ბიზნესმენმა, ქველმოქმედმა და “სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის” თავმჯდომარემ, თამაზ ელიზბარაშვილმა თბილისის მერს, დავით ნარმანიას და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მამუკა ბახტაძეს განცხადებებით მიმართა.

საქმე იმაშია, რომ კაიროს ქუჩაზე, სადაც სვანიძის ქუჩაზე 13-14 ივნისის სტიქიისას განადგურებული ცხოველთა თავშესაფრის ნაცვლად გამოყოფილ ფართზე, თამაზ ელიზბარაშვილმა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ცხოველთა თავშესაფარი გააკეთა, დიდი პრობლემებია. კაიროს ქუჩაზე, ცხოველთა თავშესაფართან მისასვლელი გზაზე საშინელი ანტისანიტარია იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისე თავშესაფრის სტუმრებს. ეს ტერიტორია თბილისის მერიისა და საქართველოს რკინიგზის საკუთრებაა. ამ ორ უწყებასთან შეთანხმებით, ბატონმა თამაზ ელიზბარაშვილმა ქუჩა გაასუფთავა და ანტისანიტარიის მხრივ იქ საფრთხე აღარ არსებობს, თუმცა იქვე ჩამოედინება წყლის არხი, რომლის სიღრმეც დაახლოებით ერთი მეტრია და იქ ბავშვებისა თუ მოზრდილების ჩავარდნის ალბათობა ძალიან დიდია.

,,ვაკეში, სვანიძის ქუჩაზე, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიისგან განადგურებული ჩემი კერძო საკუთრების სანაცვლოდ, სადაც საცხოვრებელ სახლთან ერთად თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი ძაღლების თავშესაფარიც მქონდა მოწყობილი, სახელმწიფომ გამომიყო ფართი კაიროს ქუჩაზე, N9-ში, სადაც გადავედი საცხოვრებლად და იქვე მოვაწყე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ცხოველთა თავშესაფარი. თავშესაფარში უამრავი ადამიანი მოდის და, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, უცხოელები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები… მე კი დიდი სურვილი მაქვს, თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი ცხოველთა თავშესაფრის გარშემო არსებული ტერიტორიაც ისეთივე სუფთა და საინტერესო იყოს იქ მომსვლელთათვის, როგორც თავად ეს თავშესაფარია.

თავშესაფრის მიმდებარედ მდებარე ტერიტორიაზე, სადაც წყლის არხი ჩამოედინება და რომლის სიღრმეც დაახლოებით ერთი მეტრია.   აუცილებელია დამცავი მოაჯირის გაკეთება, რადგან  იქ ბავშვებისა თუ მოზრდილების ჩავარდნის ალბათობა ძალიან დიდია. წყალი ძალიან სწრაფად მოედინება, ჯებირიც ძალიან ციცაბოა და არავინ იცის, ადამიანის ჩავარდნის შემთხვევაში რა უბედურება შეიძლება დატრიალდეს. მით უმეტეს, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ჩვენს თავშესაფარს სტუმრობენ, ძალიან ცელქები გახლავთ და ჩემი შიში შიეძლება ნებისმიერ წუთს გამართლდეს.

აღნიშნულ წყლის არხში  სისტემატიურად ხდება ნაშალი მიწისა და ქვების ჩადინება, რაც ასევე საფრთხეს ქმნის. ქვითა და მიწით სავსე არხი, უხვი ნალექის შემთხვევაში, ტბორავს გარშემო არსებულ ტერიტორიას. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მსგავს შემთხვევას რამოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი. წყალს ხშირად დაუტბორავს ის ტერიტორია, სადაც ახლა ჩემი საცხოვრებელი და ცხოველთა თავშესაფარია. აქაურობა თუ არ კეთილმოეწყო ისე, რომ არხში მიწა და ქვა აღარ ჩაიყაროს, ნგრევა და მსხვერპლი  გარდაუვალი იქნება.

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო მწერს, რომ ჩემს განცხადებას მხოლოდ მას მერე განიხილავენ, რაც უამრავ საბუთს, ნებართვას თუ ნახაზს შევაგროვებ ამ კეთილი საქმის განსახორციელებლად… ბავშვების სიცოცხლე კი,  რომლებიც ჩემს  ცხოველთა თავშესაფარში მოდიან, საფრთხეშია!

ბატონო დავით, მანამ, სანამ ამდენ საბუთს შევაგროვებ, რამდენიც თქვენს განაცხადშია მოთხოვნილი და თბილისის მერიაში უამრავ ბიუროკრატიულ შეჯახებას გადავიტან, შესაძლოა ვინმეს ჯანმრთელობა დაუზიანდეს ან სულაც გაქრეს სიცოცხლე. როცა მყისიერად არის გადაწყვეტილება მისაღები, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ და ხელის შეშლის მაგივრად გვერდით უნდა დამიდგეთ! ამიტომ, გაცნობებთ, რომ მე ვიწყებ მოაჯირის გაკეთებას კაიროს ქუჩაზე საკუთარი ხრჯებით იმ ადგილას, სადაც ბავშვები დარბიან და მათი სწრაფი წყლის არხში ჩავარდნის საშიშროებაა. ამის გამო მზად ვარ, სასამართლოშიც ვიდავო, რადგან რეალურად ვხედავ საშიშროებას, რომელიც სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი! თუ ხელს შემიშლით, ვითხოვ წერილობით დადასტურებას, რომ თავად იღებთ პასუხისმგებლობას თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრაგედია დატრიალდება!” – აღნიშნულია თბილისის მერისადმი გაგზავნილ წერილში.

“ბატონო მამუკა, რკინიგზის ლიანდაგების მარცხენა მხარეს დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ბეტონია დასხმული – ჯებირი ამაღლებულია, რაც წყლის ადიდების შემთხვევაში რკინიგზის რელსებს დატბორვისგან იცავს. აუცილებელია, მეორე მხარესაც იგივე სახის ჯებირი გაკეთდეს, რათაადამიანების სიცოცხლე და ასევე, ჩემი ცხოველთა თავშესაფარი დატბორვისა და განადგურებისაგან ვიხსნა. რადგან ამ ტერიტორიის ნაწილი საქართველოს რკინიგზის საკუთრებაა და ნაწილი – თბილისის მერიის, გთხოვთ, ან თქვენ ერთობლივად გააკეთოთ დამცავი ჯებირი აღნიშნულ ადგილზე, ან მე მომცეთ უფლება, თავად გავაკეთო, რათა შევძლოთ იმ საფრთხეების თავიდან აცილება, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ” – წერია განცხადებაში, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელს გაუგზავნა.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი