საზოგადოება

,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები მიიღებენ 2 მილიონამდე ლარის სარგებელს”

ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე:

_ 4 თვიანი, აქტიური მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგებით დასრულდა. საბოლოო დასკვნით შეხვედრაში მძღოლების და მეტროს პროფკავშირების გამგეობის 30 მდე წევრმა მიიღო მონაწილეობა და კონკრეტული შედეგების გარდა მიიღეს ინფორმაცია სიახლეების შესახებ. რომ არა თბილისის სატრანსპორტო სფეროში განვითარებული სხვადასხვა მოვლენა, რომელმაც გარკვეულწილად შეაფერხა მიმდინარე პროცესი, დასაქმებულები ბევრად ადრე შეძლებდნენ სხვადასხვა ტიპის შეღავათებით სარგებლობას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები მიიღებენ მთლიანობაში 2 მილიონამდე ლარის სარგებელს.

მიღწეულ შედეგებს შორის, აღსანიშნავია:

1. მეტროს თანამშრომლებისთვის ღამის საათებში მუშაობის დანამატის 10%-იანი ზრდა.

2. მოიხსნება თანრიგების დაცვის სისტემა და ამავდროულად გაიზრდება ტარიფები მე–6 თანრიგის 100 ლარამდე. მე–5 თანრიგისათვის 70 ლარამდე და მე–4 თანრიგისათვის 50–ლარამდე.

3. ამავე დროს, თანრიგების მიმნიჭებელ კომისიაში, ხმის უფლების მანდატი მიეცემათ მეტროს და ტრანსპორტის პროფკავშირების წარდგინებით, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

4. საწარმოს სამსახურის ტექნიკური მეცადინეობების (გადამზადების) დრო, რომელიც ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება თანამშრომლებისთვის თვეში ერთხელ ანაზღაურდება 20 ლარით.

5. საწარმოში დასაქმებული ყველა ბრძანების ასლი, რომელიც ეხება დასაქმებულთა სოციალურ ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის მიღების და გათავისუფლების ბრძანების ასლებს – სამი დღის ვადაში გადაეცემა პროფკავშირს.

6. მეტროს თანამშრომლებისთვის, მეტროს პროფკავშირის შუამდგომლობით დაწესდება ყოველწლიური “საპატიო მეტროპოლიტენელი” წოდების მინიჭება, წამახალისებელი ფულადი ჯილდოს თანხლებით.

7. კომპანიაში დასაქმებული ე.წ. “ბუქსირის” მძღოლებისთვის განისაზღვრება მავნე პირობებში მუშაობის დანამატი.

8. სამეურნეო მანქანის მძღოლები დანამატის სახით – მავნე სამუშაოსთვის, 10 დღიან დამატებით ანაზღაურებად შვებულებას მიიღებენ.

9. ივლისსა და აგვისტოში, ძლიერი სიცხის გათვალისწინებით, მცირე ზომის ყვითელი ავტობუსების “ბოგდანების” მძღოლები იქნებიან უზრუნველყოფილნი წყლით ან მიიღებენ შესაბამის დანამატს 50-50 ლარის ოდენობით.

10. ჩემი პირადი თხოვნით, თბილისის მერმა ბატონმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზადაა დაარგულიროს ე.წ “მშრალი ოქმი”ს საკითხის, რაც გულისხმობს მცირე საავტომობილო ინცინდენტების დროს (რომელიც არ იწვევს სხვისი ნივთის ან ვინმეს დაზიანებას და ეხება საავტომობილო საშუალების შედარებით მსუბუქ დაზიანებას, გახახუნებას და ა.შ) მძღოლების 250 ლარიანი ჯარიმისგან გათავისუფლებას. კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზადაა საკითხი დაარეგულიროს შსს-სთან და საპატრულო პოლიციასთან.

11. დეკემბრიდან იანვრამდე მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შრომით ხელშეკრულებებში შევა ცვლილება და მათ აუნაზღაურდებათ ნახევარსაათიანი ე.წ. გამოუყენებელი შესვენება. რომელიც ჯამში შეადგენს 600 ათას ლარს და რომლისთვისაც თანხები ამ ეტაპზე ბიუჯეტში ვერ გამოიძებნა.

12. პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების შედეგად საწარმოში არსებული წელთა ნამსახურების დანამატი გავრცელდება მძღოლებზეც და ამ თანხას ისინი, ისევე როგორც მეტროს თანამშრომლები მიიღებენ წლის დასრულებისთანავე.

13. როგორც მანამდე ჩემთან და ასევე გუშინდელ შეხვედრაზე, გამგეობის წევრებს ქალაქის მერმა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა განუცხადეს, რომ უკვე დეკემბერ-იანვარში გაფორმდება კოლექტიური შეთანხმება, რომელშიც ჩაიდება, როგორც ძველი მიღწევები ასევე ახალი სხვადასხვა საკითხები, რომელიც გააუმჯობესებს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მერმა სრული მზადყოფნა გამოთქვა დიალოგისთვის და სხვადასხვა პრობლემატური საკითხების პირადად მასთან განხილვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მემანქანეების პროფკავშირმა და მათთან ერთად იმ სტრატეგიისა და გარკვეული მოქმედებები დამგეგმავმა ორგანიზაციებმა, აბსოლუტური გამიჯვნა გააკეთეს დანარჩენ მძღოლებისა და მეტროს სხვა თანამშრომლების საჭიროებებზე რომლებზეც ოთხი თვის განმავლობაში ვაწარმოებდით დიალოგს ქალაქის და კომპანიის ხელმძღანელობასთან, მე არ მიმაჩნია სამართლიანად, რომ ჩვენ მხოლოდ დასაქმებულთა იმ ადამიანების საჭიროებებზე ვისაუბროთ, რომლებიც ჩვენი წევრები არიან, ამიტომ ქალაქის მერს შეხვედრაზეც და მანამდეც პირადად მივმართე თხოვნით, რათა მის მიერ გაცხადებული 2019 წლის იანვრის ნაცვლად, პარალელურად ახლავე გამოიძებნოს რესურსი და არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, გაუმჯობესდეს მეტროს მემანქანეების ყოფა და სოციალური მდგომარეობაც.

მე არ ვარ უფლებამოსილი პირი, რომ კონკრეტულ ციფრებზე ვისაუბრო, ვინაიდან მაქვს მანდატი მხოლოდ ჩვენი წევრი ორგანიზაციების, მაგრამ სულაც არ მინდა ერთი კომპანიის თანამშრომლები გარკვეულ დაპირისპირებაში იყვნენ და ეს დაპირისპირება ღრმავდებოდეს. ვფიქრობ, რომ პროფკავშირების გაერთიანებას მაღალი პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება მოეთხოვება და სწორედ ამიტომ ვაყენებ საკითხს ამგვარად. არიან თუ არა ისინი ჩვენი წევრები, ისინიც დასაქმებულები, აქედან გამომდინარე ჩვენი დები და ძმები არიან და ამიტომ მათ სოციალურ კეთილდღეობაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, მოსწონთ თუ არ მოსწონთ ეს ჩვენს წევრებს. მესმის, რომ გარკვეული კრიტიკა დავიმსახურე ამის გამო ჩვენი წევრების მხრიდან, მაგრამ ეს არის გაერთიანების ხელმძღვანელობის მიერ ქალაქის მერის წინაშე დაყენებული პოზიცია და მჯერა რომ ეს პოზიცია სწორია.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ქალაქის მერმა ექსკლუზიური ინფორმაცია მოგვაწოდა და ყვითელი “ბოგდანები”ს თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების საკითხი უახლოეს მომავალში თავიდან ბოლომდე დარეგულირდება, დედაქალაქის ავტოპარკი უახლოეს თვეებში განახლდება და ერთის მხრივ აღმოფხვრის ხელფასებს შორის არსებულ განსხვავებაც, რომელიც დღეს ე.წ ყვითელი და ე.წ ლურჯი ავტობუსების მძღოლების შორისაა და ამავე დროს დედაქალაქის მაცხოვრებლები და სტუმრები ახალი თანამედროვე ავტობუსებით ისარგებლებენ.

პირადად ჩემგან და დასაქმებულების სახელით მადლობა გადავუხადე ქალაქის მერს მშენებლობებზე შემოღებული რეგულაციებისათვის, რომლის შედეგიცაა მშენებლობის სფეროში უბედური შემთხვევების შემცირების მკვეთრი დინამიკა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის შემოღებამ, როგორც ამას გარკვეული ჯგუფები პროგნოზირებდნენ კი არ დააზარალა ბიზნესი, არამედ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული რეგულაცია მალე ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close