თბილისში კონკრეტულ მარშრუტზე მომუშავე ავტობუსებს, შესაძლოა, ე.წ. ჩქარი ავტობუსების სტატუსი მიენიჭოს და გადაადგილების სპეციალური წესით ისარგებლოს. ინფორმაციას bm.ge თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს. კომპანია “სითი ინსტიტუტი საქართველოს” ხელმძღვანელის მერაბ ბოლქვაძის თქმით, ავტობუსებისთვის დაიხაზება ე.წ. Bus Line-ები. “იმისთვის, რომ ქალაქი გათავისუფლდეს ტრანსპორტისგან და ამოისუნთქოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს კორიდორები და ამ კორიდორებში საჯარო ტრანსპორტმა იმოძრაოს. ეს იქნება “ჩქარი ავტობუსები”, რადგანაც ტრამვაის გაყვანა დღეს ძვირი ჯდება. შედეგად, საჯარო ტრანსპორტი არ იქნება საცობების მონაწილე, პარალელურად მას ექნება უპირატესი უფლება, გავიდეს შუქნიშანზე; მას უნდა ჰქონდეს თავისი სავალი ნაწილი, სადაც მოძრაობის შესაძლებლობა არცერთ სხვა ტრანსპორტს არ შეეძლება, მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში მაღალ ბორდიურებს აკეთებენ ამისთვის. შესაბამისად, როდესაც მოქალაქეებს ეცოდინებათ, რომ საჯარო ტრანსპორტი დაუბრკოლებლად მოძრაობს და სამსახურში მოკლე დროში მისვლას შეძლებენ, ნელ-ნელა გადავლენ საჯარო ტრანსპორტით მგზავრობაზე. ეს არის ხსნა დღევანდელ სიტუაციაში, სხვა გამოსავალი არ გვაქვს,”- ამბობს მერაბ ბოლქვაძე. მისი თქმით, უკვე შემუშავებულია კონკრეტული მარშრუტები, სადაც ჩქარი ავტობუსები იმოძარვებენ. ჯერჯერობით საუბარია 3 მიმართულებაზე: 1. დიდი დიღომი-გელოვანის გამზირი-საბურთალო-ვაკე-თავისუფლება-ორთაჭალის ავტობაზრობა 2. გლდანი – წერეთლის გამზირი- აღმაშენებლის გამზირი- რიყის ტერიტორია 3. ავჭალის გზატკეცილი – რკინიგზის სადგური- ავლაბარი – აეროპორტის გზატკეცილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს გეგმის წარდგენის ვადა მაისში ეწურება. ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის გზის სავალი ნაწილის გამოყოფა თბილისის მერიამ გასული წლის სექტემბერში დაიწყო. კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. “ბასლეინები” (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის- ”Bus Lane”) დაიხაზა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი