საზოგადოება

ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერს წერილით მიმართავს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტებზე მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს ეკონომიკური, დასაქმების და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სრულ კრახზე.

შახტებსა და მაღაროებზე დასაქმებული მუშები არსებული გარემოებების, კონკრეტულად კი ალტერნატიული დასაქმების ადგილების არარსებობის გამო იძულებული ხდებიან მუშაობა გააგრძელონ საფრთხის შემცველ გარემოში.

ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მეშახტეების მიერ გაწეული უმძიმესი შრომა არანაირად არ შეესაბამება მათი შრომის ანაზღაურებას და აღსანიშნავია ისიც, რომ მათთვის, როგორც მომეტებული რისკის მქონე საწარმოში დასაქმებულებისთვის, არ ფუნქციონირებს არცერთი სახის სოციალური შეღავათი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ არაერთხელ იქნა ინიცირებული სხვადასხვა სახის ინიციატივები და ბოლო ასეთი მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღო 2018 წლის 6 აპრილს, თუმცა მისგან რეაგირება ჯერ კიდევ არ ყოფილა, შესაბამისად საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს განმეორებით უგზავნის წერილს შემდეგი საკითხებით:

1. ტყიბულელი მეშახტეების და ჭიათურელი მაღაროელების საშემოსავლო გადასახადისგან სრულად განთავისუფლება,

2. ტყიბულელი მეშახტეების და ჭიათურელი მაღაროელების საპენსიო ასაკის დაწევა 55 წლამდე, რაც მათ მისცემს საშუალებას თავად გააკეთონ სამუშაოზე დარჩენის ან პენსიაზე გასვლის არჩევანი მითითებული ასაკიდან,

3. კომპანიის მიერ მეშახტებიის შრომის ანაზღაურების ინდექსაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2016 და 2017 წლების ინფლაციის შესაბამისად, რაც საერთო ჯამში შეადგენს 8,1%-ს,

4. ტყიბულის შახტების შეჩერება და მათი სრული რეაბილიტაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით შედგენილი სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით. მთელი სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეშახტეების კომპენსირება საკუთარი ხელფასის ოდენობის თანხით, ასევე ტყიბულის სოციალური და კულტურული აქტივობების შეუფერხებლად შენარჩუნება.

5. საწარმო შემთხვევების შედეგად გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით – შრომის უსაფრთხოების სადაზღვევო სისტემის შექმნა, რაშიც იგულისხმება ამგვარი შემთხვევების შედეგად დაზარალებული დასაქმებულების და მათი ოჯახების კომპენსირება მიღებული ტრავმის სიმძიმის შესაბამისი კლასიფიკაციით,

6. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N176 კონვენციის (,,შახტებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“) რატიფიცირების საკითხის დღის წესრიგში დაყენება.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პარალელურად იწყებს ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებზე ხელმოწერების შეგროვებას და მოუწოდებს როგორც ყველა დარგობრივ პროფესიულ კავშირს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, მოძრაობებს და აქტივისტებს, რომ შემოუერთდნენ ხელმოწერების შეგროვების პროცესს.

წყარო: gtuc.ge

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close