ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, ახლა რთულია იმის თქმა, რომ ეს ნამდვილად ქართული მონასტრის ნაშთებია, – ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძემ პირველ არხს განუცხადა და გამოეხმაურა ისრაელში, ქალაქ აშდოდში, აღმოჩენილ მე-6 საუკუნის მონასტრის მოზაიკური იატაკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბერძნულ წარწერაში ქართული ქრონოლოგიის სისტემაა გამოყენებული.

თუმცა გიორგი გაგოშიძე აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოსთან ამ აღმოჩენას კავშირი აქვს, რადგან პირი, ვინც ეს წარწერა მე-6 საუკუნეში შეასრულა, ამ ქართულ ქრონოლოგიას იცნობდა.

„ქართველმა მეცნიერებმა ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რაც ქართულმა საზოგადოებამ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით გაიგო. არქეოლოგიური გათხრებიც ბოლომდე დასრულებული არ არის. შესაძლოა, მომავალმა კვლევამ დაადასტუროს, რომ აქ იყო ქართული მონასტერი ან პირიქით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ისრაელის მიწაზე ადრე შუა საუკუნეებში ძალიან ბევრი ქართული მონასტერი იყო. ეს ვიცით პეტრე იბერისცხოვრებიდანაც და სხვა წყაროებიდანაც.

წელთაღრიცხვა რომ ნამდვილად ქართულია, ეს დადასტურებულია. გავრცელებულ ინფორმაციაში ამას მკვლევრებიც აღნიშნავენ. ახალაღმოჩენილი ამ წარწერის გარდა, ისრაელის ტერიტორიაზე, ადრე შუა საუკუნეების სხვა მოზაიკური წარწერებიც არის ნაპოვნი, სადაც გამოყენებულია ეს ქართული ქრონოლოგია, რაც მეცნიერულად შესწავლილია და ამაზე იტალიელი მეცნიერის ლეა დი სენის კვლევაც არსებობს“ – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსმა გიორგი გაგოშიძემ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელში, ქალაქ აშდოდში არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობისას, თელ-ავივისა და ლაიფციგის უნივერსიტეტების არქეოლოგების ჯგუფმა, მე-6 საუკუნის ქართული ეკლესიის მოზაიკური იატაკის ნაშთები აღმოაჩინეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი