თამარ მარჯანიშვილი _ დედა თამარი, ცნობილი ქართველი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის უფროსი და,
1931 წელს, რამდენიმე მონაზონთან ერთად დააპატიმრეს. ბრალდებად საქართველოს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მოთავეებთან კავშირი წაუყენეს და ბუტირკის ციხეში ჩასვეს. ციხეში მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა, საოცარი სულიერი ძალის მქონე მუდამ ცდილობდა სხვათა დამშვიდებასა დადაწყნარებას. გასამართლების შემდეგ 60 წლის დედა თამარს გამოუტანეს განაჩენი – ხუთი წლით თავისუფალი გადასახლება ირკუტსკის ოლქში.

მ პერიოდში კოტე მოსკოვსა და პეტერბურგში ახალი სპექტაკლების დასადგმელად მიიწვიეს და, ბუნებრივია, საზრუნავიც უამრავი ექნებოდა. თუმცა ამჯერად მის გულსა და გონებაში უფროსი დის – სქემიიღუმენია თამარის ბედზე წუხილი გამეფებულიყო. ამ დროს დედა თამარი სამოც წელს გადაცილებული იყო და მისნაირი სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანის შორეულ ციმბირში გადასახლება ლამის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი გახლდათ.
კოტე მარჯანიშვილი ყოველ ღონეს ხმარობდა დის გასათავისუფლებლად, მაგრამ მის თხოვნას ხელისუფლება მუდმივად უგულვებელყოფდა.სერგო ორჯონიკიძემ კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია დედა თამარის გადასახლებიდან დაბრუნებას. უფრო მეტიც, უთქვამს: გადაეცით რეჟისორ მარჯანოვს, ურჩევნია, სრულიად დაივიწყოს, და რომ ჰყავსო!

1933 წლის 4 აპრილი თენდებოდა, ბრწყინვალე აღდგომის მეორე დღე. ცნობილი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი განათლების სახალხო კომისარს ანატოლი ლუნაჩარსკის მისივე მიწვევით სახლში ესტუმრა და გვიან ღამემდე შეყოვნდა, არავინ იცის, რის შესახებ საუბრობდნენ. გამთენიისას, სასტუმროში მიმავალი რეჟისორი მანქანაში გარდაიცვალა.
კოტეს მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა გადაწყვიტეს, ბოლომდე ებრძოლათ თამარის დასახსნელად და ერთობლივი ძალებით კიდეც უშველეს მას. ესენი იყვნენ მწერალი მაქსიმ გორკი, რომელიც პირადად იცნობდა კოტეს ჯერ კიდევ 1905 – 07 წლების რევოლუციიც მღელვარე დღეებიდან; მხატვარი პავლე კორინი, გორკისა და მისი მეუღლის ახლობელი, რომელიც ახლობლობდა ნკვდ-ს იმჟამინდელ ხელმღვანელთან, გ. იაგოდასთან.
სქიმიღუმენი თამარი 1934 წლის შემოდგომაზე ვადაზე ორი წლით ადრე დააბრუნეს გადასახლებიდან.

დედა თამარს საქართველოში ცხოვრების უფლება არ მისცეს. დასახლდა მოსკოვთან ახლოს რკინიგზის სადგურ “პიონერსკაიასთან” მდებარე პატარა სახლში. იგი უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, გადასახლებაში სამხრეთელი ადამიანისათვის უჩვეულო კლიმატს ვერ გაუძლო და ტუბერკულიოზით დაავადდა.

დედა თამარი 1936 წლის 10 ივნისს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. წესი სერპუხოვის მთავარეპისკოპოსმა მეუფე არსენმა (ჟადანოვსკი) აუგო. დაკრძალულია მოსკოვში ვედენის მთაზე. მის საფლავზე არის წარწერა: “რომელი მრწმენა , ცხონდესვე უკუნისამდე”.

თეონა წერეთელი. ჯგუფი “ტფილისის ამბები”

კომენტარები
Загрузка...