SHARE

ბიზნესმენი, ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე, თამაზ ელიზბარაშვილი ტელეკომპანია „იმედს“ და ჟურნალისტ ნანა ლეჟავას ღია წერილით მიმართავს.
„ტელეკომპანია „იმედმა“ და მისმა ჟურნალისტმა, ნანა ლეჟავამ ჩემი პატივი და ღირსება შელახა! „თამაზ ელიზბარაშვილს რომ მილიონნახევარი მისცეს, რატომ არ გააპროტესტეთ?“ – ჰკითხა „იმედის“ ეთერში ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის თბილისის მერიიდან გადარიცხული მილიონის საკითხზე საუბრისას.
მივმართავ ტელეკომპანია „იმედს“ და მის ჟურნალისტს, ნანა ლეჟავას! როგორც ჩანს, თქვენ შეცდომაში თბილისის მერიამ შეგიყვანათ, თორემ ჩემს საქმეს და ქონებას მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისას არ შეადარებდით! რადგან არ იცით, მოგახსენებთ, რომ სვანიძის ქუჩაზე 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურდა ჩემი კუთვნილი ქონება, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 14 სექტემბრის N0054338015 დასკვნით, შეფასდა 1 476 000 ლარად. ამ შეფასებას არ ვეთანხმებოდი, რადგან ჩემი ქონება გაცილებით მეტი ღირდა, მაგრამ დავთანხმდი, რადგან გავითვალისწინე ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს უჭირდა.
სვანიძის ქუჩაზე ამ ტერიტორიის შესასყიდათ, თავის დროზე 200 000 დოლარი გადავიხადე. 2 2000 კვ. მეტრის ტერიტორიაზე ავაშენე საცხოვრებელი სახლი, ასევე მოვაწყე ოთახები და ვოლიერები მიუსაფარი და დაავადებული ცხოველების რეაბილიტაციისთვის. ამავე ტერიტორიაზე ავაშენე შენობა და იქ მოვაწყე ევროპული დონის კინოდარბაზი, სადაც სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და საერთოდ ყველას სრულიად უფასოდ ვუჩვენებდით ფილმებს ცხოველებზე. ასეთ ქველმოქმედებას ვეწეოდი ჩემს კერძო საკუთრებაში და იქიდან ერთი თეთრის შემოსავალი არ მქონია. პირიქით, ადამიანებისა და ცხოველებისთვის ჩემი ჯიბიდან ვხარჯავდი ფულს.
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონით, კომპენსაციის სახით მეკუთვნოდა სრული თანხა – 1 476 000 ლარი, რომელიც ისედაც ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ჩემი ქონება. სახელმწიფომ ფულის მაგივრად მიწის ნაკვეთები შემომთავაზა. გადმომეცა 2 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ღირებულება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებულია 1 022 791 ათას ლარად. დანარჩენი თანხა, 453 000 ლარი ჩამერიცხა საბანკო ანგარიშზე.
2015 წლის 25 დეკემბერს ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოსა და ჩვენს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გადმოგვცეს ქ. თბილისში კაიროს ქ. N9-ში (აფრიკის დასახლებაში) მდებარე 2083 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობით, რომლის საორიენტაიო ღირებულებაა 267 197 ლარი და ასევე გადმოგვეცა ქ. თბილისში დიდი დიღომის მე-3 მიკრორაიონში, N31 კორპუსის მიმდებარედ 4 566 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომლის საორიენტაციო ღირებულებად დაფიქსირებულია 755 594 ლარი.
კაიროს ქუჩაზე, კომპენსაციის მაგივრად გამოყოფილ ფართზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ძაღლთა თვშესაფარი ისევ ჩემი ფინანსებით გავაკეთე. დიდ ინვესტიციას ვდებ საკუთარი ჯიბიდან, რომ ცივილური ერის სახელი გვქონდეს. ამ ქველმოქმედებისთვის არასოდეს არც ერთი თეთრი არ მიმიღია არც სახელმწიფოსგან და არც გრანტი რომელიმე ორგანიზაციისგან. უამრავი უცხოური ტელეკომპანია აკეთებს ჩვენს თავშესაფარზე სიუჟეტს, რომ მე სტიქიიდან, 2015 წლის 13 ივნისიდან ერთ წელში შეუძლებელი შევძელი და სვანიძის ქუჩაზე განადგურებული ევროსტანდარტების თავშესაფრის ნაცვლად, დღეს ისევ ერთადერთი საუკეთესო ცხოველთა თავშესაფარი გვაქვს საქართველოში. ონლაინრეჟიმში გვაქვს კამერები ჩართული და მთელი მსოფლიო გვიყურებს. მე, ერთმა კაცმა შევძელი ის, რაც ვერ შეძლო საქართველოს მთავრობამ! მე აღვადგინე მიწასთან გასწორებული თავშესაფარი, დავაბინავე სტიქიას გადარჩენილი ცხოველები და ვაგრძელებ ქველმოქმედებას. მთავრობამ კი ამ დრომდე ვერ უზრუნველყო სტიქიას გადარჩენილი 12 ოჯახისთვის კომპენსაციის მიცემა და ისინი ამ დრომდე ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები.
თბილისის მერიამ მწარედ მომატყუა! მიწის ნაკვეთი, რომელიც დიდ დიღომში გამომიყვეს, ბევრად ნაკლები ღირს, ვიდრე მე მიანგარიშეს. სანამ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ცხოველთა თავშესაფარს თავიდან მოვაწყობდი, თბილისის მერიას მივმართე და მივწერე, რომ ახალი თავშესაფრის კეთილმოსაწყობად მესაჭიროებოდა ფინანსები, რადგან მათ მიერ ჩარიცხული 453 ათასი ლარი და კიდევ ერთი ამდენი სრულად მქონდა დახარჯული ამ თავშესაფრისთვის. მერიას ვწერდი, საუკეთესო გამოსავალი მოვიფიქრე სახელმწიფოსთვისაც და ჩემთვისაც და გთხოვთ, თქვენს მიერ ჩვენთვის დიდი დიღმის ტერიტორიაზე ჩემი ქონების სანაცვლოდ გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უკან დაიბრუნოთ და 755 594 ლარის ნაცვლად გადმომცეთ 500 000 ლარი, შედეგად, სახელმწიფო მიიღებს 255 594 ლარის სარგებელს-მეთქი, მაგრამ თბილისი მერიამ მომწერა, ეგ ტერიტორია უკვე თქვენი კერძო საკუთრებაა და ჩვენ მისით დაინტერესებულნი არ ვართო.
ძვირფასო ნანა ლეჟავა! უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობ დიდ დიღომში, სახელმწიფოს მიერ ჩემთვის გადმოცემული მიწა იმაზე ბევრად ნაკლებ ფასად გავყიდო, ვიდრე მიანგარიშეს, მაგრამ ამაოდ. მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახი კი, რომელსაც ადვოკატად დაუდექით, ქველმოქმედებას ეწეოდა ან რაიმე შენობა ჰქონდა იმ ადგილას, რომლის სანაცვლოდაც მილიონიანი კომპენსაცია მიიღო?! ჩემი ქონების სანაცვლოდ მოცემულ კომპენსაციას, ვერავინ გააპროტესტებდა და ვერც გააპროტესტებს! მე, ქველმოქმედ ადამიანს იმის ნახევარი მომცეს, რაც რეალურად მეკუთვნოდა და ნაზღაიძის ოჯახს მხოლოდ მიწაში, რომელიც თურმე მისი კი არა, ბანკის საკუთრება იყო, საბურთალოზე მისცეს მიწა, რომლის ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე თბილისის მერიამ უანგარიშა! ნაზღაიძეებმა მისწერეს მერიას, შენი ჭირიმე, წაიღე შენი მოცემული და იმის ნახევარი მომეციო? არა, რადგან ჩემგან განსხვავებით მიწა, რომელიც მას მისცეს გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე შეფასდა!
ქალბატონო ნანა, თუ თქვენ დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტი ხართ, გამოასწორეთ თქვენი შეცდომა და ის შეურაფხყოფა, რაც მე მომაყენეთ. მოვითხოვ, განაცხადოთ ამ ყველაფრის შესახებ პირდაპირ ეთერში ან მე თავად მათქმევინოთ ჩემი სიტყვა! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლი, რომ ამ ტელეკომპანიის მიერ შეგნებულად ხდება ჩემი, როგორც ქველმოქმედი კაცის, ღირსების შელახვა!
პატივისცემით, თამაზ ელიზბარაშვილი” – ნათქვამია თამაზ ელიზბარაშვილის ღია წერილში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...

LEAVE A REPLY