გვარი- კვარაცხელია, საქართველოში გავრცელებულ გვარებს შორის მე-6 ადგილს იკავებს. საქართველოში 13 ათასზე მეტი კვარაცხელია ცხოვრობს. გვარის წარმოშობა უამრავ ისტორიასა თუ ლეგენდასთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ვერსიით, ოდესღაც, ზემო სვანეთიდან ჩამოსულა კვარაცხელიათა წინაპარი ზემო სამეგრელოში, სოფელ ჯგალში. ამასაც ამბობენ, კვარას ციხის მეციხოვნე ყოფილაო პირველი კვარაცხელია. ეს მხოლოდ ზეპირი გადმოცემებია.

მეორე ვერსიით გვარს საფუძვლად უდევს (მეგრულ-ჭანური) ტომის კორაქსების, კორაელების, კორას სახელი. ეს ტომი წერილობით წყაროებში იხსენიება ჩვენს წელთააღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში. კოლას ხალხის როგორც დამპყრობლის სახელი მეგრულში შემორჩა როგორც მწარის, შხამის აღმნიშვნელი. მეგრულში კოლა ანუ კოლო მწარეს, შხამა-შხამკოლას ნიშნავს.

ყველაზე საინტერესო ლეგენდა, გვარის წარმოშობისა, თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული: ერთხელ თამარ მეფე თავისი ამალით სვანეთიდან მოდიოდა. წინ დახვდნენ ორ მწკრივად მდგარი მეომრები, რომლებიც მეფეს გზას უნათებდნენ ანთებული კვარებით (კვარი ნაძვის ტოტია, რომელიც კარგად იწვის) მეფე ჩამოქვეითდა ცხენიდან, მიუახლოვდა ერთ წარმოსადეგ ვაჟკაცს და ხელი გაუწოდა. მან თავი დახარა მეფის წინაშე და კვარი გადასცა. მეფემ გამოართვა კვარი, მაგრამ მისმა ნაზმა ხელებმა ვერ გაუძლო ანთებული კვარის სიმხურვალეს და გაუვარდა – ამ ვაჟკაცმა კვარი ჰაერში დაიჭირა, მაშინ თამარმა თქვა „კვარი ცხელია“ და მისცა ვაჟკაცს კვარაცხელიას გვარი.

და მაინც კვარაცხელიების გვარის სათავე და შორეული წარსული ბურუსით არის მოცული. ზეპირი გადმოცემის მიხედვით, მისი უძველესი წინაპარი წალენჯიხის ლაკადისპირა სოფლებში – ჯგალსა და ნაკიფუში დასახლებულა. როდის მოხდა ეს კაცმა არ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ აქ, სამეგელოს ამ თვალწარმტაც ადგილებში დაირწა გვარის აკვანი. აქედან დაიწყო მისი ისტორია და სამომავლო სვლა. ღვთითკურთხეული გვარი – კვარაცხელია დღეს საქვეყნოდ არის ცნობილი.

თაკო კვარაცხელია

პ.ს. გამოგვიგზავნეთ თქვენი გვარის ისტორია და ჩვენ გამოვაქვეყნებთ მას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი