა.შ.?

_ ასეთი კონკრეტიკა რამდენჯერმე მოვთხოვეთ ბანკს, მაგრამ არ გვაძლევენ. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ყველა კუთხეში აქვთ ჩაგდებული ხელში მიწები და იქ თავის სამშენებლო კომპანიებს აშენებინებს ბინებს. არაპროფილური ბიზნესი  ჩვენთან დაშვებულია,  რაც არის სავალალო შედეგების  მომტანი. ბანკს არაპროფილურ ბიზნესში ფული აქვს ჩადებული და ის ამ  პროფილით მომუშავე მეწარმეს, რომელიც მისი კონკურენტია, როგორ გაახარებს?!  უკეთ აგიხსნით რაც ხდება. მაგალითად,  მეწერმე, რომელსაც აქვს სამშენებლო კომპანია, იღებს სესხს ბანკიდან, მისი კონკურენტი ბანკი, რომელსაც ასევე აქვს ინტერესი სამშენებლო ბიზნესში,  რა თქმა უნდა, ხელს არ შეუწყობს. მეტიც, ეცდება, გააკოტროს და გზიდან  ჩამოიშოროს. თქვენ წარმოიდგინეთ,  თითქმის ყოველთვის ახერხებს ამას. ბანკს უფლება აქვს, დაარღვიოს ხელშეკრულება და ერთიანად მოითხოვოს თავისი გასესხებული ფული. არის შემთხვევები, როცა მოსთხოვეს კიდეც  კომპანიებს თანხა, რათა ისინი გაეკოტრებინათ. ბანკმა კაპიკებად წაიღო ამ კომპანიის ბიზნესიც, იდეაც და ქონებაც. ამიტომაც არის რომ საქართველოში გვყავს ბანკის მიერ გაკოტრებული უამრავი ბიზნესმენი.  არ უნდა იყოს ბანკის წარმომადგენელი სხვა ბიზნესში და ხელისუფლებაში, ეს არის არასწორი, თუმცა სამწუხაროდ, დღეს  სწორედ ასეა. ხელისუფლებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ,  ყველა არაპროფიულურ ბიზნესში  შეჭრილები არიან ბანკები, მათ შორის ,,თი ბი სი“. განათლებაშიც კი იკიდებს ეს ბანკი ფეხს.

  _ რას გულისხმობთ?

_ იცით ალბათ, რომ ,,პრემია საბა“-ს  დამფინანსებელი სწორედ ,,თი ბი სი“ ბანკია. მუზეუმების რესტავრირების პროექტებიც აქვს და საბოლოოდ, ყველაფერს  ხელში იგდებს. სამედიცინო ბიზნესშიც შევიდა და ხელში ჩაიგდო პოლიკლინიკები, სადაზღვევო კომპანიები…

_  წეღან მითხარით, ყველა ბანკს ხელისუფლებაში თავისი წარმომადგენელი ჰყავსო და ,,თი ბი სი“-ს ვინ წარმოადგენს ხელისუფლებაში?

_ ვინ და გიორგი კვირიკაშვილი. მამუკა ხაზარაძე, გიორგი კვირიკაშვილი და დავით საგანელიძე არის განუყოფელი სამეული. მათ ყველა დიდ პროექტში წილები აქვთ, ესენიაა : ანაკლიის პროექტი, ჩინური პროექტები… ყველაფერში ერთმანეთს უბამენ მხარს. წარმოუდგენელია, მაგრამ პრემიერ- მინისტრმა და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა 3 მილიონნახევრიან ქვეყანაში შემოიყვანეს  მილიარდ ნახევრიანი ერი. თან ისე, რომ ხელშეკრულებაში არც  ჩაუწერეს, სამუშაო ადგილებს რომ შექმნი, ადგილობრივი ხალხი დაასაქმე და 80 % ჩინელი არ  წამოიყვანოო. მათ სამუშაოდ ჩინელები ჩამოჰყავთ და აქაც მათ ასაქმებენ. ხოდა, ძალიან მაინტერესებს, ამ უცხოტომელებს ფული თავისი მოაქვთ, თანამშრომელი  თავისი მოჰყავთ  და ჩვენ სარგებელი რა გვაქვს?

,,თი ბი სი“-ს ბიზნესების სრულ ნუსხას აუცილებლად მივიძიებ და მოგაწვდით. ბანკირებს რა უნდათ პარლამენტში ან ხელისუფლებაში?  ბოლო დროს, საკმარისია ადამიანს ბანკში ჰქონდეს ნამუშევარი, მას მაღალ თანამდებობებზე ასაქმებენ და ეს არის  პლაცდარმი დაწინაურებისთვის. ღარიბაშვილი, ქუმსიშვილი, ჯეჯელავა, კვირიკაშვილი ბანკებიდან მოხვდნენ ხელისუფლებაში და ცხადია, ბანკირების ინტერესებს უფრო დაიცავენ, ვიდრე ხალხისას. რაიონის გამგებლებადაც კი  ბანკის ყოფილი თანამშრომლები მოიყვანეს.

ბანკების მიერ გამოსახლებების პროცესები ახლა იწყება. ზოგ ბანკს 10 წელი დაკონსერვებული აქვს კრედიტორის ქონება, სასამართლოს პროცესიც მოგებული აქვს და ქონებაც გადაფორმებული. ადამიანები კი ცხოვრობენ იმ სახლებში, მაგრამ დიდი ხანია, ის მათი საკუთრება აღარ არის. ბანკები ამ ქონებებს ისევ პატრონებს ავლევინებენ და ანახვინებენ.  სახლის ზოგმა მეპატრონემ ამასობაში ფული იშოვა და შეევეწა ბანკს, მამაპაპისეული სახლია, მშობლები გამოსახლების დროს მომიკვდებიან, გადაგიხდი და დამიბრუნეო, მაგრამ ის ეუბნება, რომ  არ  ყიდის. ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელმა კი უთხრა, ვის რაში სჭირდება თქვენი სახლი, ბულდოზერებს  მივაყენებთ და მიწასთან გავასწორებთ სახლების ნოსტალგია რომ წაგეშალოთ და დროზე წახვიდეთ აქედანო. ამ ოჯახს 5 800 ლარი ჰქონდა გამოტანილი ბანკიდან და 15 ათასს უბრუნებდა, მაგრამ აღარ გამოართვა ბანკმა  და გამოასახლა. ,,თი ბი სი“-საც აქვს შეტანილი გამოსახლებებზე განაცხადებები აღსრულების ეროვნულ ბიუროში და სხვა ბანკებსაც. ცოტა ხანში აქ ისეთი ამბავი ატყდება, დედა-შვილს რომ არ აიყვანს ხელში.

_ პოლიციური გამოსახლები დაიწყება?

_ პოლიციური გამოსახლებები აიკრძალა, მაგრამ  ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები და პარლამენტარები : პაპაშვილი, წულაია და ა.შ. ითხოვენ დააბრუნონ პოლიციური ეს წესი, თუ არა და,  ჩვენ თვითონ მივიღებთ ზომებსო. ვფიქრობ,  ზომების მიღებაში ზონდერჯგუფების შექმნას გულისხმობბენ. აბა,  სხვა როგორ უნდა გამოასახლონ ხალხი?!

როგორც ვატყობ, ეს პრობლემა კაბინეტში არ გადაწყდება და  ქუჩაში უნდა გადაწყდეს.  ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა და მასიურად გავრეკოთ ის პირები საქართველოდან, რომლებიც ქვეყანას ყიდიან, აუბედურებენ და ძარცვავენ. უნდა მივხვდეთ იმასაც, რომ ჩვენი პროცენტები არავის არ სჭირდება. მათ უნდათ ჩვენი  მიწა და სახლ-კარი. ყველაფერს აქვს საზღვარი და ხალხის მოთმინების ფიალაც  უკვე სავსეა.

,,ეურონიუს ჰოლდინგმა”  ,,თი ბი სი” ბანკს კითხვებით მიმართა:

_  ჯაფარაშვილი აცხადებს, რომ ,,თი ბი სი“ ბანკის მოწილეთა უმეტესი ნაწილი სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ასეა?

 _ თიბისი ბანკის ძირითადი აქციონერი (სათავო კომპანია) არის ინგლისში რეგისტრირებული საწარმო „თიბისი ბანკი გრუპ პი-ელ-სი“, რომლის აქციებიც საჯაროდ ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. აქციონერები არიან, როგორც ევროპის, ისე აზიის და ამერიკის საწარმოები და მოქალაქეები.

_ ჩვენი რესპონდენტის თქმით, ,,თი ბი სი“ ბანკს, სხვა ბანკების მსგავსად, გაცემული აქვს 50 და 100 %-იანი სესხებიც. კიდევ უფრო დავაკონკრეტებ, ხშირად ასეთ სესხებს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებზე გასცემენ, რომლებმაც ქართული წერა-კითხვა არ იციან. ამას იყენებენ და ატყუებენ.

_ ეს ინფორმცია არ შეესაბამება სიმართლეს, განსაკუთრებით 50 და 100 % პროცენტიანი სესხების ნაწილში. ბანკს აქვს სასესხო დოკუმენტაცია და ხელშეკრულებები, როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომია ასევე თარჯიმანი, საჭიროების შემთხვევაში.

 _ ,,ძალიან მალე დაიწყება გამოსახლებების ბუმი. სააღსრულებო სამსახურში ბანკებისგან 270 ათასი განაცხადია  შეტანილი გამოსახლებაზე. მათ შორის არის ,,თი ბი სი“  ბანკიც“ _ აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.  ამ ბრალდებაზე რას იტყვით?

_ დაგვისახელეთ ერთი პრეცედენტი თიბისი ბანკის მიერ გამოსახლებული პირისა; ასეთს ვერ დაასახელებთ. თუმცა, ამის სრული უფლება აქვს კრედიტორს, იმ შემთხვევებში, როდესაც სესხს ვეღარ იხდის მსესხებელი. აქვე აღსანიშნავია, რომ თიბისი ბანკის მიერ სხვადასხვა პრობლემურ სესხზე გაფორმებულია და ფორმდება არაერთი გადავადება, შეღავათი, რესტრუქტურიზაცია, რომელიც ემსახურება სწორედ კეთილსინდისიერი მოვალეების ინტერესების დაცვას.

 _ მამისა ჯაფარაშვილი ამბობს, რომ 157 ათასი ერთეული უძრავი ქონება აქვს ,,თიბისი“ ბანკს გადაფორმებული. ამაში შედის მიწები, სახლები...

_ როდესაც პრობლემდება სესხი, ბუნებრივია კრედიტორს აქვს სხვადასხვა საშუალებები დაიკმაყოფილოს ვადამოსული დავალიანება, მათ შორის ქონების დასაკუთრება/გადაფორმების გზით. აქვე აღასანიშნავია, რომ ამავე გადაფორმებულ ქონებებში აგრძელებენ ცხოვრებას და ამ ქონებებით სარგებლობას არაკეთილსინდისიერი მსესხებელები, ყოველგვარი საზღაურისა და ქირის გადახდის გარეშე; ამ გარემოებას მოთმინებით ეკიდება თიბისი ბანკი, თუმცა, ამასაც დროის ლიმიტი აქვს.

_ ვციტირებ: ,,თი ბი სი“ ბანკის წარმომადგენელი ხელისუფლებაში გიორგი კვირიკაშვილია. განუყოფელ სამეულს წარმოადგენენ მამუკა ხაზარაძე, გიორგი კვირიკაშვილი და დავით საგანელიძე. მათ ყველა დიდ პროექტში წილები აქვთ. ესენია: ანაკლიის პროექტი, ჩინური პროექტები…“ ეს სიმართლეა?

_ ეს არ გახლავთ სიმართლე.

 

 

 

 

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი