ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს ლეიბორისტული პარტიიდან, ნათია შარაშენიძეს ნატანების დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დავუსვით.

ნათია შარაშენიძე: 

_ ნატანების დენდროლოგიურ პარკზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი ნაყიდ ხეებს რგავს, გურულები ასე ხუმრობენ: იმხელა ხეები დარგო, მთელი ზღვისპირეთის ბუ, ჭოტი და ყვავი იქით მიფრინავს. როგორ იძინებს ამ ხმაურში ბიძინა, გვაინტერესებსო. სინამდვილეში, ეს არ არის დენდროლოგიური პარკი, ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილის საკუთარი  სახლის ეზო.

 

_ ნატანების ე.წ. დენდროლოგიურ პარკში უცხო ადამიანებს არ უშვებენ? 

_ რა თქმა უნდა, არ უშვებენ. გამორიცხულია, იქ ვერ შეხვალთ, რადგან ივანიშვილის საკუთრებას იცავენ. არავის უნახავს, იქ რომელიმე  ტურისტი შესულიყოს.

  _ თქვენ ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებდით ე.წ. დენდროლოგიური პარკის ფოტოებს და თავად როგორ მოხვდით იქ?

_ ეს ფოტოები სხვადასხვა გზით მოვიპოვე. ის არ გადაუღია არც ტურისტის და არც დამთვარიელებელს…

_ როგორც ვიცით, ივანიშვილს ხეებს თავად მოსახლეობაც სთავაზობს. ასე არ არის? 

_ გურულები ამბობენ, რომ ივანიშვილი თვითონ მიდის იმ ოჯახებში, ვისაც დიდი ხეები აქვს და მათ სთავაზობს გაყიდვას. ამბობენ იმასაც, რომ ,,დრონი”-თ ეძებს სასურველ ხეებს.

_ ზოგი ამბობს, რომ ხეები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს, უპატრონო და მოუვლელია. ამ ხეებს ბიძინა მოუვლის, თან მოსახლეობას ფულს უხდის, ეხმარება და ამაში ცუდი რა არისო?

_ გეთანხმებით, ზოგმა იმის გამო გაყიდა ხე, მატერიალურად რომ უჭირდა, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ხეები 3,4  წელიწადში ვეღარ გაიხარებს, არადა, ასევე  უზარმაზარი თანხები იხარჯება თითოეული ხის გადატანაში.

 _ ეს თანხები ხომ ბიძინა ივანიშვილის არის და თავად თუ არ ენანება, თქვენ რატომ ნერვიულობთ?

_ დიახ, ეს ბიძინას თანხებია, მაგრამ ეს იმ ბიძინას ფულია, რომელიც ქართველ ხალხს შეპირდა უფასო ფულს, სოფლის აღორძინებას, 250 ლარ პენსიას, ფაბრიკა-ქარხნების გახსნას, სამუშაო ადგილების შექმნას  და ა.შ.

ბავშვები გვიკვდება, სოციალური ფონი უმძიმესია და ამ დროს, ის ხეების ყიდვით არის გართული. ივანიშვილმა ერთ-ერთ გამოსვლაში თქვა, რომ ერთობა ამ ხეების შეგროვებით. მისთვის თუ ეს გართობაა, ხალხისთვის ზარალია.

როდესაც ხეები გადააქვთ, წყლის მილები, გაზის მილები, ელექსტოენერგიის სადენები იხსნება, ნადგურდება გზა, იჩეხება ქარსაცავი ზოლი და ეს ხდება მხოლოდ მისი გართობისთვის. ჩვენ ამიტომ ვაკრიტიკებთ მას და არა იმიტომ, რომ ვიღაცას ძალიან უჭირს და ბანკის ვალის გამო ყიდის ხეებს.

სამწუხაროა, რომ ასეთი რამ ხდება ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან მეხუთე წელს. ხალხს იმედი დაუკარგეს, ოცნება წაართვეს და ისინი გაჭირვების გამო ხეებს ყიდიან. ასე გამოიყურება დღეს, ივანიშვილის ,,აყვავებული საქართველო”.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი