ვ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მესამე სართულზე, 5 წლის წინ, ვაჟა-ფშაველას მუზეუმი გაიხსნა. ამ ოთახში, 1915 წლის 27 ივლისს, ავადმყოფობით გარდაიცვალა დიდი მწერალი. ახლა, უნივერსიტეტის სტუდენტები აქ ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან მომენტებსა და მის შემოქმედებას ეცნობიან. მათთვის, ვაჟა ფშაველას ფონდის ინიციატივით, იწყება ახალი, ძალიან საინტერესო  პროექტი _ ,,ჩემი ვაჟა”. ფონდის ხელმძღვანელი, ლელა რაზიკაშვილი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა და მათთან, ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა.

 ლელა რაზიკაშვილი:

.

_ ეს არის ოთახი, საიდანაც ვაჟა-ფშაველა შეუერთდა მარადისობას. მაშინ, ამ შენობაში ლაზარეთი იყო გახსნილი. ვაჟა შემოვიდა ამ ოთახში და დარჩა აქ, ამ კედლებში როგორც მუდმივი მასწავლებელი და შთაგონების წყარო.

კულტურის პალატისა და ვაჟა-ფშაველას ფონდის ინიციატივით, პროგრამის – ,,გაუფრთხილდი საქართველოს ისტორიას” ფარგლებში, გადავწყვიტეთ, ჩავატაროთ სტუდენტური დოკუმენტური ფილმების ფესტივალი. სტუდენტები გადაიღებენ 8-15 წუთიან დოკუმენტურ ფილმებს, სახელწოდებით- ,,ჩემი ვაჟა”.

ვაჟა-ფშაველა არ არის მხოლოდ პოეტი ან დიდი ავტორი. ის არის მსოფლმხედველობა და ცხადია, საინტერესოა, როგორ ხედავენ სტუდენტები მის ღირებულებებს. შეიძლება, სტუდენტმა დოკუმენტური ფილმი ერთი პატარა ბალახით დაიწყოს და მასზე ააწყოს სიუჟეტი. არ აქვს მნიშვნელობა ფილმი როგორი კამერით იქნება გადაღებული, მთავარია, სტუდენტებმა ბევრი იფიქრონ ვაჟაზე, მისი წიგნები წაიკითხონ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი მის შემოქმედებას და  წარმოადგინონ ,,თავიანთი ვაჟა” ვიდეოვერსიით, დოკუმენტურად და გასაგებად მიაწოდონ საკუთარი ჩანაფიქრი თანატოლებს, მაყურებელსა და საზოგადოებას.

.

ფესტივალის  დედლაინი იქნება ის დღე, როცა ისინი უნივერსიტეტებში დაბრუნდებიან და დაიწყებენ სწავლას. შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც განათავსებენ საკუთარ ნამუშევრებს. შეფასების დროს გარკვეული როლი მიენიჭება სოციალურ ქსელში მოგროვილ ხმებს, თუმცა, გადაწყვეტილებას მაინც კომპეტენტური ჟიური მიიღებს. გამარჯვებულთათვის დაწესებულია სოლიდური პრემიები. პირველ ადგილზე გასულ შემოქმედებით ჯგუფს ჯილდოდ გადაეცემა 3 ათასი ლარი, მეორე ადგილის მფლობელს – 2 ათასი ლარი და მესამე ადგილზე გასულ ჯგუფს – 1000 ლარი. ყველაზე მთავარი კი ის იქნება, რა ცოდნასა და სიკეთესაც მიიღებენ ისინი ზაფხულის განმავლობაში ვაჟაზე ფიქრსა და ზრუნვაში. ეს არის ამ ფეტივალის იდეა.

ვაჟა-ფშაველას მუზეუმიდან მივმართავთ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, ჩაერთონ ამ პროექტში. დარწმუნებით შეგვიძლია ვუთხრათ,  ვაჟა-ფშაველაზე ფიქრსა და ზრუნვაში უფრო კარგი, კეთილი და მოამაგე ადამიანები გახდებიან.

.

იდეაზე დიდი ხანია ვმუშაობდი, თუმცა კულტურის პალატამ მოგვცა შესაძლებლობა, ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელება დაგვეწყო,”

 p.s.  ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყველა დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებელს ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნიან ამ შეთავაზებას და სტუდენტები, არდადეგების პროცესს გამოიყენებენ ამ საქმისათვის.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი