„აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართულ კომპანიასთან, რომელმაც უნდა განახორციელოს შიდა ფრენები“, – ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, საინფორმაციო სააგენტო „Business Time”-ს განუცხადა.

„როგორც იცით, TAV Georgia-ს გამო კახეთში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ვერ განხორციელდება (TAV Georgia-თან გაფორმებული ხელშეკრულებით, თბილისის საერთოშორისო აეროპორტიდან 150 კმ რადიუსში, აეროპორტის მშენებლობა იკრძალება). შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ ქართულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს, რათა მან შიდა ფრენები კახეთიდან, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით განახორციელოს. აღნიშნული ფრენები თელავში არსებული აეროპორტ „მიმინოდან“ შესრულდება“, – განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, დასჭირდება თუ არა აეროპორტ „მიმინოს“ რეაბილიტაცია, კახეთის მხარის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ „არანაირი რეაბილიტაცია აეროპორტს არ სჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კახეთში აეროპორტის აშენების საჭიროებაზე გააკეთა განცხადება.

„ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი. ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში პირველ ეტაპზე განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, შემდგომში შესაძლოა, რეგულარული რეისებიც დაინიშნოს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: businesstime.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი